გიორგი ჭიაბრიშვილი: ცხრილში "საბურთალოს" პოზიცია ალოგიკურია

AutoSharing Option
ორი წრის დასრულების შემდეგ ეროვნულ ლიგას კვლავინდებურად დედაქალაქური "საბურთალო" ლიდერობს, რომელიც უშუალო კონკურენტ "დინამოს" ხუთი ქულით უსწრებს.

"საბურთალოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა გუნდის მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუ ჩაწერა და მეორე წრის შეჯამება სთხოვა.

- მეორე წრეში უფრო მეტი ქულა მოვიპოვეთ, ვიდრე პირველში. დადებითია ბურთების სხვაობის ბალანსიც. სასიამოვნოა, რომ მეორე წრის დასრულების შემდეგ პირველ ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარია გასული და წინ რთული გზა გველის.

- რა სხვაობები დაინახეთ პირველსა და მეორე წრეებს შორის?
- პირველ წრეში უფრო სანახაობრივ, შემტევ და კომბინაციურ ფეხბურთს
ვთამაშობდით. შემდეგ უკვე მეტოქე კლუბების უმეტესობისგან ვიგრძენი დაცვითი სტილის თამაში. აქედან გამომდინარეა, რომ სანახაობრივმა მხარემ მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ისეთ ლამაზ ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ, რომელსაც "საბურთალო" თამაშობს.

თავდაპირველად, უფრო მარტივად ვიგებდით თამაშებს, მაგრამ მერე და მერე უფრო გართულდა გამარჯვებების მიღწევა. ასევე იყო ბოლო წუთებზე მნიშვნელოვანი წარმატებები, რამაც ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა.

- სეზონის მიმდინარეობისას ბევრი ფიქრობდა, რომ "საბურთალოს" ლიდერობა დროებითი იყო, თუმცა ჩემპიონატის ნახევარი დასრულდა და კვლავინდებურად გათამაშების ცხრილის სათავეში იმყოფებით. ელოდით მოვლენების ასეთ განვითარებას?
- ზოგადად, ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია. სეზონის დაწყების წინ მიზნად ჩემპიონობა არ დაგვიგეგმავს, თუმცა სამეულში მოხვედრა და ევროტურნირებზე ასპარეზობა დავსახეთ.

დასახულ მიზანს ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ თავს და იმედია, ბოლომდე მივიყვანთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ჩემპიონობის შესაძლებლობა იქნება, უარს ვიტყვით.

წინ უფრო რთული მეორე ნახევარი და დიდი ბრძოლები გველის. ეს ყველას გაცნობიერებული გვაქვს და მზად ვართ.

- იყვნენ კლუბები (დინამო, ტორპედო, ჩიხურა), ვისთანაც "საბურთალოს" უსიამოვნო ტრადიციები ჰქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ამ მიმართულებით რა შეიცვალა?
- ჩვენს მეტოქეებს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ, ბევრად დიდი ისტორია აქვთ. პირველ ლიგაში ასპარეზობისას მხოლოდ 2-წლიანი გამოცდილება გვქონდა. იმ დროიდან მოყოლებული ფეხბურთელების ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია. როდესაც ახალგაზრდული კლუბი ხარ, დადებითი შედეგი იშვიათად რომ ვინმესთან ჰქონდეს. შემდეგ, ნელ-ნელა თანაბარ დონეზე დავიწყეთ თამაში, მაგრამ სტაბილურობა გვაკლდა. იყო მატჩები, სადაც კარგად ვთამაშობდით, თუმცა საწადელს ვერ ვაღწევდით. ეს გამოუცდელობის ბრალი იყო.

ახლა კი, გამოცდილებაც გვაქვს, კარგი ტრანსფერები განვახორციელეთ, რისი შედეგიც არის ის, რომ ევროტურნირების საგზურის მოპოვებისთვის ვიბრძვით.

- ახლა სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და ფეხბურთელების უმეტესობა სხვადასხვა კლუბში მიდი-მოდის. თუ გეგმავთ რომელიმე ფეხბურთელის დამატებას?
- კლუბი რა დონეზეც უნდა იყოს, ყოველთვის სჭირდება გაძლიერება. ჩვენ რაც გავაკეთეთ სეზონის დასაწყისში, ახლა აკეთებენ სხვა გუნდები. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა "საბურთალო" იჯარით თუ ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემპიონატის განახლებამდე დავიმატოთ ფეხბურთელები.

- ეროვნულ პირველობაზე პაუზაა გამოცხადებული, მაგრამ ოთხი ქართული კლუბი აგრძელებს მზადებას ევროტურნირებისთვის. გაისად ასეთ მდგომარეობაში შესაძლოა "საბურთალოც" აღმოჩნდეს. შესვენება რომ არ ექნებათ ფეხბურთელებს, ეს ფაქტორი ხელისშემშლელი არ იქნება?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ ფორმატზე იმიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროტურნირებს კლუბები კარგ სათამაშო სპორტულ ფორმაში შეხვედროდნენ და არა იმიტომ, რომ ფეხბურთელების ტრანსფერები განხორციელებულიყო. მომავალში თუ მოვიპოვეთ ევროსარბიელზე თამაშის უფლება, ასე არ შევხვდებით სეზონს. გვეყოლება ორი თანაბარი შემადგენლობა და ძალებს დავაბალანსებთ. ეს არის ჩვენი იდეა, დანარჩენს კი დრო აჩვენებს.

- გათამაშების ცხრილში რა პოზიციებიც უკავიათ კლუბებს, ლოგიკურია?
- ალოგიკურია "საბურთალოს" პოზიცია, რადგან ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრისგან მესმოდა, რომ პირველი ადგილი დროებითი იყო. სასიამოვნოა, რომ ეს დრო ჩვენთვის კარგად გაიწელა.

ალოგიკურია ასევე "ტორპედოს" მეხუთე ადგილი, რადგან მეგონა, რომ ცხრილის ზედა ნაწილში იქნებოდა. ამ გუნდს ჰყავს ერთ-ერთი კვალიფიციური მწვრთნელი, კარგი ფეხბურთელები. ვფიქრობ, რომ იმერლები სამეულისთვის მაინც იბრძოლებენ. მოულოდნელობაა "სამტრედიის" ბოლო ადგილზე ყოფნაც.

- "საბურთალო" როდიდან შეიკრიბება და სად გაივლის მზადებას?
- გუნდი 14 ივლისიდან თბილისში მოემზადება მესამე წრისთვის. უცხოური შეკრების გავლას დასვენება ვარჩიე, რადგანაც ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ. კლუბი მზად იყო, რომ გუნდს შეკრება გაევლო, მაგრამ თავად ვთქვი უარი და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭია წარმატებები, მაგარი კაცი ხარ!!!
მამუკა ჭიკაიძე
03:11 07-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული