ლეგიონის უქმეები: არაბულის სადებიუტო გოლი, ლობჟანიძის სადებიუტო პასი [VIDEO]

AutoSharing Option
გიორგი არაბულის სადებიუტო გოლი უნგრეთში და საბა ლობჟანიძის ასევე სადებიუტო საგოლე პასი დანიაში, ზაქარია ბეგლარიშვილის მე-11 გოლი სეზონში, ვაკო გვილიასა და გიორგი ჭანტურიას საგოლე პასები...

ასეთია ქართული ლეგიონის მთავარი მონაპოვარი ამ უქმეებზე...

პორტუგალია, ლიგის თასი.
"მორეირენშემ" I ეტაპი "ავეშთან" 1:0 მოგებით დაძლია. გიორგი მაკარიძე ტრავმირებულია.

გერმანია, II ბუნდესლიგა.
I ტურში არ უთამაშია აკაკი გოგიას, რომლის "უნიონმაც" სტუმრად დაამარცხა ბუნდესლიგიდან გავარდნილი "ინგოლშტადტი" - 1:0. ქართველის უთამაშებლობის მიზეზი ქუსლის ტრავმაა.

არც ლუკას ჰუფნაგელი ყოფილა "ნიურნბერგის" განაცხადში. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო,
"კაიზერსლაუტერნი" 3:0 დაამარცხა.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
ლუკა ზარანდიას "არკა" გიორგი მერებაშვილის "პლოცკს" დაუზავდა - 1:1. ზარანდია განაცხადში არ ყოფილა, ხოლო მერებაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

"პოგონი" შინ 0:1 დამარცხდა "იეგელონიასთან". მასპინძელთა რიგებში არ შედგა ლაშა დვალის დებიუტი, ის სათადარიგო იყო. ტრავმა აქვს მათე ცინცაძეს.

პოლონეთი, I ლიგა.
"სუვალკიმ" შინ 1:2 წააგო "ტიხისთან". მასპინძელთა რიგებში ლუკა ასათიანი სათადარიგო იყო.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა "ზანკტ პოლტენი" - 4:1.

ავსტრია, ერსტე ლიგა.
ლევან ელოშვილის (სათადარიგო) "კაპფენბერგერი" სტუმრად "ინსბრუკს" დაუზავდა - 0:0.

ავსტრია, რეგიონალლიგა.
ლუკა ძიძიგურის (90 წთ) "გრიოდიგმა" 3:0 მოუგო "ჰარდს".

დანია, სუპერლიგა.
საბა ლობჟანიძის "რანდერსი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "მიდტიულანდთან". საბამ 90 წუთი ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა, როდესაც მარჯვნიდან ჩააწოდა და პარტნიორს ფაქტობრივად ცარიელ კარში გაატანინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დანია, I ლიგა.
"ესბიერგმა" ჩემპიონატი მოგებით დაიწყო, "ფრედერიცია" დაამარცხა - 2:1. ბუდუ ზივზივაძე შესვენებაზე გამოცვალეს, ლაშა პარუნაშვილი - 62-ე წუთზე. მათე ვაწაძის "ვიბორგი" სტუმრად "ტისტედთან" 1:2 დამარცხდა. ვაწაძე მოედანზე 27-ე წუთზე გამოჩნდა.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
მეორე ტურშიც იმარჯვა ტრნავის "სპარტაკმა", რომელმაც სტუმრად 2:1 მოუგო "პოდბრეზოვას". ვახტანგ ჭანტურიშვილმა გამარჯვებულთა რიგებში 85-ე წუთამდე ითამაშა.

გიორგი ბერიძის (62-ე წუთზე შეცვალეს) "ტრენჩინი" შინ "დუნაისკა სტრედასთან" დამარცხდა - 1:2.

რუმინეთი, ლიგა 1.
აკაკი ხუბუტიას (90 წთ) "გაზ მეთანი" შინ "კლუჟთან" 0:3 დამარცხდა.

უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილი კარგა ხანია, არ ჩანს "დიოშდიორის" შემადგენლობაში, რომელმაც სტუმრად 3:0 მოუგო "ჰალადაშს". ივლისის დასაწყისში უნგრული წყარო სკეპტიკურად უყურებდა ჩვენებურის გუნდის შემადგენლობაში დაბრუნების შანსებს. როგორც ჩანს, ეს პროგნოზი გამართლდა...

ბაჩანა არაბული "ბალმაზივაროშში" I ტურის მატჩში სათადარიგო იყო, მეორეში შეცვლაზე შევიდა, ახლა კი, ჩემპიონი "ჰონვედის" წინააღმდეგ ძირითადში აღმოჩნდა და სწორედ მისი გოლის წყალობით გადაარჩინა დებიუტანტმა ქულა, ბაჩანამ 69-ე წუთზე გაიტანა (2:2) და იგი 4 წუთში გამოცვალეს. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა პირველი გოლი გაიტანა ლეგიონურ კარიერაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფინეთი, იუკონენლიგა.
ირაკლი სირბილაძის (90 წთ) კპვ სტუმრად "ეკენასთან" დამარცხდა - 0:2. ამით ქართველი ფორვარდის გუნდმა ლიდერობა დაკარგა.

რუსეთი, პრემიერლიგა.
"სკა-ხაბაროვსკში" მეორედ დაბრუნდა, თუმცა რუსულ პრემიერლიგაში კარიერაში პირველად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ. მისი გუნდი სტუმრად მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდა - 0:2. ჩვენებური ეგრევე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, იგი 76-ე წუთზე გამოცვალეს. ნავალოვსკიმ "ჩემპიონატისგან" 6,5 ბალი მიიღო.

ჯიმი ტაბიძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა. ამ შეხვედრის 88-ე წუთზე მასპინძელთა შეცვლაზე შესულმა შემტევმა გიორგი ჭანტურიამ (მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა) მარჯვნიდან ჩააწოდა, "ურალის" მცველმა ბალაჟიჩმა დაარტყა და ბურთი გზად ტაბიძეს მოხვდა და ისე გავიდა "უფას" კარში - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზოგმა წყარომ ეს გოლი ტაბიძის ავტოგოლად მონათლა. ჭანტურიას კი შესანიშნავი დაბრუნება გამოუვიდა ტრავმის მერე, წინა ტურში გოლს, საგოლე პასი მიაყოლა. ჭანტურიამ 7,5 ქულა მიიღო "ჩემპიონატისგან", ხოლო ტაბიძემ - 6,5.

გია გრიგალავას "არსენალი" სტუმრად "რუბინთან" 1:2 დამარცხდა. ქართველმა ჟონატასთან შეჯახებისას თავის ტრავმა მიიღო და უკვე მე-14 წუთზე გამოცვალეს. 
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"არსენალის" ექიმის დასკვნით, გრიგალავას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, მარცხენა ყბის მოტეხილობა, ჭრილობა და ძვლების გადაადგილება დაუდგინდა. მოგვიანებით გაირკვევა, დასჭირდება თუ არა ქართველ მცველს ოპერაცია. ოპერაციის გარეშეც, მისი ვარჯიში მინიმუმ, ერთი თვის განმავლობაში გამორიცხულია. დიდი ალბათობით, გამოჯანმრთელების მერეც გრიგალავას დამცავი ნიღაბი დასჭირდება.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" 1:0 მოუგო ჯაბა ლიპარტიას "ანჟის". კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, "ჩემპიონატისგან" 7,5 ბალი დაიმსახურა, მსაჯისგან კი - ყვითელი ბარათი. ლიპარტია სათადარიგო იყო.

რუსეთი, I დივიზიონი.
"კრილია სოვეტოვი" კვლავ გიორგი ლორიას გარეშე თამაშობს, გუნდმა სტუმრად 2:0 მოუგო "ხიმკის".

თემურ ქეცბაიას "ორენბურგმა" 1:0 იმარჯვა "ზენიტის" დუბლებთან. მატჩის განაცხადში არ ყოფილა ელგუჯა ლობჯანიძე.

უკრაინა, პრემიერლიგა.
გიორგი არაბიძეს მონაწილეობა არ მიუღია "შახტარის" დუბლების მატჩში, როცა მისმა გუნდმა სტუმრად "სტალი" გაანადგურა - 6:1.

"დიდების" გუნდმა უფრო მოკრძალებულად, 2:1 დაამარცხა "სტალი". არც იქ ყოფილა განაცხადში დავით ხოჭოლავა.

"ვორსკლას" რიგებში ჯერ არ ჩანს ანდრო გიორგაძე. "ვორსკლამ" "ზირკას" 2:1 მოუგო.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
ოთარ ჯავაშვილის "სლავია" შინ გიორგი ქანთარიას "ნემანთან" დამარცხდა - 1:2. ჯავაშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა და გააფრთხილეს, ტრავმამოშუშებულმა ქანთარიამ კი სრულად ითამაშა.

ვაკო გვილიას (90 წთ) ბატე-მ 3:0 მოუგო "გომელს". ჩვენებურის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესტონეთი, მეისტრილიგა.
ლიდერ "ფლორას" ზაქარია ბეგლარიშვილის ერთადერთმა გოლმა მოაგებინა "ნარვასთან" მატჩში - 1:0. ჩვენებურმა 36-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ეს ბეგლარიშვილის მე-11 გოლია ჩემპიონატში.

ლიტვა, A ლიგა.
ლევან მაჭარაშვილის (90 წთ) "შტუმბრასი" შინ 0:0 დაუზავდა "იონავას", რომლის რიგებშიც ივლისიდან აღარ ირიცხება დავით მაკარაძე (13 თამაში, 2 გოლი).

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ამჯერად ქართველის გუნდი "ატირაუსთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში 72-ე წუთამდე ითამაშა ლადო დვალიშვილმა (გააფრთხილეს), უჩა ლობჟანიძე განაცხადში არ ყოფილა.

გოგიტა გოგუას (სათადარიგო) "ოკჟეტპესმა" "კაისარს" 3:1 მოუგო.

უზბეკეთი, თასი.
კახა მახარაძის "ლოკომოტივი" ნახევარფინალში გავიდა, მას მერე, რაც დამატებით დროში მოუგო საპასუხო მატჩი "ბუხოროს" - 3:0. 89-ე წუთზე ჩვენებურმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ირანი, სპარსეთის ყურის პროლიგა.
უიღბლო გამოდგა კახაბერ კაკაშვილის ოფიციალური დებიუტი თავრიზის "გოსტარეშში". მისი გუნდი I ტურში 1:4 დამარცხდა "ფარსთან", ხოლო კაკაშვილი 59-ე წუთზე გააძევეს.

აშშ, MLS.
ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" "კოლორადოს" 1:0 მოუგო. ვაკო სათადარიგო იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟურნალისტებო კარგი იქნება, თუ უჩა ლობჟანიძის ჯანმრთველობის მდგომარეობით დაინტერესდებით და გვამცნობთ გულშემატკივრებს.
gizog
12:53 31-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული