როგორ ვიხედებით შორს?
ფრანგი მთავარი მწვრთნელი ცდილობს, მისი მხრიდან იდეალურად მიჩნეულ ტაქტიკასთან მაქსიმალურად ბევრი მოთამაშე ადაპტირდეს. წინა შეხვედრის შემდეგ დავწერეთ, რომ მთელი ფლანგის კონტროლი გიორგი წიტაიშვილის საქმე ნაკლებადაა, თუმცა სანიოლმა ის კვლავ ამ პოზიციაზე ათამაშა. ახლა შეტევაში გიორგი გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, იერიშების გასაგრძელებლად სივრცე
რა თქმა უნდა, ამ ადგილას (მარცხენა ფლანგი) აზაროვი და გიორბელიძე გვყავს და თითქოს რა პრობლემა უნდა შეგვექმნას, მაგრამ ივნისში, "ერთა ლიგაზე", გადატვირთული გრაფიკისა თუ სხვადასხვა მიზეზით ფეხბურთელების არყოფნაზე ჩვენი ნაკრების დამრიგებელი მაინც ფიქრობს.
კიდევ ერთი კარგი მაგალითი საბა ლობჟანიძის დაღლილ და შეტევაზე მოფიქრალ მეტოქესთან ცენტრფორვარდად დაყენება იყო. ახლა ეს ნაბიჯი წარმატებული არ გამოდგა - გადაგდებულ ბურთებზე ხიფათი ვერ შევქმენით, თუმცა მაინც მგონია, რომ თეორიულად, ვილის მსგავსი სცენარი ბულგარეთთან თუ ჩრდ. მაკედონიასთან სტუმრობისას წარმოუდგენია.
შეტევის გზები
თუკი სანიოლის მოღვაწეობის დასაწყისში ტანმაღალ ფორვარდზე ჩაწოდებების გარდა, სხვა არსენალი, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნდა, შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა. ახლა შანსი ისევ დავით ვოლკოვმა მიიღო, რომელიც მოძრავია, თუმცა მისი მთავარი იარაღი მაინც მეორე სართულზე თამაშია. "ზირას" ტანმაღალ და მაღალი კლასის მცველებთან ორთაბრძოლა მოუწია და ეს გაუჭირდა, თუმცა ჩვენს ფეხბურთელებს მისთვის ბევრი შანსი მაინც არ მიუციათ.
როცა შეტევაში განსაკუთრებული არაფერი გამოგდის და წინა ხაზზე "ცაში მფრინავი" (როგორც სანიოლმა უწოდა) ვოლკოვი გყავს, ფლანგური გადაცემები მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. ალბანელები მარცხნიდან გამალებით უტევდნენ, შესაბამისად, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, გრიგოლ ჩაბრაძეს ძირითადად, თავის დაცვა უწევდა და ამან შეტევითი რესურსი შეამცირა.
ტაქტიკური დავალება და შემოქმედება
"ჯვაროსნების" თავკაცი თითოეული ფეხბურთელისგან ბოლოდე დახარჯვას და ტაქტიკური დავალებების პირნათლად შესრულებას ითხოვს. წინა მატჩის შემდეგ სანიოლმა თქვა, რომ ზურიკო დავითაშვილს ნახევარდაცვაში მაქსიმალური სამუშაოს გაწევა დაავალა და ის შეტევაში ამიტომაც "ჩაიკარგა". ალბანეთთან მწვრთნელის ჩანაფიქრები გაცილებით საგრძნობი გახდა - ზურიკომ ბევრი ორთაბრძოლა მოიგო, ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამით თავში მთავარ პრობლემად ნახსენები წინა ხაზში სიმწვავე და იერიშების ორგანიზების კომპონენტი იკლებს. გოლის არგაშვება კარგია, თუმცა მეტი გვსურს...
ხვიჩას არყოფნაში გამოჩნდა, რომ ჩვენებიდან მოედანზე ყველაზე შემოქმედებითი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი იყო - რა ხიფათიც შევქმენით, "ულსანის" შემტევის დამსახურება იყო. კი, ვაკო ერთი შეხედვით, ბევრ სამუშაოს არ სწევს, ზედმეტად ინდივიდულისტია და იმ რეიდის შემდეგ, ალბათ, ფლანგზე წიტაიშვილის შემჩნევაც შეიძლებოდა, მაგრამ ამ ტიპის ფეხბურთელებიც ძალიან გვჭირდება, არ შეიძლება გატანას მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასგან "ვითხოვდეთ".
გოლის არგაშვება
რა თქმა უნდა, ჩვენი უკანახაზელები შეცდომას უშვებენ, თუმცა გოლი დიდი ხანია არ გაგვიშვია და ეს პატარა ამბავი როდია. ძალიან სასიამოვნო იყო რიგ ეპიზოდებში საბა კვირკველიას დამაჯერებელი თამაში. სანიოლს მისი საუკეთესო ფორმა უშუალოდ არ უნახავს, მაგრამ კარგად იცის, რა შეუძლია. როცა დაცვის ხაზში ახალი ფეხბურთელი შემოდის, ის ზოგჯერ კონტრპროდუქტიულია, ყოველთვის ვერ ნახავთ ისეთ გამართლებულ ცვლილებას, როგორიც მამუკა კობახიძის შემოსვლა იყო. ის იდეალურად მოერგო სიტუაციას და კარის "მშრალად" შენახვაში დიდი როლი შეიტანა.
"ვალენსიას" თამაშებს თვალს ვადევნებთ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, გიორგი მამარდაშვილმა თავისი კლასის ზრდა სანაკრებო შეხვედრებშიც რომ გამოაჩინა. აზრის შეცვლას არ ვაპირებთ, გიორგი ლორია ივნისში მთავარი მეკარე იქნება, მაგრამ ასეთი კონკურენციის ფუფუნება ყველა რგოლში რომ შეგვეძლოს...
შევხვდებით 2 ივნისს - საქართველოში გიბრალტარის წინააღმდეგ.