საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პლოიეშტში ჩატარებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით "ჯვაროსნებმა" ყველაზე ცუდი შეხვედრა გამართეს.
მიუხედავად ამისა, ეს გამარჯვება გარკვეული ფაქტორების გამო უმნიშვნელო სულაც არაა - უხერხული მეტოქის დამარცხება, ახალი მწვრთნელის ხელში დანახული პროგრესის ტაბლოზე ასახვა და ავანსების გამართლება იმ ფეხბურთელებისგან (გიორგი მიქაუტაძე), რომლების თამაშსაც გულშემატკივარი ასე ელოდა, რიგით ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვებაზე მეტია...
კიტეიშვილთან ერთად და მის გარეშე
ყველაზე დიდი მოულოდნელობა ოთარ კიტეიშვილის ძირითადში არყოფნა იყო. "შტურმის" ნახევარმცველი მოედანზე შევიდა და მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. შეიძლებოდა
ანტიგმირიც გამხდარიყო (მეტოქის შეტევა მის მიერ პასის არგაკეთებასა და კარში დარტყმას მოჰყვა), თუმცა, საბედნიეროდ, მეტოქემ პენალტი ვერ გამოიყენა. რა თქმა უნდა, ვილი სანიოლს თავისი მონახაზი ჰქონდა, რომელმაც პირველ ტაიმში აშკარად არ გაუმართლა. ამ შეხვედრაში გამოჩნდა, კიტეიშვილის გარეშე საქართველოს ნაკრებს ბურთის ნახევარდაცვიდან შეტევამდე მიტანა უჭირს.
ახალი ტაქტიკა და ფორვარდის გოლი
საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია არ უთამაშია იმ ტაქტიკით, რაც რუმინეთში ვნახეთ. სანიოლის საწყისი შეხვედრები რომ გავიხსენოთ, შეტევების უმრავლესობა ბურთის გამოკვეთილ თავდამსხმელებზე ჩაკიდებით ვითარდებოდა. გუშინ წინა ხაზზე სხვა ტიპის ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ვიხილეთ.
"მეცის" თავდამსხმელამდე ბურთის მიტანა ჭირდა, მაგრამ როცა ჩვენი ფეხბურთელები ამას ახერხებდნენ, მიქაუტაძე მაშინვე თამაშს ამწვავებდა. გიორგიმ კიტეიშვილის ბრწყინვალე პასი სათანადოდ შეირგო.
რას დაინახავდა სანიოლი?!
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგრძნო, რომ თამაშის სცენარი შესაცვლელი იყო და მის მიმდინარეობაში სწორად ჩაერია. წინა პერიოდში, ერთგვარად, გადაჩვეულნიც კი ვიყავით, რომ ჩვენი გუნდის ცვლილებებს თამაშში გარდატეხის შეტანა შეეძლო.
რა თქმა უნდა, მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებები გამოიცნო, თუმცა ოთარ კიტეიშვილის სათამაშო ფორმა მისი კარგი თამაშის წინაპირობას იძლეოდა.
როცა კიტეიშვილი მოედანზეა, მაშინ გიორგი აბურჯანიაც უფრო პროდუქტიულია, რადგან განსხვავებული ფუნქციები ეკისრება. გამოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე კონკურენტთან შედარებით სანიოლის დავალებებს უკეთ ასრულებს.
ვინც ვერ გაამართლა...
ეროვნულ გუნდში, მცირე გამონაკლისების გარდა, იმ მომენტში საუკეთესო ფორმაში მყოფნი უნდა თამაშობდნენ. რა თქმა უნდა, სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, საქმეში ყველა პოტენციური წევრი ნახოს. რუმინულ მატჩში გამოჩნდა, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრი მონდომება მოუწევთ, რათა ფრანგ სპეციალისტს საკუთარი ადგილი და როლი დაანახონ.
ეიფორიის გარეშე
მთავარ მწვრთნელს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს. მაგალითად, ბოლო პერიოდში თითქოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ - დაცვის ცენტრალურ ზონაში პრობლემები გამოჩნდა.
ამ შეხვედრაში იღბალი ჩვენს მხარეს იყო და გამარჯვება ამანაც განაპირობა. ასეთი შეცდომები შესარჩევ ჯგუფში ყველაზე სუსტ წევრად მიჩნეულ კოსოვოსთანაც არ გვეპატიება...
ხვიჩას დაბრუნების შემდეგ
თქმაც ზედმეტია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სხვა გუნდია. ახლა კი დამაგვირგვინებელ ფაზაში სხვა ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ - გიორგი მიქაუტაძემ ის იმედი გააღვივა, რომ გოლის გატანა აწი შედარებით ნაკლებად გაგვიჭირდება და მას ფორვარდი მოახერხებს. ეს პატარა ამბავი ნამდვილად არაა.