სანიოლის ფიქრები შემადგენლობაზე ტაილანდთან - მარცხნივ ჩაკვეტაძე, გადახალისება დაცვაში და შანსი ალთუნაშვილს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები არაევროპულ მეტოქესთან ამხანაგურ მატჩებს შეეჩვია. რადგანაც ახლა ჩვენი მთავარი მიზანი მარტისთვის მზადებაა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა "ერთა ლიგისგან" ბოძებული პლეი-ოფიდან შეგვიძლია, მანამდე ჩატარებული ამხანაგური თუ ოფიციალური შეხვედრების დანიშნულება იმ დროისთვის სათანადო მომზადებაა. აქედან გამომდინარე, შედეგზე მნიშვნელოვანი ტაქტიკური მრავალფეროვნება, ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაცია და ხასიათის გამოსწორება ხდება. "ჯვაროსნები" ბოლო დროს ცუდ ფორმაშია, ვილი სანიოლის მოღვაწეობა კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა ოპტიმიზმს არ ვკარგავთ, რომ ევროფორუმზე გასვლას შევძლებთ. კვიპროსთან ოფიციალური დაპირისპირების წინ, ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ამხანაგურ მატჩში ტაილანდის ნაკრებს "მიხეილ
მესხზე" ვუმასპინძლებთ.

ტაილანდის ნაკრები გაცილებით სოლიდური გუნდია (ფიფას რეიტინგში 112-ე), ვიდრე მონღოლეთი (183), რომელიც ცოტა ხნის წინ დიდი ანგარიშით (6:1) დავამარცხეთ. მათ მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე პირველი ეტაპი გადალახეს და ახლა ძალიან რთული მისია აქვთ, ჩინეთსა და სამხრეთ კორეას აჯობონ.

ტაილანდელებს 47 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი ალექსანდრ პოლკინგი წვრთნის. ფეხბურთელობისას მას გერმანიასა და კვიპროსში უთამაშია, სამწვრთნელო კარიერაში კი აზერბაიჯანიც ყოფილა. ბოლო პერიოდში ის გუნდს 3-4-1-2 ტაქტიკური სქემით ათამაშებს. მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დანიურ "ოდენსეში" მოთამაშე ნიკოლას მიკელსონს. ის მთელ მარჯვენა ფლანგს იკავებს და გააქვს კიდეც. მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ვეტერანი ფორვარდი, 35 წლის "ათიანი" ტეერასილ განგდა. ტაილანდელები ევროპაში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ და ჩვენ შემდეგ ესტონელებს ესტუმრებიან. მათი მთავარი სწორება 16 ნოემბერზეა, როცა ჩინელებს უმასპინძლებენ.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები "მიხეილ მესხს" საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ამხანაგურ მატჩებში აქ, როგორც წესი, ბევრი გაგვაქვს, ბოლოს სამი მატჩი - ლატვია (5:0), ლიეტუვა (4:0, გიორგი ჩაკვეტაძის სადებიუტო გოლი ნაკრებში) და ესტონეთი (2:0). ვილი სანიოლის მხრიდან როტაციას ველით. სწორებად მონღოლეთთან მატჩი რომ ავიღოთ, სასტარტოში იქ მყოფთაგან, რამდენიმე დღეში, ნორვეგიის ნაკრებთან, ძირითად შემადგებლობაში ვერცერთი ვნახეთ. ეს მწვრთნელს აშკარად წინასწარგანზრახული ჰქონდა, არადა, ზოგიერთი მათგანის კარგ სათამაშო ფორმაში დავრწმუნდით. ახლაც ბევრ ცვლილებას ველით და ისევ საინტერესოა, სანიოლი კვიპროსთან სულ სხვა თერთმეტეულს ხომ არ გაიყვანს?

სავარაუდო შემადგენლობის პროგნოზირება რთული იქნება. არ გამოვრიცხავთ, კარის დაცვის საშუალება ლუკა გუგეშაშვილსაც მიეცეს. იმედია, ფრანგი მთავარი მწვრთნელი დაცვის ხაზის როტაციას ამხანაგურ მატჩში მაინც გაბედავს, კვიპროსთან კი ამას ნაკლებად ველით. ივა გელაშვილს ყველა რესურსი აქვს, მომავალში ჩვენი დაცვის ლიდერი იყოს. თუ კვლავ 3 ცენტრალური მცველით ვითამაშებთ, ივამ კაშიას ადგილი, შუაში უნდა დაიკავოს, მარცხნივ კი სანდრო კალანდაძის თამაშია მოსალოდნელი. მარჯვენა ცენტრალური მცველი საზონოვი (რომელიც ახლა ნაკრებში არაა) და კვირკველია არიან. ვნახოთ, ტაილანდელებთან ვის სად ვიხილავთ.

მიგვაჩნია, რომ მარჯვნივ ვლადიმერ მამუჩაშვილი დროს მიიღებს. ამავდროულად, ამ პოზიციაზე საბა ლობჟანიძის სრული ინტეგრაციის იმედი გვაქვს. თუკი ვილი გადაწყვეტს, რომ ირაკლი აზაროვი უნდა დაასვენოს და სხვა ალტერნატივა სცადოს, 3-მცველიან ტაქტიკაში ამას ვერ შეძლებს (შენგელიას მოსინჯვა არ უნდა გამოვრიცხოთ), 4 უკანახაზელის შემთხვევაში კი მარცხნივ თამაში კალანდაძეს შეუძლია. ამ შემთხვევაში, ნომინალური მარჯვენა მცველი არ გვყავს.

გაბრიელ სიგუას "ბაზელში" პროგრესი აქვს. რადგანაც ის ახალგაზრდულ ნაკრებს არ დაუთმეს, სავარაუდოა, რომ სანიოლი მასზე იმედებს ამყარებს. შუა ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ვივარაუდოთ, რომ ამხანაგურ შეხვედრაში სანდრო ალთუნაშვილზე დაკვირვება მოხდება. ამავდროულად, ნაკრებს გიორგი ქოჩორაშვილი კარგად შეეწყო. კიტეიშვილისა და კვეკვესკირის გამოჩენას პირველივე წუთებიდან ნაკლებად ველით. ოთო კარგ ფორმაშია და კვიპროსთან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.

ისევ მონღოლეთთან მატჩიდან რომ ამოვიდეთ, ტაილანდელებთან ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე ველით, გიორგი ჩაკვეტაძემ კი მარცხნიდან უნდა შეუტიოს. "ჩაკვეს" კარგ პერიოდს თითქოს ვხედავთ, მაგრამ კლუბში დრო მაინც არასტაბილურად ეძლევა. გიორგიმ ესპანელებს გაუტანა და იმედია, ამას ახლაც შეძლებს. მარჯვნივ ზურიკო დავითაშვილის შემცვლელიც, რეალურად, არ გვყავს და საინტერესოა, სანიოლი რას მოიფიქრებს. ფორვარდად კი დავით ვოლკოვისთვის შანსის მიცემას რეალურად მივიჩნევთ. თუ არა ამხანაგურ მატჩში, ეს სხვაგან სად უნდა მოხდეს?! ორფორვარდიანი ტაქტიკის "დატესტვის" შემთხვევაში, ის მიქაუტაძესთან ერთად შეუტევს, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა ასევე ძალიან სჭირდება.

დანარჩენს შეხვედრა გამოაჩენს!..

alt"ფეხბურთელთა შერჩევისას ამ ფაქტორს ვითვალისწინებთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია მოახლოებული მატჩების წინ

altსაქართველოს ნაკრების მწვრთნელი ფილოსოფოსობის "იშტაზე" - სადაა მართალი სანიოლი და "სიახლე" სიახლეების გარეშე...

მკითხველის კომენტარები / 29 /
გვითხრა ამ კაცმა (სანიოლმა), ყველა კმაყოფილია ჩემითო და ვინმე ანონიმური პირები თუ მლანძღავენ სოც. ქსელში მაგას მნიშვნელობა არ აქვსო. მართალია მერე.
ფეისბუქზე დღეს შეიძლება ერთმა კაცმა გააკეთოს 50 ფეიკი გვერდი და ყველგან ერთი და იგივე კომენტარი დაწეროს. ამიტომაც დაკარგა ყველანაირი ფასი და ღირებულება მანდ დაწერილმა კომენტარებმა. თვითონ ხალხის ბრალია, აზრის გამოთქმა არ შეუძლიათ არგუმენტირებულად და თავიანთი რეალური პროფილებით. ყველა ფეიკს აკეთებს და სისულელეებს წერს. ამიტომაც დაიკარგა მნიშვნელობა.
მაინტერესებს, როცა მწვრთნელს პრესკონფერენცია აქვს და იძახის ყველაფერი კარგად არისო და მარტო ფეიკები მლანძღავენო, სად არიან ამ დროს ჩვენი სახელგანთქმული სპორტული ჟურნალისტები? ისინი, ვისაც ფეიკს ამოფარება არ სჭირდებათ და თავიანთი სახელით შეუძლიათ კრიტიკული შეკითხვები დასვან?
სად არის ის ჟურნალისტი, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, თითქოს ერთადერთი მისია ჰქონდა ცხოვრებაში, კვარაცხელიას გალანძღვა, დაბულინგება, დაცინვა, "ნაპოლი იყო ტყუილი" და მსგავსი განცხადებების კეთება.
ეგ იყო მარტო მნიშვნელოვანი მისთვის? ან სად არიან სხვა ჟურნალისტები? ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთო საქმე რომელმა გააკეთა? 2021 წლის მარტში, კვარაცხელიასთვის განკითხვის დღის და სამსჯავროს მოწყობა იყო მაგ ჟურნალისტების ერთადერთი ამოცანა და თან აბსურდული ბრალდებებით, ისეთით, თვითონვე რომ შეირცხვინეს თავები და სხვა არაფერი მისია არ ჰქონიათ? თუ რამის თავი აქვთ, მართლა რეალური პრობლემები ეძებონ და დაადგნენ თავზე კრიტიკული შეკითხვებით ყველა ზემდგომს, ვისაც ეგ საქმე ეხება.
წაგებული თამაშის მერე რომ ილანძღებიან და ღლიცინებენ, ის ჰგონიათ ჟურნალისტობა და სასიკეთო საქმის კეთება სპორტისთვის?
ხოდა სანამ რეალურ პრობლემებზე არ ამოიღებს არავინ ხმას და სანამ მიკერძოებულად მოხდება ადამიანების ამორჩევა, გალანძღვა ან ქება-დიდება, მანამდე ასე იქნება ეს სფერო დაქცეული და ათწლეულში ერთხელ ინდივიდუალურად ნიჭიერი ადამიანების იმედზე, ვისაც საბოლოოდ ისევ თვითონვე გამოვუყვანთ წირვას.
Skeleton
02:05 12-10-2023
0
აშკარად, ვგრძნობ მჯერა, რომ ჩვენ ბიჭებს შემტევი ლამაზი ფეხბურთი შეუძლიათ.
დირიჟორი ვერა ყავს, ცუდად ურევს!
თენგო
19:42 11-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული