ვინ გააძლიერებს საქართველოს ნაკრებს - ქოჩორაშვილი და არაბიძე სანიოლის სიაში? - სიახლეები აუცილებელია!..

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდის მორიგ მატჩებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ვილი სანიოლის ფეხბურთელები 8 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, 12-ში კი ნორვეგიას ესტუმრებიან. დაახლოებით ორ კვირაში შემადგენლობა ცნობილი უნდა იყოს. შესაბამისად, მთავარი მწვრთნელი უკვე აქტიურად აკვირდება, როგორი შეიძლება იყოს მისი სია და რა სიახლეების შეტანაა შესაძლებელი.

Sportall.Ge

ბოლო მატჩები წარუმატებელი იყო, შოტლანდიაში (0:2) დავმარცხდით, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებთან კი მძიმე (2:1) გამარჯვება მოვიპოვეთ. თუკი სანიოლის ტაქტიკა მანამდე ამართლებდა, უმეტესად მეტოქეებისთვის სივრცეების დათმობითა და კონტრშეტევების ხარჯზე საკმაოდ დიდი წაუგებელი სერია გვქონდა, "ერთა ლიგის"
ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ, ბოლო დროს გუნდში მრავალფეროვნებისა და საკადრო გადახალისების საჭიროება დგას. წარმატება მხოლოდ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

3 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და ლიდერ შოტლანდიას 8 ქულით ჩამორჩება. 4 შეხვედრიდან ამდენივე ქულა აქვს ნორვეგიის ნაკრებს, ესპანელებს ორი მატჩიდან - სამი. რამდენად შეგვიძლია, ამ ვითარებაში მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ, რთული სათქმელია, რადგან ფაქტობრივად, ესპანეთის ნაკრებისთვის გვიწევს კონკურენციის გაწევა...

მეკარე

გიორგი მამარდაშვილი რომ ნაკრების ძირითადი კიპერია, ვიცით, თუმცა აქ კიდევ ორი პოზიციაა. გამოცდილი გიორგი ლორია ჯერჯერობით გუნდში რჩება, მაგრამ ფრანგ სპეციალისტს იქნებ სურს, განაცხადში ის კიპერები ჰყავდეს, რომლებზედაც აქცენტს მომავალში გააკეთებს.

Sportall.Ge

ლუკა გუგეშაშვილი სიაში აუცილებლად იქნება. "ყარაბაღში" მეკარეების როტაცია ხდება, ქართველმა კიპერმა კი აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ტურში ითამაშა. ალტერნატივები ეროვნული ლიგიდანაც არის, ისინი, ვისაც სანაკრებო გამოცდილება უკვე აქვს, თუნდაც "სამგურალის" სასტარტოში წარმატებით დაბრუნებული ლევან შოვნაძე.

დაცვა

საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზში რადიკალური ცვლილებების დროა, მით უმეტეს, თუკი აქცენტს უფრო მეტად ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფსა (სადაც "ერთა ლიგიდან" გავედით) და მომავალზე ვფიქრობთ. ახალგაზრდულმა ევროპირველობამაც დაამტკიცა, რომ საბა საზონოვს ნამდვილად შეუძლია, ეროვნულის სასტარტოში იყოს და ვეტერანების, კაშიასა და კვირკველიას ღირსეული შემცვლელი გახდეს. რამაზ სვანაძის გუნდში სხვა უკანახაზელებიც მოგვეწონა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ივა გელაშვილი ტრავმირებულია, ზოგიერთ მათგანს კი მომავალ შესარჩევში თამაშის უფლება აქვს, სადაც 6 სექტემბერს გიბრალტარს ვუმასპინძლებთ, 12-ში კი მოლდოვას ვესტუმრებით.

Sportall.Ge

დავით ხოჭოლავა ახლა არ თამაშობს და ნაკრებს ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით ცოტა დრო ეძლევა ოთარ კაკაბაძეს, პოლონეთის ჩემპიონატში კი 4 ტური გავიდა. ირაკლი აზაროვი ბოლო ტურში "ცრვენა ზვეზდას" განაცხადშიც არ იყო; აშშ-ში არ დაუწყია საბა ლობჟანიძეს. საინტერესოა, ირანში მოთამაშე გიორგი გველესიანს ამჯერადაც თუ მიიწვევენ. სიაში უნდა იყოს ლაშა დვალიც.

სასიამოვნოა გიორგი გოჩოლეიშვილის კარგ ფორმაში ყოფნა; იქნებ სერბეთში სასურველი კონდიციები დაიბრუნოს გურამ გიორბელიძემ. მწვრთნელი აქ გიორგი წიტაიშვილსაც განიხილავს. რაც შეეხება ალტერნატივებს ეროვნული ლიგიდან, მართალია, 21-წლამდელთა ნაკრებში დრო არ მიუღიათ, თუმცა "საბურთალოს" კაპანაძისა და ჯინჯოლავას სახით საინტერესო ფლანგელები ჰყავს.

Sportall.Ge

ნახევარდაცვა

დასამალი არავისთვისაა, რომ მთავარი ალტერნატივების ძიება საყრდენ ზონაშია. კვეკვესკირი "ლეხის" სასტარტოში, ფაქტობრივად, აღარ თამაშობს. აბურჯანიამ თურქეთში მშვენიერი საგოლე პასი შეასრულა, თუმცა მისი ბოლო სანაკრებო მატჩები წარუმატებელი იყო. ლუკა გაგნიძეს ნამდვილად შეუძლია ჩვენ შუა ხაზს ახალი ელემენტები შესძინოს, ის ბურთით კარგად მოქმედებს და თამამ გადაწყვეტილებებს იღებს. თუკი ოთარ კიტეიშვილს ტრავმა აღარ შეაწუხებს, მისი როლი საქართველოს ნაკრებში დიდია. სანიოლს უფრო მეტი დაფიქრება მოუწევს გიორგი ჩაკვეტაძის ფუნქციებზე. თბილისის "დინამოს" ცუდი ევროსეზონის მიუხედავად, ანზორ მექვაბიშვილს აქვს რესურსი, ნახევარდაცვაში ჩაშლის ფუნქციებით დაკავდეს.

ავსტრიაში წასული სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა "ბაზელიდან" - მათ სანაკრებო სიაში ველით. ესანეთის რანგით მეორე ლიგაში, "ლევანტეს" რიგებში, მატჩის საუკეთესოდ გიორგი ქოჩორაშვილი აღიარეს.

Sportall.Ge

შეტევა

საქართველოს ნაკრებს შეტევაში თითქოს საკმაო რესურსი აქვს - კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია, მაგრამ ვილი სანიოლს სიახლეები აუცილებლად დასჭირდება. ჯერჯერობით არ ვიცით, შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება ვაკო ყაზაიშვილთან დაკავშირებით. გიორგი კვერნაძის იტალიურ სტარტს მოუთმენლად ველით.

თუკი ქართული კლუბების გამოსვლას შევაფასებთ, გიორგი არაბიძის მონდომება და მაღალი კლასის გამოვლენა აუცილებლად აღსანიშნავია. გიორგიმ ბოლო ტურში მშვენიერი ჯარიმა გაიტანა. ვიცით, მას საკუთარ თავზე ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, სტაბილურობას უნდა მიაღწიოს, ჩვენი საკადრო რესურსი კი ამოუწურავი არაა და არაბიძის სიაში ყოფნაზე ადრეც დაგვიწერია.

დაველოდოთ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას!..

altსაქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

altსანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

მკითხველის კომენტარები / 36 /
ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს ყველამ , დღევანდელ ფეხბურთში თუ გინდა რაიმე წარმატება გქონდეს , ფეხბურთელებს უნდა შეეძლოთ 90 წუთის განმავლობაში წინ და უკან სირბილი . ანუ , სწრაფად გადასვლა შეტევაში და სწრაფადვე დაბრუნება თავის ადგილზე . ეს კი , მოითხოვს ფიზიკურ ძალას და გამძლეობას . ამ კომპონენტებში თითქმის ყველა ფეხბურთელი მოიკოჭლებს ჩვენი ნაკრებისა . დააკვირდით რას ამბობს უკლებლივ ყველა მწვრთნელი ჩვენს ლეგიონერებზე : ,, ჯერ არ არის მზად , რომ სრული 90 წუთი ითამაშოს " ?! ამ ნაკლის გამოსწორებას სჭირდება ბავშვობიდანვე სწორი ფიზიკური აღზრდა-განვითარება . როგორც ჩანს ქართულ საბავშვო სკოლებში ეს საკითხი სათანადოი დონეზე არ დაგს . არაბიძის მაგალითი როიმ ავიღოთ ( უდავოდ ნიჭიერია და პატივს ვცემ ), საშემსრუილებლო კლასი აშკარად აქვს , მაგრამ აქტიური მოძრაობა აკლია . მარტო ჯარიმის დასარტყმელად ვერ შეიყვან განაცხადში - ფეხბურთია , კალათბურთი არ არის , რომ ხშირად ცვალო . მეკარეებს რაც შეეხებათ , კუტალაძეს უნდა ,,შველა " ჩემის აზრით , თორემ ვერ გაიზრდება სკამზე ჯდომით უდავოდ ნიჭიერი ბიჭი . კვეკვესკირი , დვალი , ქვილითაია - საუკეთესო შემთხვევაში სკამზე ! არაფერს არ ვერჩი მათ , მაგრამ დღეს ასეა .
zaza
14:38 15-08-2023
1
ლოჩოშვილი და კვერნაძეც კარგები არიან!
მწვრთნელი
12:15 15-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული