"ტობოლი", საკლუბო მომავალი, საქართველოს ნაკრები - ინტერვიუ ნიკა კვეკვესკირთან

AutoSharing Option
ყაზახეთში ადგილობრივი ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. "ტობოლმა" საჩემპიონო შანსები ბოლო ტურებში ხელიდან გაუშვა, კუსტანაურ კლუბში კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა ირიცხებიან.

ჩვენ ნიკას დავუკავშირდით და საკლუბო/სანაკრებო თემებზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, გილოცავ დაბრუნებას. როგორ ფორმაში ხარ? ტრავმის შემდეგ მოახერხე თუ არა სრული რეაბილიტირება?
- მადლობა! რა თქმა უნდა, ჯერ არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში და ცოტა დრო კიდევ მჭირდება იმისთვის, რომ ფიზიკური კონდიციები აღვიდგინო, მაგრამ ეს პროცესი იმაზე სწრაფად მიდის, ვიდრე ველოდი.

ყოველ შემდეგ ტურში უფრო დიდ
დროს ვატარებ მინდორზე და ვფიქრობ, სანაკრებო თამაშებისთვის არის იმის რეალური შანსი, რომ ბოლომდე აღვიდგინო კონდიციები და ვიყო იპტიმალურ ფორმაში. მოკლედ, იმედია, ყველაფერი პოზიტიურად განვითარდება ჩემი ჯანმრთელობის მხრივ, დანარჩენი კი უკვე სამწვრთნელო შტაბზეა დამოკიდებული.

- "ტობოლი" ძალიან კარგად ასპარეზობდა, ჩემპიონობის შანსიც ჰქონდა, თუმცა ბოლო ტურებში ყველაფერი აირია. რა იყო ამის მიზეზი, რა დაგაკლდათ ჩემპიონობამდე?
- მიზეზებზე საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს და ეს უფრო თავის მართლებას დაემსგავსება. იყო ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც რის გამოც "ტობოლი" ბოლო ტურამდე ვერ დარჩა საჩემპიონო ბრძოლაში.

რაც ერთი შეხედვით ისედაც ჩანს, ეს არის მოკლე სათადარიგო სკამი და თან ამ დროს დაემთხვა ის, რომ რამდენიმე ძირითადის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. რთულია, ასეთ სიტუაციაში კონკურენცია გაუწიო ისეთ გუნდებს, რომლებსაც თითქმის 2 თანაბარი ძალის 11-ეულის შეკრება შეუძლიათ.

- ყაზახეთში სეზონი სრულდება. გაქვს შემოთავაზებები თუ რჩები "ტობოლში"?
- მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს "ტობოლთან" კიდევ 1 წლით. ასე რომ, დღევანდელი მდგომარეობით, არ ვაპირებ არსად წასვლას. მაგრამ ფეხბურთში ნებისმიერ დროს შეიძლება ყველაფერი მომენტალურად შეიცვალოს.

- ბოლო რამდენიმე შეკრება არ ყოფილხარ ნაკრებში. როგორ შეაფასებდი ნაკრების ასპარეზობას და როგორ შეაფასებ საქართველოს ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპს?
- ჩემი აზრით, დადებითად უნდა შეფასდეს ნაკრების თამაშები და თუნდაც შედეგები. რა თქმა უნდა, არავის არ მოგვეწონა ის ხარისხი, რაც ნაკრებმა გიბრალტარში ანახა, მაგრამ ამასაც აქვს თავისი მიზეზები, თუ რატომ იყო ასეთი თამაში. მთავარია, ნაკრები ბოლო წლების განმავლობაში ასეთი დონის გუნდებთან მუდმივად აღწევს გამარჯვებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის ლიდერებთან (დანია, ირლანდია) შეხვედრებს, ამან გამოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრებს, მით უმეტეს შინ, ნებისმიერ ნაკრებთან შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი. რა თქმა უნდა, მესმის ქართველი გულშემატკივრის ამბიციურობის, რომ ნებისმიერ ნაკრებთან გამარჯვებას ითხოვენ, მაგრამ თუ ავიღებთ ხარისხს და შედეგს, ეს თამაშები დადებითად უნდა შეფასდეს.

პლუს, გამოჩნდნენ ახალი სახეები, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. იგივე ხარაიშვილი, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა ნაკრებში, შენგელია, რომელიც საგოლე პასებით გამოირჩა და ცალკე მინდა აღვნიშნო ოთარ კიტეიშვილი. მართალია, ის არ არის ახალი სახე, მაგრამ ახლებურად წარმოაჩინა თავი და ბოლო 4 თამაშია ერთ-ერთი საუკეთესოა მინდორზე.

- რას ფიქრობ ერთა ლიგაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ამ ბარიერის დაძლევა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოგება?
- რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის არსებობს წინაპირობები. აუცილებელია, რომ თითოეული ფეხბურთელი და განსაკუთრებით, ნაკრების ლიდერები იყვნენ ოპტიმალურ ფორმაში და ჰქონდეთ სათამაშო პრაქტიკა.

ეს იმ დანარჩენი 3 გუნდისთვისაც უნიკალური შანსია, ვინც ჩვენთან ერთად იასპარეზებს ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე და ნებისმიერი გუნდი ბოლო წამამდე იბრძოლებს ამ შანსის გამოსაყენებლად.

ამიტომ უნდა ვიყოთ 100%-ით მზად ამ თამაშებისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივართან ერთად სავსე "დინამო-არენაზე" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული