ვილი სანიოლი ექსპერიმენტებს არც ოფიციალურ შეხვედრებში მორიდებია და გუნდს მეტ-ნაკლებად საბოლოო სახე ჩამოუყალიბა. ის შემადგებლობა, რომელმაც შვედეთის ნაკრები (2:0) დაამარცხა, დღეს მაინც ყველაზე ოპტიმალურს ჰგავს.
კონკრეტულ პერიოდში ამა თუ იმ ფეხბურთელის სათამაშო ფორმა გარემოებებს შეცვლის, მაგრამ "ერთა ლიგის" მიმდინარეობისას განსაკუთრებულ საკადრო ცვლილებებს მაინც არ ველით. "ჯვაროსნების" მწვრთნელს გარკვეული ექსპერიმენტები ამ ორ შეხვედ
მაინც რა უნდა მოგვცეს ბოსნიასა და ალბანეთთან დაგეგმილმა მატჩებმა?
ტაქტიკის დახვეწა
შესაძლოა, მომავალი ტურნირის მეტოქეების მხრიდან ჩვენ შესწავლაზე ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა მწვრთნელს თავისი საბაზისო ტაქტიკა აქვს, რომელსაც მოწინააღმდეგეების და სიტუაციიდან გამომდინარე მოქნილად უნდა ცვლიდეს.
ჯერ არ ვიცით, რა კონტინგენტს დაეყრდნობა ფრანგი სპეციალისტი, მაგრამ იმის შანსიც დიდია, მოახლოებული შეხვედრები ბირთვის უკეთ შეთამაშებისთვის გამოიყენოს.
სანიოლის ნაცად ტაქტიკაში რგოლების კავშირს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ოთარ კაკაბაძეზე ვისაუბროთ. ის ამპლუით ფლანგელია, მაგრამ 3-მცველიან ტაქტიკას ცენტრში მოერგო. აქ სხვა მოთამაშეების გამოცდაც შეიძლება, რომლებიც მანამდე სათანადო ფორმაში არ იყვნენ, თუმცა "კრაკოვიას" ფეხბურთელის გურამ კაშიასა და დავით ხოჭოლავასთან შეთამაშების ხარისხი მაღალია და მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი მიზანი იქნებ მისი კიდევ უფრო დახვეწა იყოს.
შეტევების ორგანიზება - "ჯვაროსნებს" ამ კომპონენტში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. კარგია, რომ გოლის გატანა მხოლოდ ჩაწოდებებით აღარ წარმოგვიდგენია, თუმცა უფრო მეტი კომბინირება და მრავალფეროვნად შეტევა გვჭირდება. შეთამაშების საკითხს აქაც დიდი ფასი აქვს. ბოლო პერიოდში ნაკრებში ზურიკო დავითაშვილის შედეგიანობა უნდა აღინიშნოს, რაც მის ამბიციებსა და სასტარტოს შანსებს გაზრდიდა.
კონკურენციის გაზრდა
შეთამაშების მნიშვნელობაზე ვწერთ, ამავდროულად კი, ჯანსაღი კონკურენცია, როგორც წესი, სასარგებლოა. საქართველოს ნაკრებში არის პოზიციები, სადაც თანაბარი ძალის მოთამაშეები არ არიან. სანიოლი ამ საკითხზე აქამდეც მუშაობდა და გარკვეული პროგრესი აქვს - მაგალითად, ცენტრფორვარდის პოზიციაზე უამრავი ფეხბურთელი გამოიცადა, თუმცა, გიორგი მიქაუტაძის გარდა, სხვა არჩევანის გაკეთება ჭირდა, საბოლოოდ კი სწორედ "სერენის" ფორვარდის ტრავმის გამო ნაკრებში მოხვედრილი დავით ვოლკოვით მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა.
ხვიჩას ფაქტორი
რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ისეთი ლიდერის ყოლა, რომელიც ნაკლებად წარმატებული საკლუბო სეზონის მიუხედავად, საკმაოდ ძლიერი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გუნდის წინამძღოლია, დუბლს ასრულებს და თამაშის ბედს წყვეტს, მაგრამ ის, რომ "რუბინის" გარემარბის გარეშე საქართველოს ნაკრებს წარმატებაზე ფიქრი ფსიქოლოგიურადაც უჭირს, ეს სანიოლის მოსვლამდეც იგრძნობოდა და მას შემდეგაც.
ამ მხრივ გარკვეული გამონაკლისები არსებობს (უზბეკეთთან უკანასკნელი ამხანაგური მატჩი თუ კოსოვოში გამარჯვება), თუმცა წარმატებული შედეგი მხოლოდ ერთ ფეხბურთელის კარგ თამაშზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. საინტერესოა, დაგეგმილ 2 მატჩში "რუბინის" ლიდერი რამდენად დაიტვირთება.
ვეტერანები
გამოცდილი მოთამაშეების მნიშვნელობა დიდია, მაგრამ თაობათა ცვლის პროცესს გვერდს მაინც ვერ ავუვლით. ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომელთა ალტერნატივის მოძებნა სწორედ ამხანაგურ შეხვედრებში უნდა მოხდეს.
ჯაბა კანკავას არყოფნაში სანიოლმა ახალი ცენტრალური ნახევარდაცვის წყვილი (კვეკვესკირი - გვილია) გამოკვეთა, რომელთა თამაშითაც ის კმაყოფილია. ფრანგი სპეციალისტი ნაკლებად ენდობა კიდევ ერთ ვეტერან მურთაზ დაუშვილს. ასე რომ, ამ პოზიციაზე უფრო მეტი ფეხბურთელის მოსინჯვა იქნება საჭირო. გიორგი აბურჯანია, სანდრო ალთუნაშვილი, ლადო მამუჩაშვილი - სანიოლს შეუძლია ეს სია განავრცოს.
გურამ კაშიას ჩვენი დაცვისა და მთლიანად გუნდის ორგანიზების საოცარი უნარი აქვს და ამ კომპონენტში მისი შეცვლა, ამ გადასახედიდან, შეუძლებელი ჩანს. ეს ის პოზიციაა, სადაც საქართველოს ნაკრების შტაბმა კიდევ მეტი უნდა გააკეთოს.
ახალ ტაქტიკურ სქემაში ფლანგის ფეხბურთელებს გაზრდილი ფიზიკური დატვირთვა აქვთ. თუკი მარცხნივ აზაროვისა და გიორბელიძის სახით ერთგვარი კონკურენციაც არსებობს, მარჯვნივ საბა ლობჟანიძე, ფაქტობრივად, დასვენების გარეშე თამაშობს. რა თქმა უნდა, "ჯვაროსნების" დამრიგებელი ამაზე ჩვენზე ბევრს ფიქრობს და გარკვეული ხედვაც ექნება.
მეტოქეები
მოწინააღმდეგეები ნამდვილად სწორად შეირჩა. იყო დრო, როცა გრანდებთან ამხანაგური შეხვედრები უფრო პრიორიტეტულად მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა, "ერთა ლიგის" წინ, სხვა გამოწვევების წინაშე ვართ.
ალბანეთის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა, რომელთანაც დადებითი ბალანსი გვაქვს - 7 მოგება, 3 ფრე და ამდენივე მარცხი. მათ კვლავ იტალიელი სპეციალისტი (რეჯა) წვრთნით, თუმცა ისეთივე ძლიერები ვეღარ არიან, როცა ევროფორუმზე გასვლა შეძლეს. მსოფლიო ჩემპიონატის ახლახან დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე მათი მხრიდან ყველაზე დიდი მოულოდნელობა უნგრეთის ნაკრების ორივე შეხვედრაში დამარცხება იყო. ალბანელთა მთავარი ფორვარდი უნგრული "ფერენცვაროშის" 26 წლის ფეხბურთელი უზუნია, კარს კი ისევ 32 წლის ბერიშა იცავს, რომელიც წლებია, სერია A-ში გამოდის.
ბოსნიელებს და მათ მძლავრ ფორვარდ ედინ ჯეკოს არასდროს დავპირისპირებივართ. ბულგარელ მთავარ მწვრთნელ პეტევის გუნდი "ერთა ლიგისთვის" სერიოზულად ემზადება და ამხანაგური შეხვედრის გამართვა დეკემბერშიც მოახერხა - აშშ-სთან (0:1) დამარცხდა. ყატარის მუნდიალის გზაზე მათ მხოლოდ ყაზახეთს აჯობეს და განსაკუთრებული შედეგებით ვერ დაიკვეხნიან.
ბოსნიელთა რიგებში პიანიჩისა და კოლაშინაცის გამორჩევაც შეგვიძლია, ისევე, როგორც "მილანის" შემტევ კრუნიჩის...
ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრების დატვირთული წელი - ვის შეუძლია გაგვაძლიეროს?
პროგრესი სანიოლის პერიოდში - ფიფას წლის უკანასკნელი რეიტინგი
საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
რა შანსი გვაქვს ჯგუფის ლიდერთან? - პესიმისტურად განწყობილი ბულგარელები