ვლადიმირ ვაისის კონტრაქტი მარტის ბოლოს სრულდება, პაატა ღუდუშაურის საქმე - ფედერაციის პასუხები გულშემატკივარს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ინტერნეტპრესკონფერენცია გამართეს და გულშემატკივართა კითხვებს უპასუხეს.

ლევან კობიაშვილი: "გუშინ შედგა უეფას ვიდეოპრესკონფერენცია. საქართველო-ბელარუსის მატჩის სავარაუდო თარიღი არის ივნისი. თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობა იქნება კორონავირუსის გავრცელების მხრივ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ყველა ფეხბურთელის ჯანმრთელობა. ამიტომ მოგვიწია ყველა ჩემპიონატის შეჩერება.

იდეალურია ის ფაქტი, რომ მატჩი გადაიდო. იმ გარემოებაში, რის წინაშეც აღმოჩნდა მთელი მსოფლიო, სხვა შესაძლებლობები არ იყო. ყველა სიახლეს, რაზეც ვიქნებით ინფორმირებულნი, აუცილებლად მოგაწვდით გულშემატკივრებს.

ეს არ იქნება ივნისის ყოველწლიური საფეხბურთო თვე. ადრე იყო, რომ ამ პერიოდში ყველა ტურნირი სრულდებოდა, ამჯერად კი ბევრად განსხვავებული იქნება. თუ  ჩემპიონატები დროულად დაიწყება და ჩვენს ლეგიონერებს პრაქტიკა მიეცემათ, ნამდვილად არ იქნება ივნისში თამაში ურიგო.

ჩვენ ბოლო პერიოდში გვქონდა ბელარუსის ფედერაციასთან კონტაქტი. ამავდროულად, ვსაუბრობდით მაკედონიის ფედერაციასთან. მათაც არ იცოდნენ, რა გადაწყვეტილება მიეღოთ. თუ ივნისში ვერ ჩატარდება ეს შეხვედრა, ვერ გეტყვით, როდის გაიმართება, რადგან შემდეგი სანაკრებო პაუზა არის ოქტომბერში.

მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ინიციატივა გამოხატეს, რომ ბილეთების თანხა კორონავირუსის პრევენციისთვის დაგვერიცხა. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ შევძლებთ ამის ორგანიზებას, რადგან არ ვიცით, რას ფიქრობს 50 000 ადამიანი.

სურვილი გვქონდა ამ თამაშის დროს, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ მოახერხებდნენ მატჩზე დასწრებას, დიდ ქალაქებში მოგვეწყო ფანკლუბი და გვეჩვენებინა შეხვედრა დიდ ეკრანზე.

დღეის მონაცემებით ვიცით, რომ ასაკობრივი გუნდების მატჩებიც ივნისში ჩატარდება.

ჩვენი ფედერაცია მუდმივად იქნება პრინციპული და  შეურიგებელი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება, რომელიც პროკურატურამ მიიღო, იყო განრიდება პაატა ღუდუშაურთან დაკავშირებით. განრიდება არ არის გამართლება, ეს არის ფეხბურთელის აღიარება და პაატამ აღიარა თავის მიერ ჩადენილი ბრალეულობა. ტრიბუნალმა გაითვალისწინა ის ფაქტი, რაც პაატასთან მიმართებაში იყო. ტრიბუნალმა შეცვალა გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის, ახლაც ვიტყვი, რომ ეს არის მიუღებელი.

სამწუხაროა, რომ საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, რომ პაატა ტრიბუნალმა გაამართლა".

დავით მუჯირი: "გუშინ წარმოდგენილი იყო უეფას მიერ რამდენიმე სცენარი ჩემპიონატების დაწყებისა. ამ ეტაპზე ივნისამდე ყველა ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ჩვენც შევეცდებით, ორშაბათამდე ისეთი ფორმატი შევთავაზოთ გუნდებს, რაც სამომავლო ოპტიმიზმზე იქნება გათვლილი. ჩვენ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გარკვეული გვაქვს ევროტურნირებზე მონაწილე გუნდები და შევეცდებით, ჩემპიონატის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტი კლუბებთან ერთად შევიმუშავოთ.

სტადიონის შეცვლა ამ ეტაპზე გამორიცხულია, უახლოეს მომავალში დასრულდება ბათუმის სტადიონიც და "დინამოს" მიეცემა თამაშის საშუალება. ნებისმიერი თარიღი, რა დროსაც ნაკრების მატჩი დაინიშნება, 26 მარტისთვის შეძენილი ბილეთით ყველას შეეძლება დასწრება. მათთვის კი, ვისაც სურვილი აქვს ბილეთების დაბრუნების, ესეც არის შესაძლებელი".

ალექსანდრე იაშვილი: "ვლადიმირ ვაისს კონტრაქტი უმთავრდებოდა მარტის ბოლოს -  ამ თამაშების მერე. ჩვენ კმაყოფილები ვართ მისი მუშაობით. მუდმივი კონტაქტი გვაქვს სლოვაკ სპეციალისტთან და სურვილი გვაქვს, ის გაუძღვეს ნაკრებს ივნისში.

საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი კარგადაა და ჯანმრთელადაა. ყველა ფეხბურთელს უწევს სახლში ყოფნა. ისინი ცდილობენ ინდივიდუალურად მომზადებას.

ჩვენ გვქონდა გიორგი მელქაძის ოჯახთან საუბარი ორი წლის უკან, თუმცა ფიფას წესებით, თუ რომელიმე ფეხბურთელს ორმაგი მოქალაქეობის გარეშე აქვს რომელიმე ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები, ფეხბურთელის თანხმობის მიუხედავად, ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ფიფასთან და ვცდილობთ, შევაცვლევინოთ ეს წესი".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იმ მამლუქ მელქაძეს რას ვეხვეწებით? იყოს სადაც არის, "ტამბოვში" განათხოვრებული და იქიდან ეცადოს მშობლიური რუსეთის ნაკრებში მოხვედრას. როგორიც არ უნდა ფეხბურთელი იყოს, თუ მას არ ვუნდივართ, არც ჩვენ უნდა გვინდოდეს
მერაბი
16:36 18-03-2020
13
ეს შავები რომ არ გეცვათ ყველას არა?
ზორბეგი
21:15 18-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული