15 ნოემბერს, ევროპირველობის შესარჩევ მატჩში შვეიცარია საქართველოს ნაკრებს სენტ-გალენში უმასპინძლებს. მატჩისადმი ინტერესი უდიდესია და "კიბუნ-პარკის" 19 694-იან სტადიონზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
მასპინძელთათვის ამ შეხვედრის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან D ჯგუფში 11 ქულით მესამე ადგილზე არიან, ირლანდიას და დანიას კი 12-12 ქულა აქვთ. "ჯვაროსნებთან" ფეხის დაცდენის შემთხვევაში, ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს ძალიან გაუჭირდება ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.
შეგახსენებთ, თბილისში შვეიცარიელებმა ჩვენს გუნდს 2:0 მოუგეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დანიასა და ირლანდიას ქულები დააკარგვინა და ეს, რა თქმა უნდა, შვეიცარიელებს აფრთხობს. ისიც გასათვალისწინებელია,
რომ "ჯვაროსნებისთვის" ამ მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს და ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს.