"ოქრის" დაბრუნება არ შედგა - ლამაზი გოლები, დუბლები და უხვგოლიანი მატჩი "ილია კოკაიაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი საინტერესოდ დაიწყო და იმედია, ასევე გაგრძელდება, ზაფხულში კი ევროტურნირებზე უფრო შედეგიანად ვიასპარეზებთ. 

2023 წლის სეზონის წინ რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი შედგა - გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში", გურამ გიორბელიძე ბათუმელთა რიგებში, ნიკა კაჭარავა "ტორპედოში"...

კიდევ ერთი სიახლე "გაგრაშია" - გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი დაბრუნდა, რომელიც კარიერას სწორედ აქ იწყებდა. გაგრელებმა თბილისში, "ილია კოკაიაზე" (თბილისის ზღვაზე მდებარე ბაზა) პირველ ტურში წყალტუბოს "სამგურალოს" უმასპინძლეს. "ოქრი" განაცხადში არ ყოფილა, შესაბამისად, მისი ხილვის შესაძლებლობა გადაიდო. მატჩი ნომინალური სტუმრების გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.

იმერულ კლუბს
ახალი მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭელიძე ჰყავს, ხელმძღვანელობაში კი მიხეილ აშვეთია მივიდა. წყალტუბოელთა მთავარი სიახლე ძმების, ნიკა და ლუკა ხორხელების გადაბირებას უკავშირდება, ლიდერები კი შეინარჩუნეს - საკუთარ პოზიციაზე გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესოები - მეკარე ლევან შოვნაძე და ბრაზილიელი შემტევი ჯეფინიო.

"გაგრას" ანგარშის გახსნა მე-6 წუთზე შეეძლო. კარგად გათამაშებული ბურთის შემდეგ, თეიმურაზ შონიამ კარში დაარტყა, თუმცა მეკარე შოვნაძემ კუთხე მშვენივრად ჩაკეტა და მოწინააღმდეგეს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. ნომინალურმა მასპინძლებმა მე-17 წუთზე კარში კიდევ ერთხელ, თუმცა ნაკლებად სახიფათოდ დაარტყეს.

თავის მხვრივ, წყალტუბოელებმა 25-ე წუთზე მშვენიერი იერიში განახორციელეს, დემურ ჩიხლაძემ სისწრაფეზე მცველები ჩამოიტოვა, თუმცა კარში დარტყმა ვეღარ მოახერხა.

ამასობაში ძალიან მაგარი თამაში გაჩაღდა. ნიკა ხორხელმა, რომელსაც გასულ სეზონში "სიონში" გაჰქონდა, 27-ე და 34-ე წუთებზე, ჯერ საჯარიმოში მახვილგონივრულად ითამაშა, შემდეგ კი ულამაზესი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა. "გაგრა" არ დანებდა, ორიოდ წუთში გიორგი ლომთაძემ მეტოქის კარი მშვენიერი და აუღებელი დარტყმით აიღო.

გაგრელებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და უკვე 49-ე წუთზე გატანაც შეეძლოთ, თუმცა ლომთაძეს ლევან შოვნაძემ დუბლი არ შეასრულებინა, რთული დარტყმული კუთხურზე მოიგერია. "სამგურალის" მეკარემ უკვე საქართველოში მყოფ ვილი სანიოლს შეახსენა, რომ სანაკრებო განაცხადში მისი მოაზრება კვლავ შეუძლია.

გაგრელებმა ზეწოლა გააძლიერეს და მე-60 წუთზე კიდევ ერთი ულამაზესი გოლი ვნახეთ - ზურაბ მუსელიანმა "მაკრატელათი" ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

გიორგი ლომთაძემ დუბლის შესრულება მაინც მოახერხა - ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი შოვნაძემ მუშტებით წინ მოიგერია, "გაგრას" იერიში გაგრძელდა და მან მცველების უყურადღებობით ისარგებლა. წყალტუბოელებმა არაფრის დათმობას არ აპირებდნენ. ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, სერგო კუხიანიძემ ულამაზესი გოლით ანგარიში კვლავ გაათანაბრა - 3:3. მალე "სამგურალის" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და გიორგი ნიქაბაძემ ისევ ნომინალური სტუმრები დააწინაურა. მატჩი ასეც დასრულდა.

26.02.23 თბილისი. "ილია კოკაია"

"გაგრა" - "სამგურალი" 3:4

გოლები: 0:1 ნ. ხორხელი (27), 0:2 ნ.ხორხელი (34), 1:2 ლომთაძე (36), 2:2: მუსელიანი (60), 3:2 ლომთაძე (78), 3:3 კუხიანიძე (82), 3:4 ნიქაბაძე (84,პენ)

მეორე ტურში, 4 მარტს, "გაგრა" "თელავს" ესტუმრება, "სამგურალი" კი - "შუქურას."

altეროვნული ლიგა ჩემპიონმა და "სამტრედიამ" გამარჯვებით დაიწყეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ერთი და სხვა მრავალი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული