სანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსში უმნიშვნელოვანესი მატჩი (2:1) მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს, რაც სხვა შედეგის შემთხვევაში, შეუძლებელს დაემსგავსებოდა. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებით ტკბობა არაა. ამიტომ უნდა გამოვყოთ ის კრიტიკული ელემენტები, რაც შეხვედრამ გამოაჩინა.

შემადგენლობა

ნორვეგიასთან გამართლებული ტაქტიკური ცვლილებების მიუხედავად, ვილი სანიოლმა მაინც არ თქვა უარი 3-მცველიან ტაქტიკაზე და არც ორი გამოკვეთილი ფორვარდის დაყენებით გარისკა. შესაძლოა, მართლაც არ გვქონდეს ფუფუნება, სტრატეგიულ მრავალფეროვნებებს მივმართოთ და მთავარ მწვრთნელს ამაში უნდა გავუგოთ - მან მიაგნო სქემას, რითაც წარმატებულ პერიოდს მიაღწია.

ნორვეგიასთან მატჩის შემდეგაც
დავწერეთ - როცა ცვლილებები ამართლებს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სასტარტო შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, სანიოლი აქტიურად ადევნებს თვალს შეფასებებსა და გამოხმაურებებს და ამან მასზე გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა. რამდენიმე მოთამაშის ძირითადში ხილვაზე გულშემატკივრებში, ექსპერტებსა თუ ჟურნალისტებში თანხვედრა არსებობდა და ფრანგმა სპეციალისტმა, მარტისგან განსხვავებით, მათ ახლა ნდობა გამოუცხადა. სამწუხაროდ, ეს ლუკა ლოჩოშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში არ გამართლდა, მათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუწევთ, რათა ბევრი სათამაშო დრო მიიღონ.

ჰაერზე ნათქვამი რომ არ გამოგვივიდეს, მეტად ავხსნათ. ვიცით ლუკა ლოჩოშვილის სტილი და მისთვის დამახასიათებელი სიხისტე, თუმცა პენალტის "აკიდების" ეპიზოდში მას უფრო მეტი არჩევანი ჰქონდა - გადაეკეტა მეურვისთვის კარისკენ მისასვლელი გზები და ეცადა, ის პირითი ხაზისკენ წაეყვანა. ასეთი სარისკო თამაში აქ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. "კრემონეზეს" მცველი სხვა ვითარებაშიც დაიჩაგრა, როცა კვიპროსელებმა ხარიხა შეგვიზანზარეს...

Sportall.Ge

შემადგენლობის გამოცხადებისას ისე ჩანდა, გიორგი ჩაკვეტაძეს ან მარცხენა გარემარბად უნდა ეთამაშა, ანაც გამთამაშებლად, თუმცა ის იმ პოზიციაზე ვნახეთ, სადაც სანიოლი ზურიკო დავითაშვილს იყენებს (მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი). შეუძლებელია, "ჩაკვეს" სუსტი თამაში მხოლოდ ამას დაბრალდეს. გიორგის სათანადო მოძრაობა აკლდა, რაც სივრცეებს გიორგი გოჩოლეიშვილსაც გაუხსნიდა, პრესინგის განსახორციელებლად გუნდურ მექანიზმში მონაწილეობას ვერ იღებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი პასი გოლად ვერ აქცია, მეორე ტაიმიდან კი ჩაიკარგა...

კარგი იყო ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება. მას მეტი შეუძლია, თუმცა ჩვენი შუა ხაზი მის გარეშე წარმოუდგენელია!..

სახიფათო შეცდომები

თემურ ქეცბაიას გუნდს ბურთის ფლობის საშუალებას ასე თუ მივცემდით, ეს რთულად წარმოგვედგინა; მეორე მხრივ კი, ყველაფერი ეს კონტრშეტევებზე მეტოქის დასჯით უნდა დაგვესრულებინა, რასაც ვერ ვახერხებდით. ყველაფრის მიუხედავად, კვიპროსელთა მთავარი კოზირი მაინც სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება იყო. სამწუხაროდ, მათ ამის ყველა საფუძველი მივეცით. არ ვიცით, სანიოლის დავალება რა იყო და ბიჭებმა ის როგორ შეასრულეს, თუმცა ამ ასპექტზე მეტი ყურადღება რომ უნდა გამახვილებულიყო, ფაქტია. მოწინააღმდეგეს კარგ პოზიციებზე არაერთი ჯარიმის შესრულების უფლება მივეცით (ამას პენალტიც დაემატა), ხოლო კუთხურების დროს უსუსურად გამოვიყურებოდით, რაც კინაღამ მეორე გაშვებულ გოლად დაგვიჯდა...

Sportall.Ge

სანიოლი

ფრანგ მთავარ მწვრთველს გუნდთან ერთად ყოფნისთვის იმაზე ბევრად მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე ზოგადად აქვს ხოლმე. ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ისინი ერთად პირველად თამაშობდნენ, არ იყო გუნდური კომბინაციები, დაცვასა და შეტევაში თამაში. თითქოს არ ვიცოდით, მეტოქე მინდვრის ცენტრში როგორ შეგვეჩერებინა, გვაკლდა ტემპი და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები. ყველაფერ ჩამოთვლილს მთავარ მწვრთნელთან მივყავართ. ქეცბაიამ შეძლო, სანიოლისთვის სიურპრიზი შეეთავაზებინა, რაც საპირისპიროდ არ ყოფილა, არადა, დაგვიანონსა.

ფრანგმა მისთვის ცოტა უცნაურად, ცვლილებები დააგვიანა, დაახლოებით 15 წუთით. არადა, ლუკა გაგნიძის შემოყვანამ მოედნის ცენტრში ჩვენი თამაში უფრო სწრაფი და მოძრავი გახადა და მწვავე იერიშებმაც იმატა, ლობჟანიძემ და დავითაშვილმა კი გოლი შექმნეს. ზურიკომ ერთხელაც დაამტკიცა, ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

სანიოლს თავისი გადაწყვეტილებების რევიზია და თამამ ნაბიჯებზე ფიქრი ისევ დასჭირდება. საინტერესოა, კარგად მოთამაშე ირაკლი აზაროვს შოტლანდიაში როტაცია შეეხება თუ არა, ასევე, მიიღებს თუ არა შანსს გველესიანი...

Sportall.Ge

"მამარდა", "კვარა" და "ჟორჟი"

ჩვენი ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე ცალკე უნდა ვთქვათ. გიორგი მამარდაშვილს გუნდის გადარჩენა რთულ სიტუაციებში შეუძლია, ამავდროულად კი, მას ისევ აქვს პრობლემები თამაშში ბურთის ფეხით შეყვანასა და გამოსვლებზე. რა თქმა უნდა, გუნდურობა აქაც მნიშვნელოვანია და მხოლოდ მეკარეზე გადაბრალება არ იქნება - იმის, ბურთი კვეკვესკირმა ცუდ ვითარებაში რომ დაუბრუნა და იმისაც, კუთხურების დროს მოწინააღმდეგეები ჩვენ დაჩაგვრას მუდმივად რომ ახერხებდნენ...

რაც შეეხება კვარაცხელიას - როცა მას შედეგიანი მოქმედება არ აქვს, თანაც ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ შეძლო, შესაძლოა, კრიტიკული ელემენტები იზრდება, თუმცა "კვარას" კარგი თამაში ჰქონდა - დაცვით ფუნქციებში თავის გამოჩენა, ბრძოლა, გუნდურობა, წარმატებული დრიბლინგები, თანაგუნდელების საგოლე პოზიციაზე გაყვანა. ყველაფერი იმის ფონზე, რომ მის წინააღმდეგ ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ.

Sportall.Ge

ხვიჩას ერთი პოტენციურად საგოლე პასი მიქაუტაძის მიმართაც იყო გაგზავნილი, "ჟორჟმა" კი კარგად ვერ დაარტყა, მცველი გადაეფარა. ისე კი, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს ფორვარდი, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს - იბრძოლებს, ბევრს იმუშავებს, ბურთს "მოიპარავს" და ცივსიხლიანად გაიტანს. კარგია, რომ მიქაუტაძე გუნდს ბოლომდე მოერგო...

საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს ისეთ მატჩებში გამარჯვება, სადაც ამას მისგან ელიან, შოტლანდიაში კი, წესით, კონტრშეტევებზე უნდა ვითამაშოთ, რაც სხვა ტიპის შანსებს გვიზრდის, მინიმუმ, ჯგუფში დაუმარცხებელი სერია გავაგრძელოთ!..

altსაქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

altსანიოლი: გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ - თამაშით არა

მკითხველის კომენტარები / 82 /
სპორტულ ფორუმებს სხვა ენებზეც ვათვალიერებ (ჩემი შვილიშვილები მეხმარებიან), მაგრამ სპორტალზე ვინც პოსტავს, მოყვარულებიც და სპეციალისტებიც, რაღაცატომ მეჩვენება, რომ უფრო კვალიფიციურია და კომპეტენტური, ვიდრე სხვა ქვეყნის ანალოგიური საიტების შინაარსი. ერთი სიტყვით, ტაქტიკაშიც, ტექნიკაშიც, ფიზიკაშიც მსჯელობა, შემადგენლობის დაყენება - ზოგიერთ ჩვენ პორტალელს მწვრთნელის დონეზე შეუძლია. ზოგიერთს ეს არ მოწონს - ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვსო. მე კი პირიქით მიმაჩნია, რაც უფრო მეტი კვალიფიციური მსჯელობა და დისკუსია იქნება, უფრო უკეთესია ქართული ფეხბურთისათვის, საერთო საქმისათვის, რადგან მიმაჩნია, რომ ქართველი მწვრთნელების უმრავლესობა ნაკლება ერკვევა სათამაშო ტაქტიკაში, ერთმანეთში ურევს ტაქტიკურ განლაგებას და გუნდის სათამაშო ტაქტიკას. მოვუწოდებ ქართველ მწვრთნელებს, სპეციალისტებს უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ თამაშის განხილვებში, თამამად გამოთქვან აზრი, ჩაებან ცოცხალ დისკუსიებში. ასე უფრო აიმაღლებენ თეორიულ ცოდნას და კვალიფიკაციას.
თუმცა, ძალიან საწყენია, რომ ზოგიერთს კვალიფიკაცია და არგუმენტები არ ყოფნის და ყველა საპირისპირო, მიუღებელი აზრის მატარებელს ლანძღავს და შეურაცყოფას აყენებს. ამის წინ, ტაქტიკაზე (4-3-3) და შემადგენლობაზე მქონდა პოსტი და გამოვთქვი აზრი სამი თავდამსხმელით თამაშის შესახებ - მარცხნივ კვარა, ცენტრში მიქაუტაძე, ხან ბუდუ, მარჯვენა ფლანგზე ზურიკო. ვიღაც გამოვარდა და ამის გამო ლამის ფსიქიატრიულში, წარმოსახვითი ნაპოლეონის და რუსთაველის გვერდით დამაწვინა. მესმის მისი გაბრაზების, რომ შეიძლება თინეიჯერი იყო, ან ნააზრევის აღქმის უნარი ჯერ არ გააჩნდა. არც გავბრაზებულვარ - ასეთი ხალხი უფრო თანაგრძნობას საჭიროებენ, მაგრამ მოვერიდოთ სხვის დაცინვას, გალანძღვას, გინებას. ეს ალალი, სპორტული, სასარგებლო საიტია და ჩვენი მოზომილი, ზრდილობიანი კომენტირებით და ურთიერთ პატივისცემით უფრო კარგს და მიმზიდველს გავხდით.
მადლობა საიტის ადმინისტრაციას და წარმატებები ყველას!
თენგაბი
19 ივნისი 2023 11:05
2
მადლობა პირიქით თქვენ ბატონო სოსო, რომ საჯაროდ დამიჭირეთ მხარი უარი ვთქვათ ამ ზიზღით და აგრესიით გაჯერებულ კომენტარებზე. ჩვენ, ქართველები, პატარა ერი ვართ, ერთი დიდი ოჯახი უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერს გავუძლოთ და გადავრჩეთ. ჩვენ ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის გატანა-თანადგომა თუ გადაგვარჩენს. კი ბატონო, დისკუსია, კამათი, აზრების ჭიდილი უნდა იყოს, მაგის გარეშე განვითარება არ იქნება, ოღონდ ამის მიზანი უკეთესი ცხოვრება, ბევრი წარმატებული ქართველი და უკეთესი საქართველო უნდა იყოს. ღმერთო დაიფარე საქართველო და ქართველი ერი!
თენგაბი
19 ივნისი 2023 18:12
0
საინტერესო პოსტია
kiri
19 ივნისი 2023 11:53
0
ყველა გამოხმაურება
პოზიტივი კი ჩანს ნაკრებში, მაგრამ ბევრი ბუქსაობაც თვალსაჩინოა, ჯერ სანიოლის ხელს მაინდამაინც ვერ ვამჩნევ, ლოჩოშვილი ძალიან არასტაბილურია, სამწუხაროდ ვერ უმატებს, უკვე წლებია ვაკვირდები, ფიზ. მონაცემები თითქოს კარგი აქვს, ბევრი მუნუსი ვერ გამოასწორა, ჩაკვესგანაც იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ გაგება შეიძლება უნდა ვაცადოთ, ისე კი ნახევარდაცვაში უძალიანესად გვიჭირს, კვეკვესკირი განლევის ფაზაშია, აბურჯანია კი უკვე....გაგნიძეს მომატების რესურსი ეტყობა, შეკრება დიდი ხანია დაიწყეს და გამიკვირდა ბევრი ლაფსუსი იყო შეთამაშების მხრივ, დაცვაში ბევრი დაბნეულობა და პანიკაც, მამარდას კი ბევრი მუშაობა ჭირდება გამოსვლებზე მართლაც,ჩამოლაბორანტობა თუ არ უნდა..... ვულოცავ საქართველოს, მადლობა ბიჭებს და უმთავრესად უფალს; ამ 2 თამაშში აშკარად ჩვენ მხარეს იდგა....იქნებ სკოტებთანაც ....
გუსანი
18 ივნისი 2023 16:36
2
ვერ მესმის რატომ ხდება რომ არაფერს ცვლის ვილი მოედნის ცენტრში? კვეკესკირი შეუცვლელი რატოა? იქნებ ცადოს და გაგნიძე ათამაშოს ძირითადში? ამ ბიჭმა თუ ვერ გაამართლა მერე შემოიყვანოს კვეკესკირი თუ სხვას ვერავის ენდობა. პირველი არეულობა კვეკესკირის უაზრო თამაშს მოყვა, რასაც მამარდამ დაუმატა შეცდომა. შეიძლება აქედან დაიწყო ის თავდაუჯერებლობა რამაც ასეთი უსუსრი გახადა დაცვა. ლოჩოშვილი ძალიან ტლანქია. გველესიანი გაცილებით გამოცდილია და უფრო უკეთესი იქნება ძირითადში დაიწყოს. კვიპროსთან გამიკვირდა შანსი რომ არ მისცა გველესიანს. ჩაკვე უკვე ძირითადს ვეღარ ქაჩავს სამწუხაროდ. სანიოლი მეორე თამაშია ცდება შემადგენლობის დაყენებაში. მე კი მომეწონა შემადგენლობა თავიდან რომ წავიკითხე, მაგრამ ვილი უნდა ხედავდეს ვინ რა ფორმაშია. თამაშის დროს ვერ ვხედავ ვერანაირ დამუშავებულ კომბინაციებს. შოტლანდიასთან თუ სწორი შემადგენლობას დააყენებს ვილი და ტაქტიკაც 7 კაციანი დაცვა არ იქნება, სიურპრიზის შეთავაზება შეგვიძლია ამ 2 უფერული თამაშის შემდეგ. მთავარია ვილი მარცხის შიშით არ ჩაჯდეს დაცვაში, თორემ მინიმუმ 2 ბურთით მოგვიგებენ. გველესიანი, გაგნიძე და დავითაშვილი ძირითადში. სამივენი თავიაანთ პოზიციებზე უკეთესები და სწრაფები არიან მათზე ვინც ითამაშეს მათ პოზიციებზე. ძირითადის ცვლილება აუცლებელი და ვფიქრობ 3-4 ცვლილება უნდა იყოს შემადგენლონაში.
G.LA
18 ივნისი 2023 17:28
2
კვეკვესკირს, რატო ათამაშებს 11 კაცში ვერ ვხვდები..უამრავ შეცდომას უშვებს და მეტოქეც ხშირად ჯობნის..გაგნიზე უნდა დააყენოს, უკეთესად გამოსდის ყველაფერი და მოტივაციაც გაცილებით მეტი აქვს
giga
18 ივნისი 2023 17:44
2
კი კონკრეტულ პოზიციებზე ნაკრებში არის სუსტი წერტილები და ეს ხელის გულზეც ჩანს. მაგრამ მწვრთნელებს იმიტომ უხდიან რომ ეს ხვრელები იპოვოს და ამოავსოს, მენტორი სულ ძიებაში უნდა იყოს რათა ჩვენი საყრდენი ზონა რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, გამოცადოს ახალი კადრები, მოიძიოს იგივე ელიგაშიც, როცა ფეხბურთელების სერიოზული დეფიციტი გაქვს კონკრეტულ რგოლში შეგიძლია სქემა შეცვალო და იქ მოთამაშეთა სიმრავლის გაზრდით ეს ხვრელი მინიმუმ შეამცირო. კარგი მწვრთნელი ის კი არარის ვისაც ხუთოსანი ფეხბურთელები ყავს და მათი მაქსიმუმის 50 პროცენტითაც დებს შედეგებს, კარგი მწვრთნელის უნარი მაშინ ჩანს როცა მას ყავს სამოსანი ფეხბურთელები და ამ სამოსნების შესაძლებლობების მაქსიმუმი აყავს 90 პროცენტზე.
Charley
18 ივნისი 2023 15:36
0
კვიპროსში იყო ორი ამოცანა: 3 ქულის აღება და მოთამაშეების კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა შოტლანდიაში მატჩის წინ. ორივე ამოცანა შესრულებულია.
ქ. გ.
19 ივნისი 2023 10:53
2
ეს სპორტული საიტია და ყველა გულშემატკივარს აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება. აზაროვი ძალიან კარგი იყო, ლოჩოშვილმა პენალტი რასაც ქვია "გაიჩალიჩა",რა საჭირო იყო იქ, იმ კუთხეში ასეთი ხისტი თამაში არ ვიცი. დიდი პატივისცემის მიუხედავად კვეკვე ნაკრების დონე უბრალოდ აღარაა და მისი გაგნიძით შესვლისას ის უფრო ნათლად გამოჩნდა. ვფიქრობ შოტლანდიასთან გველესიანი აუცილებლად უნდა დააყენოს ძირითადში, ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
ქობულეთიდან
18 ივნისი 2023 15:30
1
გაგნიძე, დვალი, დავითაშვილი ძირითადში. კიტეიშვილმა მეტი უნდა აიღოს თავისთავზე. ჩაკვეტაძე სპორტდარბაზში ფიზიკაზე.
ამო
18 ივნისი 2023 18:32
3
ის ვიდეო დადეთ ხვიჩა კვიპროსელების ავტობუსში რომ ავიდა და ქეცბაია რომ იძახის--ჩაკეტეთ ეგ მანდ არ გამოუშვათოო DDD
zura222
18 ივნისი 2023 14:48
2
სად იდო ?) )
nk
18 ივნისი 2023 15:30
2
მხოლოლ ყველაზე მთავარს ვიტყვი: 1)დაცვას ზევით არ წევენ და მინდვრის ცენტრს უთმობენ!? 2) ბურთს თავისუფლად აღებინებენ საკუთარი კარის მისადგომებთანაც კი, იმის მაგივრად ,რომ ბურთის მიღებისას შეუტიონ და დასწრებაზე ითამაშონ.3)პრესინგს საერთოდ არ თამაშობენ მოწინააღმდეგის ნახევარზე, მგონია საერთოდ არ იციან ეს რა არის,იშვიათად რასაც აკეთებენ ,იმას პრესინგი არ ჰქვია ტყუილა ენერგიის ხარჯვაა, არადა და სწორი პრესინგი დიდი ძალაა და მას ეპიზოდურად მაინც ყველა კლუბი და ნაკრები მიმართავს!
კვეკვესკვირი თამაშის ტემპს ვერ ჰყვება და მისი ადგილი ამ ეტაპზე მაინც ნაკრებში არაამითუმეტეს ,რომ გაგნიძე კარგი ბიჭი ჩანს.სამწუხაროდ არც ჩაკვეტაძეა მზად,მე მგონი ამ ბიჭს უფრო ფსიქოლოგიურად უჭირს(?)იმედია ეშველება.ლოჩოშვილი ზანტია და არც თავით და არც პოზიციურ თამაშში არ გამოირჩევა. მამარდაშვილი მთლიანობაში რბილად რომ ვთქვათ სუსტია(კარის ხაზზე თამაში არ კმარა) და ეს მარტო გუშინდელ თამაშს არ ეხება. მიმაჩნია, რომ ზივზივაძე ძირითადში უნდა იყოს:აზროვნებს ,მებრძოლია ,მეორე სართულზეც კარგია და რაც მთავარია გოლის გამტანია. რაც შეეხება სანიოლს, ბევრი ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზი მისი ბრალია, ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ აყენებს, შეცვლებსაც აგვიანებს, მაგრამ გაგეცინებათ და ყისმათიანი :) მწვრთნელია, თუმცა ეს ყოველთვის არ გვიშველის. თუ შოტლანდიელებს და მერე ნორვეგიელებს სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ასე თავისუფლად მივცემთ საჯარიმოში ჩაწოდების საშუალებას უშანსოდ წავაგებთ ორივესთან!
ვახო
18 ივნისი 2023 18:49
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული