"ვიფიქრე, ნაცნობ გუნდში დაბრუნებით შეიძლება ყველაფერი დალაგდეს-მეთქი"

AutoSharing Option
ლუკა ლოჩოშვილი გასულ წელს კიევის "დინამოში" გადაბარგდა. ახალგაზრდა მცველმა უკრაინულ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თუმცა, სამწუხაროდ, ლოჩოშვილს ტრავმების გამო თავისი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ მიეცა.

როგორც მან თავად გვითხრა, მისივე ინიციატივით, ის სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "დინამო თბილისში" ითამაშებს.

ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ Sportall.ge 19 წლის მცველს ესაუბრა.

- რა ხდება თქვენს ტრანსფერთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, "დინამო თბილისში" აპირებდით დაბრუნებას...
- "დინამოში" ზაფხულამდე იჯარის წესით დავბრუნდი. პირველადი შეთანხმებით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ზაფხულში ისევ უკან დავბრუნდები.

-
კლუბმა შემოგთავაზათ დაბრუნება?

- არა, ჩემი სურვილი იყო დაბრუნება. რა თქმა უნდა, კლუბიც დამეხმარა ამაში და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რომან ფიფიას.

- რატომ ვერ განვითარდა თქვენი კარიერა კარგად კიევის "დინამოში"?
- უბრალოდ, არ გამიმართლა... მოგეხსენებათ, ტრავმიანი წავედი და არ მითამაშია ნორმალურად. ვარჯიშიც ვერ დავიწყე ამ ტრავმის გამო, რადგან როგორც კი ვარჯიშს ვიწყებდი, მაშინვე ტრავმა მაწუხებდა.

აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა და ვიფიქრე, ნაცნობ გუნდში დაბრუნებით შეიძლება ყველაფერი დალაგდეს-მეთქი.

სათამაშო პრაქტიკა მჭირდება. 6 თვეა არ მითამაშია... მოკლედ, ძალიან არ გამიმართლა, მაგრამ ყველა ჩავარდნას რაღაც კარგი მოჰყვება და მჯერა, ამ პერიოდს ავინაზღაურებ.

- კიევის "დინამოსთან" რომელ წლამდე გაკავშირებთ კონტრაქტი?
- კიევის "დინამოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი მაქვს და მათ ჩემი ძალიან დიდი იმედი აქვთ. უბრალოდ, ტრავმამ ხელი შემიშალა ჩანაფიქრების განხორციელებაში.

უბრალოდ, გული დამწყდა, ასეთ მნიშვნელოვან დროს ტრავმამ რომ არ მომცა საშუალება, შესაძლებლობები წარმომეჩინა.

ყველაფერი წინაა და ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ ყურები ჩამოვყარო. ამაზე დიდი იმედგაცრუებებიც ხდება. მთავარია, პოზიტიურად ვიყო განწყობილი.

- გასაგებია, ტრავმები გქონდათ, მაგრამ კიევში გატარებულ პერიოდში რაიმე პოზიტიურს და საქართველოსთან განსხვავებასაც დაინახავდით...
- პირველ რიგში, რეჟიმში ვიყავი და მარტო ცხოვრებამაც ბევრი რამ მასწავლა პროფესიონალური თვალსაზრისით.

როგორც უკვე გითხარით, ტრავმამ არ მომცა საშუალება ვარჯიშის და თამაშის. აქედან გამომდინარე, ტაქტიკურად ისეთი არაფერი შემიძენია.

რაც დავინახე, ფიზიკურ მომზადებაში სხვაობა ძალიან დიდია. უკრაინაში ყველა დარბის... აქცენტი ფიზიკასა და სწრაფ ტემპზე კეთდება. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ორთაბრძოლებს.

- დაბრუნების შემდეგ რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოს ჩემპიონატზე, რაიმე სხვაობას თუ ხედავთ?
- ჯერ ძირეულად არ მიყურებია თამაშებისთვის, მაგრამ ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ თამაშები ბუნებრივსაფარიან მოედანზე ჩატარდება.

ძალიან კარგია, რომ გასვლით მატჩებში ცუდ მოედნებზე აღარ ვიასპარეზებთ.

- როდესაც "დინამო თბილისი" დატოვეთ, მაშინ ის სხვა გუნდი იყო და ახლა თითქმის სხვა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული...
- მაშინაც ახალგაზრდული ვიყავით და ახლაც ასეა. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი ვიყავით და ის ბირთვი რომ დარჩენილიყო, მესამე წრეში უკვე ჩემპიონები ვიქნებოდით.

ამჯერადაც ვფიქრობ, რომ "დინამოში" ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელების და უკვე გამოცდილი მოთამაშეების ნაზავი შეიკრა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "დინამო" მაშინაც კარგი გუნდი იყო და წელსაც ასე იქნება.

- როდესაც "დინამოდან" წახვედით, განაცხადეთ, რომ საუბარი სხვა გუნდებზეც მიდიოდა, გარდა კიევური კლუბისა...
- იყო ბევრი გუნდი ევროპიდან, მაგრამ ყველაფერი ევროპის ჩემპიონატზე იყო დამოკიდებული. სამწუხაროდ, ტრავმამ გამომატოვებინა ევროპის ჩემპიონატი...

იმის მერეც დამიკავშირდებოდნენ ალბათ, მაგრამ როდესაც კიევის "დინამო" გამოჩნდა, ბევრი აღარ მიფიქრია.

- ხშირად მიდის საუბარი, რომ ფეხბურთელები ახალგაზრდულ ასაკში საზღვარგარეთ არ უნდა მიდიოდნენ...
- არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას... რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ ასაკში ფეხბურთელისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, მაგრამ როდესაც გეძლევა შანსი, შესაძლებლობები მოსინჯო სხვა ეტაპზე და უფრო დიდი განვითარების შანსი გაქვს, რატომაც არა...

ჩემი აზრით, ამბიციური თუ არ ხარ, ვერაფერს მიაღწევ. თუ რაიმე შემოთავაზება გაქვს, ე.ი. ეს დაიმსახურე.

დღევანდელი ჩვენი რეალობიდან ასეა. თუ რატომ ვერ თამაშობს ფეხბურთელი კონკრეტულ გუნდში, ეს უკვე თავის თავში უნდა ეძებოს.

კიევის "დინამოში" რომ ჩავედი, ერთი სული მქონდა, ჩემს შესაძლებლობებს როდის წარმოვაჩენდი.

- რა არის ლუკა ლოჩოშვილის სამომავლო მიზანი?
- ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მალე აღვიდგინო სათამაშო ფორმა და ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში მქონდეს. ტრავმებმა ძალიან გამაწვალა და ეტაპობრივად, წინსვლა და განვითარება კარგი იქნება.

ჯერ ყველაფერი წინ მაქვს... მთავარი მიზანი გამაჩნია, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო და ქვეყანა წარმოვაჩინო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა, რომ გამომივა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული