რა დაგვანახა სანიოლის სიამ - ახალი როლი ჩაკვეტაძეს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობას მოუთმენლად ველოდით. ამავდროულად, გააზრებული გვქონდა, რომ ვილი სანიოლის სიაში ბევრ ახალ სახეს ვერ წავაწყდებოდით, თუმცა გარკვეული სიახლეები ვივარაუდეთ. ფრანგი მთავარი მწვრთნელის არჩევანში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ის მაქსიმალურად ყველას აკვირდება, შემადგენლობას ობიექტურად აცხადებს. თითქმის არ გვხვდება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ ნაკრებში მათი თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არც ისე დამაჯერებელი საკლუბო პრაქტიკის ფონზე, იწვევდეს. თუმცა, იყო პოზიცია, სადაც ახალ სახეს ნამდვილად ველოდით.

Sportall.Ge

ყველაზე აქტუალურით დავიწყოთ. ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილისთვის გამოცხადებული ნდობა სახეზეა, თუმცა
იმ ფონზე, როცა გუნდს ოთარ კიტეიშვილიც აკლია და მწვრთნელმა არც ვაკო გვილია გამოიძახა (ახლა ტრავმირებულია და ამ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი ითამაშა), მინდვრის შუაში ახალი ფეხბურთელის გამოძახებას ველოდით. სანიოლმა ამჯერად არც ბათუმის "დინამოელ" სანდრო ალთუნაშვილს უხმო. ბათუმელებს ახლა საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგათ (ამ გუნდიდან მხოლოდ მამუჩაშვილს ვხედავთ) და მწვრთნელის არჩევანი სწორედ ამით უნდა იყოს ნაკარნახევი. სანიოლისთვის ბევრი ალტერნატივა არც ჩვენ შეგვითავაზებია, ლუკა გაგნიძის შანსები განვიხილეთ, თუმცა სხვა ფაქტორებს რომ შევეშვათ, ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ფრანგ სპეციალისტს შესაძლოა, თავი ამ მიზეზითაც შეეკავებინა.

Sportall.Ge

დიდი შანსია, მწვრთნელი გიორგი ჩაკვეტაძის მაქსიმალურად სიღრმიდან თამაშზე ფიქრობდეს, რაც გარკვეულწილად, მისთვის ახალი როლის დაკისრება იქნება. "ჩაკვე" ვლადიმირ ვაისის "სლოვანში" ამ პოზიციაზეც ვნახეთ და გიორგი ახლა ფიზიკურად გაცილებით ძლიერი, კარგ ხასიათზე მყოფი და მწვავეა, ვიდრე ბოლო სანაკრებო მატჩებისას. ისე კი, გიორგი აბურჯანია ივნისში "ერთა ლიგაზე" გამორჩეული იყო, ნიკა კვეკვესკირი კი შუა ხაზში ისევ ჩვენი შეტევების მიმართულების მთავარი განმსაზღვრელი იქნება. ის ახლა ევროტურნირებზე გამოდის, მისმა "ლეხმა" კონფერენს ლიგაზე ესპანურ "ვილიარეალთანაც" მშვენიერი ბრძოლა (3:4 დამარცხდა) გამართა.

კიდევ ერთი საკითხი შეტევაში "ახალ სისხლს" უკავშირდებოდა. აქ ფეხბურთელები მართლაც კარგ ფორმაში გვყავს (კვარაცხელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე). აგვისტო ვაკო ყაზაიშვილსაც შედეგიანი (3 გოლი) ჰქონდა და ზურიკო დავითაშვილიც ნაკრებშია, თუმცა თუნდაც ლევან შენგელიას დაბრუნებას არ გამოვრიცხავდით, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება.

გიორგი ბერიძე "ანკარაგიუჯუში" ცოტა ხნის წინ დუბლით გამოირჩა, თუმცა რამდენიმე შანსის მაინც სათანადოდ ვერგამოყენების შემდეგ სანიოლი მას აშკარად ნაკლებად ენდობა. უფრო სწორი იქნება თქმა, არსებულ კონკურენციაში მის ადგილს და კიდევ ერთი შემტევის გუნდში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ვილის არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდი მაქსიმალურად დაბალანსებული უნდა იყოს. რაც შეეხება ფორვარდს. ფრანგის სიმპათიებს ადრე დავით ვოლკოვი იმსახურებდა, თუმცა ახლა კონკურენცია ამ პოზიციაზეც გაიზარდა და ძველებურ ფორმაში არც აზერბაიჯანში მოთამაშე ქართველია.

Sportall.Ge

ჯერჯერობით სერბეთში ცოტას თამაშობს ირაკლი აზაროვი (მას ცხვირიც გაუტყდა), თუმცა მარცხენაფლანგელს სანიოლის ნდობა აქვს, ისევე, როგორც მწვრთნელის მხრიდან ნაკრებში ამ პოზიციაზე მოაზრებულ გიორგი წიტაიშვილს, რომელსაც "ლეხში" ბევრ დროს არა და არ აძლევენ. თუკი ამ პოზიციას განვიხილავთ, პოლონურ "ზაგლებიეში" გურამ გიორბელიძეს საკმაოდ კარგი სეზონი აქვს.

ალთუნაშვილის საკითხს შევეხეთ და სიაში არც გრიგოლ ჩაბრაძეა. მარჯვენა ფლანგზე ისედაც მწირი კონკურენციაა და ამ ფონზე კიდევ ერთი ცენტრალური მცველის დამატება იქნებ უცნაური იყოს, თუმცა ოთარ კაკაბაძეს, ალბათ, ისევ ფლანგზე ვიხილავთ. ბოლოს ეს უფრო გასვლით შეხვედრებში ხდებოდა, თბილისურ და იმ მატჩებში, სადაც პოზიციური შეტევა მეტად იყო დაგეგმილი, საბა ლობჟანიძე თამაშობდა. ვნახოთ, ეს საკითხი ახლა როგორ გადაწყდება.

საბა კვირკველია ფორმაში შევიდა, ლუკა ლოჩოშვილს სასტარტოში თამაშის ამბიცია გაზრდილი ექნება და კარგია, ნაკრებს ჯიმი ტაბიძე რომ დაუბრუნდა. მას ძალიან დიდი რესურსი აქვს. ჩამოთვლილი ფეხბურთელები, სავარაუდოდ, კონკურენციას ერთი ვაკანტური ადგილისთვის გაწევენ, რადგან გურამ კაშიასა და დავით ხოჭოლავას (ივნისის მატჩებში 1 წუთითაც რომ არ დაუსვენია) ძირითად შემადგენლობაში უალტერნატივოდ განვიხილავთ. აქვე გეტყვით, რომ კვიპროსში გადაბარგებული ლაშა დვალი ტრავმირებულია.

Sportall.Ge

ნაკრებში ერთადერთი დებიუტანტია. "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძის გამოძახება მნიშვნელოვანი იმითაცაა, რომ სამწვრთნელო შტაბი ეროვნულ ლიგას აქტიურად აკვირდება და აქ გამორჩეულ კიპერს (10 "მშრალი" მატჩი) "ჯვაროსნებში" ყოფნის უფლება მისცა. შესაძლოა, გიორგი ლორიასა და გიორგი მამარდაშვილის როტაცია ისევ ვიხილოთ, 24 წლის შოვნაძე კი, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, მნიშვნელოვან გამოცდილებას შეიძენს. ყოველთვის აუცილებელია, რესურსი მაქსიმალურად მოიძებნოს.

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.

altსაქართველოს ნაკრების ახალწვეული: სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც ვგრძნობ

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლუკა გაგნიძე,ბოლო თამაშში განაცხადშიც არ ჰყავდათ და არ ვიცი,გაფრთხილებები დაუგროვდა თუ ტრავმა აქვს.გასაგებია,რომ ზურიკოს ყველანი ძალიან ვენდობით და სრულიად საფუძვლიანადაც,მაგრამ რაც საფრანგეთში გადავიდა,სხვადასხვა მიზეზების გამო,არც ერთი თამაში არ ჰქონია და მის ფორმაზე,ეს აუცილებლად აისახებოდა.კიტეც არ არის,წიტაიშვილსაც ძალიან მცირე სათამაშო დრო აქვს,ჩაბრაძემაც მაგრად მოუკლო და აღარ გამოიძახეს,აღარც გვილიაა და გამოდის,რომ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელია,არასახარბიელო მდგომარეობაში.სანუგეშოა,რომ კარგ ფორმაში არიან ცენტრალური მცველები და თავდამსხმელები.მაკედონიელები უკანასკნელ შანსს ბოლომდე ჩაეჭიდებიან და თავებს გადადებენ,ჩვენთან თამაშში.მეშინია,ვაითუ მაღლიდან გადავხედოთ და მათ სრულ მობილიზებას,ჩვენი სრული მობილიზება ვერ დავუპირისპიროთ.ამ შემთხვევაში გადამწყვეტი გახდება ნახევარდაცვის ბრძოლისუნარიანობა,სადაც პრობლემები გვიჩანს.
სოსო
11:55 15-09-2022
1
არ შეიძლება ბერიძის დავიწყება ის ბოლობოლო თურქეთის სუპერ ლიგაში გამოდის და საკმაოდ კარგადაც,ასევე გაგნიძე მოსკოვის დინამოდან, ნახევარდაცვის ცენტრში კონკურენცია აუცილებელია და დროდადრო ახალი სისხლი ნაკრებს ჭირდება, მერე რა რო გაგნიძე 19-წლის არის ის უკვე მზადაა ნაკრებისთვის, ჰოლანდიის და ბელგიის ნაკრებებში ამ ასაკის გამორჩეულ ახალგაზრდებს ხშირად იწვევენ,ვითუმეტეს კიტეიშვილი არ გვყავს რომელიც ნაკრებისთვის დიდი ძალაა.
qomagi
15:36 15-09-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული