სოსო ქარდავა - ნუკრი რევიშვილის გაძევების შემდეგ "რუსთავს" მხსნელად მოევლინა. რამდენჯერმე კარგად გაისარჯა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი მოიგერია.
ლუკა ლაკვეხელიანი - ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრაში მარცხენა ფლანგს აკონტროლებდა. ამავდროულად, ორივე გოლი მისი დიდი მონდომებისა და მოქმედების შედეგად გავიდა.
მამუკა კობახიძე - მას შემდეგ, რაც "რუსთავი" 10 კაცით დარჩა, მცველებს საქმე გაურთულდათ. კობახიძე დამაჯერებელი იყო დაცვაში და "დილას" შემტევებს მაქსიმალურად უკეტავდა ზონებს.
გიორგი რეხვიაშვილი - "საბურთალოს" მცველმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, საკმაოდ სტაბილური იყო
ლევან ხარაბაძე - აკაკი შულაიას არყოფნის დროს, ის შემტევ ნახევარმცველად მოგვევლინა და ამ პოზიციასაც თავი საკმაოდ კარგად გაართვა. ამავდროულად, თანაგუნდელებს დაცვაში ეხმარებოდა და ერთი გოლიც მის ანგარიშზეა.
მათე ცინცაძე - "რუსთავი"-"დილას" დაპირისპირების დროს ის საუკეთესო იყო მოედანზე. ახალგაზრდა ნახევარმცველი ნელ-ნელა უბრუნდება იმ ფორმას, რითიც ის წინა სეზონებში ეროვნულ ლიგაში გვამახსოვრებდა თავს. მის ანგარიშზე დუბლია, რამაც კაცნაკლულ გუნდს ქულა მოუტანა.
ნოდარ ქავთარაძე - იმის მიუხედავად, რომ "დილამ" ვერ მოიგო, გორელთა ნახევარმცველმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან გუნდი წაგებისგან იხსნა და შეხვედრის მიწურულს შესანიშნავი გოლით გამოირჩა.
ოთარ კობახიძე - "ლოკომოტივის" შემტევი თავისი დუბლით გუნდს "კოლხეთთან" გამარჯვებაში დაეხმარა და მორიგი სამი ქულა მოაპოვებინა.
ირაკლი ბუღრიძე - იმერული დერბი არცთუ ისე სანახაობრივი გამოდგა, სამტრედიელები თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებულნი, საჩხერელებს კი შეტევები ნაკლებად გამოსდიოდათ. გამოსარჩევი იყო ბუღრიძე, რომელმაც პენალტი მოიპოვა, გიორგი გაბედავამ კი 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.
გიორგი დიასამიძე - "ტორპედოს" ძლევაში "საბურთალოს" ნახევარმცველს დიდი წვლილი მიუძღვის. ის ორივე გოლის მომენტში მონაწილეობდა: პირველ შემთხვევაში ვაგნერ გონსალვეშმა დიასამიძის დარტყმულზე დამატებით გაიტანა გოლი, მეორე შემთხვევაში კი ლაკვეხელიანს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ზაზა ციცქიშვილი - რუსთაველთა შემტევი გორელთა კართან მუდმივად ამწვავებდა სიტუაციას და ქმნიდა სახიფათო მომენტებს. ერთ ასეთ შემთხვევაში კი საგოლე გადაცემის ავტორიც გახდა, როდესაც მათე ცინცაძემ წონასწორობა აღადგინა.
ტურის მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი - "საბურთალო" რომ საჩემპიონო სვლას განაგრძობს, ეს, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. ჭიაბრიშვილმა ჩამოაყალიბა გუნდი, რომელიც არა ერთი-ორი ფეხბურთელით არის გამორჩეული, არამედ შეკრული და ერთიანი კოლექტივია. ნიშანდობლივია, რომ ამ ტურში "საბურთალომ" მოქმედ ჩემპიონს სძლია, რომელმაც წინა წელს გუნდური ერთიანობით მოიპოვა ჩემპიონობა.