თბილისის "საბურთალომ" შეკრება და მეტოქეები დაგეგმა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 2018 წლის ჩემპიონი თბილისის "საბურთალო" ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა.

10 იანვარს, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, გუნდმა "ბენდელაზე" ივარჯიშა. ჩემპიონთა რიგებში პირველად ივარჯიშა ანტე გიმ, რომელმაც "საბურთალოსთან" ხელშეკრულებას 9 იანვარს მოაწერა ხელი.

ასევე, პირველი ვარჯიში იყო მეკარე ომარ მიგინეიშვილისთვისაც, რომელიც კლუბში გასული წლის მიწურულს ჩაირიცხა. საწვრთნელ პროცესში მიიღეს მონაწილეობა "საბურთალო 2"-ის ფეხბურთელებმა - გიორგი გულიაშვილმა და ბექა ხარაიშვილმა. ხსენებული ფეხბურთელები, დიდი ალბათობით, კლუბს პირველ შეკრებაზე წაჰყვებიან.

საბურთალოელები თბილისში 19 იანვრამდე ივარჯიშებენ, შემდეგ კი გეზს თურქეთისკენ აიღებენ, სადაც ორ შეკრებას გაივლიან.

საბოლოოდ,
ცნობილი გახდა იმ მეტოქეების ვინაობა, რომლებიც "საბურთალოს" თურქულ შეკრებაზე დაუპირისპირდებიან.

"ქალაქელები" 24 იანვარს რუმინეთის მეხუთეადგილოსან "ვიტორულს" გაეჯიბრებიან, 28 რიცხვში - სერბეთის ასევე მეხუთეადგილოსან "ნაპრედაკს". ხოლო პირველ შეკრებას 1-ელ თებერვალს მაკედონიის მესამეადგილოსან "რაბოტნიჩკისთან" მატჩით დაასრულებენ.

რაც შეეხება მეორე შეკრებას, "საბურთალო" 9 თებერვალს შვედეთის "სირიუსს" დაუპირისპირდება, 12 რიცხვში - ბოსნიის პირველადგილოსან "სარაევოს", 15 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგის "ახმატს" გაეჯიბრება, ხოლო 18 რიცხვში ყაზახეთის "კაისართან" მოსინჯავს ძალებს.

ორივე შეკრებაზე კლუბს შვიდი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი, თუმცა, შესაძლოა, ადგილზე კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი დაიგეგმოს.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული