29 წლის ფეხბურთელი ქართულ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, კარიერის განმავლობაში კი მილანის "ინტერშიც" კი ირიცხებოდა.
ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს მონტენეგროელი მცველის ცხოვრება მოედანს მიღმა.
- როგორია თქვენი ცხოვრება საქართველოში?
- ჩემი ცხოვრება ფეხბურთია, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ოჯახი.
- როგორ შეეგუეთ ჩვენს ქვეყანას?
- ადვილად, იმიტომ, რომ აქ ჩემი ქვეყნის მსგავსი ცხოვრებაა.
- სად ცხოვრობთ, სამტრედიაში თუ თბილისში?
- ამჟამად ჩემს ოჯახთან
- როდესაც "ინტერში" ირიცხებოდით, გუნდის მწვრთნელი რობერტო მანჩინი იყო. რას გვეტყოდით მის შესახებ?
- იმ დროს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ამიტომ მწვრთნელს არცთუ ისე ბევრს ვესაუბრებოდი. მას ძალიან ბევრს ვუსმენდი და მანჩინის ჩემთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.
- რა მოგეწონათ ყველაზე მეტად საქართველოში?
- ყველაზე მეტად საჭმელი მომეწონა. გამოვარჩევდი - ხინკალსა და ხაჭაპურს.
- საქართველო თუ დაათვალიერეთ?
- სამწუხაროდ, ამისთვის დრო არ მქონდა, მაგრამ ამას ნამდვილად ვაპირებ.
- რა შეგიძლია გვითხრათ ქართველი ხალხის შესახებ?
- ქართველებს ძალიან კარგი და მეგობრული ხალხი გყავთ.
- თუ ისწავლეთ რამდენიმე ქართული სიტყვა?
- სამწუხაროდ, არა... ქართული ჩემთვის ძალიან რთულია, ამიტომ იტალიურად და ინგლისურად ვსაუბრობ.
- გუნდში რაიმე ზედმეტსახელი თუ გაქვთ?
- არა (იცინის). ყველა ივანს მეძახის.
- ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
- მადრიდის "რეალი".
- თქვენი საყვარელი გუნდი რომელია?
- რომის "ლაციო".
- რატომ?
- აქ ორი ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი - სინიშა მიხაილოვიჩი და დეიან სტანკოვიჩი თამაშობდა.
- რა გსმენიათ ქართველი ლეგენდის, კახი კალაძის შესახებ, რომელიც სამტრედიელია?
- ვიცი, რომ ის იტალიაში თამაშობდა და მის შესახებ ბევრი მსმენია. სამწუხაროდ, შეხვედრის საშუალება არ მომცემია.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი ოჯახის შესახებ?
- ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ის ჩემთვის პირველიცაა და უკანასკნელიც.
- რა არის ივან ფატიჩის ამბიცია?
- ჩემი მიზანია, ვითამაშო კარგი ფეხბურთი. მთელი ჩემი ოჯახი ფეხბურთს თამაშობდა და სხვა უფლება არც მაქვს.
- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში ცხოვრებაზე თუ დაფიქრდებოდით?
- ეს, პირველ რიგში, ღმერთის ნებაა. ის გადაწყვეტს, თუ სად ვიცხოვრებ მე. არ მინდა, ვიფიქრო, რა იქნება ხვალ თუ ზეგ, ვცხოვრობ დღევანდელი დღით.
- რომელიმე ქართული სიტყვა თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რაც განსაკუთრებით გეუცნაურათ?
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველა სიტყვა უცნაურია და ვერცერთს გამოვარჩევდი (იცინის).
- ვინ არიან თქვენი ფავორიტი მცველები?
- სინიშა მიხაილოვიჩი და ფილიპ მექსესი. ისინი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ და თავიანთ მაქსიმუმს აკეთებდნენ.
- თუ ფეხბურთელი არ იქნებოდით, სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი... მაგრამ ალბათ, ისიც კავშირში სპორტთან იქნებოდა.
- რომელი იყო თქვენი კარიერის ყველაზე ემოციური თამაში?
- პირველად, როდესაც სერია ა-ში ვითამაშე.
- ვინ არის ყველაზე სახიფათო და ძლიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც გითამაშიათ?
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი მარკო მატერაცია.
- ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
- ეს ხავიერ პასტორეა, როდესაც ის "პალერმოში" ირიცხებოდა.
- რომელია თქვენი საყვარელი ფილმი?
- "გლადიატორი".
- როგორ მუსიკას უსმენთ?
- თამაშის დაწყებამდე მხოლოდ სერბული მუსიკა მაქვს ჩართული.
- რომელი სპორტი მოგწონთ ყველაზე მეტად ფეხბურთის შემდეგ?
- ძალიან მიყვარს ჩოგბურთი, საყვარელი ჩოგბურთელი კი ნოვაკ ჯოკოვიჩია.
▶ 14 კლუბი 10 წელში - ვინ არის "სამტრედიის" ახალწვეული, რომელიც "ინტერში" თამაშობდა
▶ ივან ფატიჩი: თავიდან "სამტრედიას" უარი ვუთხარი, თუმცა შემდეგ...