კანკავას პირველი კაპიტნობა, ოქრიაშვილის პირველი სუპერგოლი - ქართულ-ბელარუსული დაპირისპირების ისტორია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს 26 მარტია, დღე, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში უნდა ჩაწერილიყო...

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ურთიერთდაპირისპირებაში 3 მატჩი, 7 გატანილი გოლი და თანაბარი შედეგი გვახსენდება. ბელარუსები მხოლოდ 1 გატანილი გოლით გვჯობნიან.

იმ ფონზე, როცა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო გააჩერა და ამ ორი ნაკრების მომავალი დაპირისპირებაც გაურკვეველი ვადით გადადო, ჩვენ წინა სამი შეხვედრის გახსენება შეგვიძლია.


7 სექტემბერი, 2012 წელი


"თუკი საქართველოსა და ესპანეთს შორის გასამართ მატჩზე სრული ანშლაგი იყო მოსალოდნელი, 7 სექტემბერს ეროვნული სტადიონის ტრიბუნები სანახევროდაც გაჭირვებით შეივსო.

თუმცა ტრიბუნებზე შეკრებილი პუბლიკისგან
საქართველოს ნაკრებს ენერგიული მხარდაჭერა არ მოჰკლებია.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა, მაგრამ დროდადრო შინაარსიანი შეტევების მომსწრენი მაინც ვხდებოდით ხოლმე - პირველ ტაიმში უმეტესად ბელარუსების შესრულებით.

საწყის 45 წუთში სტუმრებს დაწინაურების სამი ხელსაყრელი შესაძლებლობა მიეცათ. პაველ ნეხაიჩიკის დარტყმა გიორგი ლორიამ მოიგერია, სერგეი ბალანოვიჩსა და ანტონ პუტილოს კი წინ გურამ კაშია გადაეღობა.

შესვენებამდე ქართველთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი დავით თარგამაძის მიერ მახვილი კუთხიდან შესრულებული დარტყმა იყო, რომელიც მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

პირველ ნახევარში ბელარუსებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს - ყველა რგოლში კარგად ორგანიზებული გუნდიც ვნახეთ და მაღალი დონის ინდივიდუალისტებიც.

საბედნიეროდ, მეორე ტაიმში ქართველებმა მოწინააღმდეგეს თამაშის სადავეები წაართვეს, რაშიც, ბუნებრივია, დიდი როლი ითამაშა გოლმა.

ოქრიაშვილმა შესანიშნავი ფინტებით მეტოქის ორი მცველი სახტად დატოვა და ბურთი არცთუ ძლიერად მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა - 1:0.

ცოტა ხანში ქეცბაიამ ლევან მჭედლიძე შეცვალა და შუა ხაზი გააძლიერა. ქართველები ყრუ დაცვაში არ ჩამდგარან, თუმცა, რა თქმა უნდა, ისე მოქმედებდნენ, როგორც დაწინაურებულ გუნდს შეეფერება.

ბელარუსები მეორე ტაიმშიც ბევრს ეცადნენ გატანას, მაგრამ მოედნის ცენტრი ვერაფრით მოიგეს და მხოლოდ ეპიზოდურად უტევდნენ, თუმცაღა მაინც სახიფათოდ - 59-ე წუთზე სერგეი კორნილენკო ჩვენს საჯარიმოში რამდენიმე მეურვეს გასცდა, მაგრამ შეტევა ვერ დააგვირგვინა.

შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე სტუმართა რიგებში მესამე ცვლილება განხორციელდა - სამივე შეცვლა იძულებით ხასიათს ატარებდა. თითქოს სწორედ ამის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა, რომ სტუმრები თამაშის გადამრჩენები არ იყვნენ.

თუმცა 86-ე წუთზე მაინც შეეძლოთ მიზნის მიღწევა - ლორიამ მაქსიმ ბორდაჩოვის შორეული და საკმაოდ რთული დარტყმა მოიგერია.

მთლიანობაში დადებითი შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც პირველად უკაპიტნა 26 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ."


16 ოქტომბერი, 2012 წელი


"ბელარუსმა საქართველო გუნდური თამაშითაც დაჯაბნა და ცალკეული მოთამაშეების საშემსრულებლო ოსტატობითაც.

საშინელებაა, ქართველს ბელარუსების კომბინაციური ფეხბურთისა რომ შეგშურდება, მაგრამ ფაქტია, მასპინძლებმა სტუმრები ამ კომპონენტშიც გვარიანად დაჯაბნეს.

ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ ვიტყვით, რომ სწრაფმა გოლმა გაგვტეხა და ზურაბ ხიზანიშვილს მეტოქისთვის ბურთი რომ არ ჩაებარებინა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართებოდა. ასეთ უპატიებელ შეცდომას, როგორც წესი, ის გუნდი უშვებს, რომელიც მოედანზე მეტოქეზე უარესია.

აქამდე თუ თამამად შეგვეძლო იმის თქმა, საქართველოს ნაკრების კოზირი დაცვაში დამაჯერებელი თამაშიაო, 16 ოქტომბრის თამაშმა ამის საშუალებაც მოგვისპო.

მეორე გოლიც უკანა ხაზის კისერზეა. პირველი გოლის ავტორი რენან ბრესანი ამჯერად ასისტენტად მოგვევლინა და მის მიერ მოწოდებულ ჯარიმას სტანისლავ დრაგუნმა თავი ისე შეაგება, ქართველმა მცველებმა ხელი ოდნავადაც ვერ შეუშალეს.

ქართველები პირველი ტაიმის ბოლოსღა გამოცოცხლდნენ - თორნიკე ოქრიაშვილმა მართლაც ჩინებული სოლორეიდი საგოლე დარტყმით ვერ დააგვირგვინა, დავით თარგამაძემ კი ჯარიმითა და კუთხურით სცადა გატანა, მაგრამ ბელარუსთა მეკარე სერგეი ვერემკო ბურთს ორივე შემთხვევაში ადგილზე დახვდა.

გაუგებარია, რა უნდოდა დავით დევდარიანს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე ჩაატარა.

ქართულმა შეცვლებმა მოედანზე საჩვენოდ ვერაფერი შეცვალა, ორი ბურთით ჩამორჩენილი გუნდი კი, ნებსით თუ უნებლიეთ, "მეორე ნომრად" თამაშს განაგრძობდა.

მესამე ბელარუსული გოლის გატანა ორჯერ შეეძლო ვიტალი როდიონოვს, რომელსაც ჯერ ნუკრი რევიშვილმა აჯობა, შემდეგ კი მასპინძელთა ფორვარდის ძლიერი დარტყმა ძელმა აისხლიტა.

ბოლო წუთზე გაჩაღებულმა ორმხრივმა გაწევ-გამოწევამ სამი ფეხბურთელი "გააყვითლა" და მსაჯის საფინალო სასტვენიც მალევე გაისმა."

altბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]

 



13 ნოემბერი, 2017


"საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, 7 ფეხბურთელი შეცვალა.

ისევე, როგორც წინა მატჩმა გორში კვოპროსთან, ამ ამხანაგურმა თამაშმაც არ გამოიწვია დიდი ინტერესი, არენაზე ცოტა მაყურებელი მივიდა. თუმცა, მეორე ტაიმში ტრიბუნები თითქმის გაივსო.

პირველი ნახევრის 20 წუთი უინტერესოდ წარიმართა, მერე კი, სწრაფი შეტევის შემდეგ ჯიღაურის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო 24-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვის შეცდომით ისარგებლა სტუმართა გუნდის კაპიტანმა სტასევიჩმა და ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის მერე ჩვენი გუნდი გააქტიურდა. სიხარულიძის თავური იგნატოვიჩმა აიღო, 35-ე წუთზე კი მან მაინც მიაღწია მიზანს - 1:1.

ნაანტრაქტევს ვაისის შეგირდებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა. ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტად გამორჩეულმა და აგრესიულმა სიხარულიძემ დაასწრო მცველს, დაარტყა და მეკარემ არ დაანება გატანა - ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურს კი გოლი მოჰყვა. შეცვლაზე შესულმა დვალმა პოლიტევიჩი დაჯაბნა და ნაკუთხურალ ბურთს მოხერხებულად დაუხვედრა თავი.

სამწუხაროდ, სლავებმა მალე მოახერხეს ანგარიშის გაყაიმება, როდესაც ისევ ჩავარდა ჩვენი დაცვა და მარცხენა ფლანგიდან აწეულ ბურთს უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ნეხაიჩიკმა კვასხვაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ეცადა გამარჯვების გოლის გატანას, თუმცა ვერ შეძლეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

რა შეიძლება ითქვას მოკლედ, რეზიუმეს სახით? თვალსასეირო თამაში იყო, ორივე ნაკრებმა უამრავი შეცდომა დაუშვა. ვაისმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და რამდენიმე მათგანმა, განსაკუთრებით, სიხარულიძემ, ეს შანსი გამოიყენა კიდეც."


მკითხველის კომენტარები / 3 /
Kankavas shemdeg kapitani oqriashvili unda iyos. Is nakrebis tamashs ise udgeba rogorc korona virus saqartvelos mtavroba da medicina, misabazia am bichis midgoma nakrebis mimart!! Chakve kargi bichia magram oqrika cali fexitac ro sachiroa albad dametanxmebit))
ჩორნა
01:01 27-03-2020
0
რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლის! ოქრის გოლზე ვამბობ! ეს რომ მესის გაეკეთებინა ყველა ტელეარხი 1 თვე ატრიალებდა და აჩვენებდა! 3 მცველი 1 მოძრაობით უსაქმოდ დატოვა, მათ შორის 2 მიაწვინა ბალახზე! ბიჭებო! თქვენი იმედით ვართ! მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ! ივნისი იქნება თუ შემოდგომა, ამას მნიშვნელობა არ აქვს! თქვენ გაქვთ შანსი ისე გაახაროთ ერი, როგორც 28 წელია არ გაგვიხარია! წარმატებები!
alexandre
13:32 26-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული