ეროვნული ლიგა. IV ტურის წინ: "საბურთალო" "ტორპედოსთან" რევანშის ასაღებად ემზადება

AutoSharing Option
ფოტო: saburtalo.ge

15 მარტს ეროვნული ლიგის მეოთხე ტური იღებს სტარტს. პირველივე შეხვედრა თამამად შეგვიძლია შევაფასოთ ტურის მატჩად, რადგან საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი "საბურთალო" თასისა და სუპერთასის მფლობელ ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება. გუნდები, რომლებიც, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე ერთმანეთის მთავარი კონკურენტები იქნებიან.

საბურთალო-ტორპედო
"საბურთალო" ეროვნული ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელიც ამ დრომდე უდანაკარგოდ ასპარეზობს. თბილისელებმა სამიდან სამი შეხვედრა მოიგეს და ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ.

მათ რიგებში გამორჩეულად ასპარეზობს მონტენეგროელი თავდამსხმელი ოგნიენ როლოვიჩი, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მან ჩატარებულ სამ
შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ყველა მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

როგორც ჩანს, გიორგი ჭიაბრიშვილმა საკუთარი "პაკო ალკასერი" იპოვა და მის გამოყენებას ქუთაისელთა წინააღმდეგაც ეცდება.

რაც შეეხება "ტორპედოს", გასულ ტურში მათი 27-მატჩიანი წაუგებელი სერია ქუთაისში "ლოკომოტივმა" შეწყვიტა, როცა იმერლები 2:0 დაამარცხა.

"ტორპედოს" 6 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

ეს გუნდები ერთმანეთს სეზონის დასაწყისშიც დაუპირისპირდნენ. სუპერთასის შეხვედრაში "ტორპედომ" მერაბ გიგაურის გოლით იმარჯვა. ამიტომ საბურთალოელები რევანშის ასაღებად ემზადებიან.

ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს სულ 11-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც გამარჯვებულები 5-ჯერ "ტორპედოელები" გამოვიდნენ, 3-ჯერ სამი ქულა "საბურთალომ" მოიპოვა, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

შეხვედრა 15 მარტს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.

altგათამაშება: დაესწარი საბურთალო-ტორპედოს მატჩს და მოიგე ტელევიზორი





რუსთავი-ჩიხურა
რუსთავში ეროვნული ლიგის აუტსაიდერების შეხვედრა გაიმართება, ამ დროისთვის მასპინძლებს მხოლოდ 1 ქულა აქვთ და ცხრილის ბოლო, მე-10 ადგილს იკავებენ, საჩხერელებმა კი 2 ფრე ითამაშეს და ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე არიან. რთულია, "ჩიხურას" აუტსაიდერი უწოდო, მისი განვლილი მიღწევებიდან გამომდინარე, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ასეა.

"რუსთავი" მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება. მას ტრავმირებული ან დისკვალიფიცირებული მოთამაშეები არ ჰყავს.

"ჩიხურას" ლიდერების წასვლა აშკარად დაეტყო, კლუბი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა გიორგი გაბედავას დანაკლისი ძალიან დიდია. გუნდს აკლია დაცვის ლიდერი ლევან კაკუბავაც, რომელმაც კარიერა ჩემპიონ "საბურთალოში" გააგრძელა.

"რუსთავი" და "ჩიხურა" ერთმანეთს ისტორიაში სულ 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3-ჯერ გამარჯვებულები საჩხერელები გამოვიდნენ, 1 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მატჩი 16 მარტს, 18:00 საათზე, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

დინამო (ბთ)-დილა
ბათუმის "დინამო" გორელებს კარგ ხასიათზე ხვდება. მათ გასულ ტურში თბილისის "დინამო" გიორგი გადრანის გოლით დაამარცხეს და ეროვნულ ლიგაში პირველი ქულები მოიპოვეს.

ბათუმელებს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ და სწრაფად შეთამაშების შემთხვევაში ამ გუნდმა მაღალი მიზნებისთვისაც უნდა იბრძოლოს.

ცალკე გამოსარჩევია გია გეგუჩაძის ფაქტორი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

და ბათუმში ჩატარებული ეროვნული ლიგის ყოველი მატჩი გამორჩეულია, რადგან ადამიანები ფეხბურთის საყურებლად დადიან და საკუთარი ქალაქის გუნდს მხარში უდგანან.

რაც შეეხება "დილას", გორელებმა გასულ ტურში "სიონთან" ნულოვანი ფრე ითამაშეს. მიუხედავად მისი ცალკეული ფეხბურთელების აქტიურობისა, "დილამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ეცდება, რომ ეს ასპექტი ბათუმში გამოასწოროს.

გუნდებს საკადრო პრობლემები არ გააჩნიათ და თუ რაიმე არ შეიცვალა, მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობებით გამოვლენ.

ეს კლუბები ისტორიაში ერთმანეთს 36-ჯერ შეხვდნენ. ამ მხრივ სოლიდური უპირატესობა კი ბათუმელთა მხარესაა - 19 მოგება, 10 ფრე, 7 მარცხი.

მატჩი 16 მარტს, 20:00 საათზე, ანგისას ბაზაზე გაიმართება.

სიონი-ვიტ ჯორჯია
ბოლნისის "სიონი" საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს. მათ გასულ ტურში სტუმრად "დილას" ვერ სძლიეს და ნულოვანი ფრე ითამაშეს, მცირე სენსაცია კი მეორე ტურში მოახდინეს, როდესაც თბილისის "დინამო" დაამარცხეს (2:1).

ბოლნისელები მატჩს უდანაკარგოდ ხვდებიან.

რაც შეეხება "ვეტერინარებს", ეს კლუბი ეროვნული ლიგის ახალი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. "ვიტ ჯორჯია" "საბურთალოსთან" ერთად, ერთადერთი გუნდია, რომელსაც სამი ტურის შემდეგ მარცხი არ აქვს (1 მოგება, 2 ფრე). გარდა ამისა, თბილისელებს ჩატარებულ სამ შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი აქვთ გაშვებული და ისიც გასულ ტურში "ჩიხურასთან" (1:1) დაპირისპირებაში გაუშვეს.

ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 54-ჯერ შეხვდნენ. "სიონს" გამარჯვება 11-ჯერ დარჩა, 23-ჯერ "ვიტ ჯორჯიამ" გაიმარჯვა, 20 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მატჩი 17 მარტს, 16:00 საათზე, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე დაიწყება.

ლოკომოტივი-დინამო თბილისი
"საბურთალოსა" და "ტორპედოს" მატჩთან ერთად შეგვიძლია ეს შეხვედრაც ტურის გამორჩეულ დაპირისპირებად შევაფასოთ.

საწყის 4 ტურში "ლოკომოტივს" მეორე თბილისური დერბის გამართვა უწევს. ისინი მეორე ტურში ამავე მოედანზე "საბურთალოს" დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდნენ.

"რკინიგზელები", თუ "საბურთალოსთან" მატჩს არ ჩავთვლით, კარგად ასპარეზობენ, ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილს იკავებენ და გასულ ტურში ქუთაისის "ტორპედოს" 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.

თავის მხრივ, ცუდ ფორმაშია თბილისის "დინამო", რომელიც სეზონის წინ ბევრი ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა. ცვლილებები იყო სამწვრთნელო შტაბშიც და გუნდის მთავარ მწვრთნელი კლუბში ფიზმომზადების სპეციალისტად მოსული ფელის ვისენტეა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ჩატარებული სამი მატჩიდან ორი წააგო.

მიუხედავად ცუდი სტარტისა, "დინამო" სერიოზული ძალაა. ამიტომ თბილისური დერბი საინტერესო უნდა გამოვიდეს.

ეს ამ გუნდების რიგით 47-ე დაპირისპირებაა. აქამდე ჩატარებული შეხვედრებიდან 27-ჯერ გამარჯვება "დინამოს" დარჩა, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, "ლოკომოტივმა" კი 9-ჯერ გაიმარჯვა.

მატჩი 17 მარტს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე დაიწყება.

ეროვნული ლიგა. IV ტური
15 მარტი
საბურთალო-ტორპედო 20:00

16 მარტი
რუსთავი-ჩიხურა 18:00
დინამო(ბთ)-დილა 20:00

17 მარტი
სიონი-ვიტ ჯორჯია 16:00
ლოკომოტივი-დინამო(თბ) 19:00

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ტორპედოს ფინანსური პრობლემა არ გადაწყდა, ამ თამაშისთვის გუნდი მორალურად მზად ვერ იქნება. როგორც წინა მატჩი ლოკომოტივთან აქაც უმოტივაციოდ დარჩენილი ბიჭები ბოლომდე ვერ იბრძოლებენ.
იმერეთი
16:07 15-03-2019
2
ტორპედო მომდევნო საშინაო მატჩებს რომელ სტადიონზე გამართავს იცის ვინმემ? რატომ წყალტუბო ან სამტრედია როდესაც არის აია არენა? სარაგბო კია მაგრამ ქუთაისშია და მატჩზე დასწრებას გულშემატკივრები უფრო მარტივად შეძლებენ.
ჟურნალისტებმა იქნებ გაარკვიოთ არის თუ არა შესაძლებელი
ბასკი
15:36 15-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული