ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
* ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია

Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის სიმბოლურ პირველი ტურის ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ლიგა განახლდა და პირველი თერთმეტეული ჩვენი ვერსიით ასე გამოიყურება:

ომარ მიგინეიშვილი - ვეტერანი მეკარე შესანიშნავ ფორმაშია, "ლოკომოტივთან" მატჩში მეორე ტაიმში სამი ძალიან მნიშვნელოვანი სეივი გააკეთა: ჯერ დავითაშვილის დარტყმული მოიგერია, შემდეგ არველაძის თავური და ბოლოს დავით ჯიქიას შორეული დარტყმაც, რითიც თბილისელებს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და ის ერთადერთი გოლიც პენალტით გაუშვა.

ანზორ სუხიაშვილი - გორელთა ახალწვეული აქამდე ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავდა და თავისი ახალი
გუნდის სადებიუტო მატჩში თავი მშვენივრად წარმოაჩინა. ხშირად ცდილობდა ფლანგიდან შეტევების გამწვავებას და ცენტრალურ მცველებსაც ეხმარებოდა.

ალბერტ ცხოვრებოვი - რუსი ფეხბურთელი მშვენივრად გამოიყურებოდა "დინამოს" წინააღმდეგ, არ ერიდებოდა ორთაბრძოლებს და თბილისელთა ახალგაზრდა შემტევებს გასაქანს არ აძლევდა.

ნოდარ იაშვილი - "საბურთალოს" მცველი პირველი გოლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, ზუსტი პასი გაუკეთა გრიგალაშვილს, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. ასევე, იაშვილი სტაბილური იყო დაცვაში და კარგად გამოიყურებოდა.

ამოს ნონდი - გორელებს ირაკლი ძარიას გარეშე მოსალოდნელი იყო, რომ ცენტრში გაუჭირდებოდათ, თუმცა ურიგოდ არ უასპარეზია 19 წლის კენიელს, რომელიც ამ ზამთარს "კოლხეთიდან" დაიმატეს. ის როგორც შავ სამუშაოს ასრულებდა, ამავდროულად, შეტევებსაც მშვენივრად იწყებდა.  ის რად ღირს, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი შეტევა კენიელის წამოწყებული იყო და ერთი ფანცულაიამ გოლით დააგვირგვინა.

მათე კვირკვია - "ტორპედოდან" "რუსთავში" გადაბარგებული კვირკვია საუკეთესო იყო "დინამოსთან" დაპირისპირებაში. 21 წლის ნახევარმცველმა ამ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა და პენალტიც მოიპოვა, რის ხარჯზეც გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

ირაკლი ბუღრიძე - 20 წლის ნიჭიერმა ფეხბურთელმა თავი სუპერთასიდან დაგვამახსოვრა. "კოლხეთთან" მატჩში ორი საგოლე გადაცემითა და გოლით გამოიჩინა თავი, ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეტევა შექმნა და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, დუბლის ავტორი გახდებოდა.

გრიგოლ დოლიძე - 35 წლის ვეტერანი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია ეროვნულ ლიგაში. მისი შეჩერება ქართული კლუბების მცველებთაგან თითქმის ყველას უჭირს. დოლიძემ ორი ისეთი გოლი გაიტანა, მარტო ამის გამო იმსახურებდა ამ მატჩიდან გამარჯვებულის სტატუსით წასვლას, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

დავით ვოლკოვი - შეცვლაზე შემოსულმა ვოლკოვმა მატჩის სცენარი შეცვალა. თბილისელთა შემტევმა ბოლნისელ მცველებს უამრავი თავსატეხი გაუჩინა და შეხვედრის დასრულებამდე ბოლო 12 წუთში დუბლითაც დაამწუხრა.

გიორგი გაბედავა - ჰეთ-თრიკი და საგოლე გადაცემა, ეს თავდამსხმელისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. გაბედავას ფოთელები ვერ აჩერებდნენ, ის ყველგან იყო, სადაც ბურთი ჩნდებოდა და შეტევა იქმნებოდა.

გიორგი ფანცულაია - "ტორპედოს" კარში დუბლის ავტორი, ძალიან კარგად ეხსნებოდა ნახევარმცველებს და კარგადაც პოზიციონირებდა რის შედეგადაც დავით რაჟამაშვილის და ნოდარ ქავთარაძის პასებს ზუსტად დაუხვდა, შედეგად კი მის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ტურის მწვრთნელი - გიორგი დარასელია: სრულიად ახალი გუნდით, რომელიც შეთამაშებული არ არის და დაუპირისპირდე კარგად დაკომპლექტებულ ქვეყნის ჩემპიონ "ტორპედოს" მისსავე მოედანზე, არ არის მარტივი საქმე. ნათქვამია, მწვრთნელის ხარისხი მეორე ტაიმით იზომებაო და ამ შემთხვევაშიც, სწორი ტაქტიკითა და მიდგომით გორელებმა პირველი 3 ქულა შინ წაიღეს. ამიტომ პირველი ტურის საუკეთესო მწვრთნელად დარასელია გამოვარჩიეთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გუადა ვინ გაკლდა აბა? ერთი ვაგნერი რატომ არ არის ეგ გამიკვირდა და რაჟამაშვილი. დალშე კარგი სიმბოლურია.
sxart
22:21 07-03-2018
0
გალაქტიონ ესაკია :

ომარ მიგინეიშვილი - ვეტერანი მეკარე შესანიშნავ ფორმაშია, "ლოკომოტივთან" მატჩში მეორე ტაიმში სამი ძალიან მნიშვნელოვანი '''''''''''''სეივი'''''''''' გააკეთა: სიტყვა '''''''''''მოგერიება''''''''' არ გისწავლია ადამიანო სკოლაში?რა აკვიატებული გაქვთ ეს სეივი ანუ შენახვა? თუ ქართული ენის დამახინჯების კურსები გაქვს სპეციალურად დამთავრებული?
Guadua
16:00 07-03-2018
1

სიახლეები პოპულარული