ლუკა ზარანდია მოედანს დაუბრუნდა და გდინიას "არკა" პოლონეთის თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. "პოდბესკიძიესთან" სტუმრად გამართული მერვედფინალური შეხვედრა 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა "არკას" შემადგენლობაში შეუცვლელად ჩაატარა და სტუმართა მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა: მე-15 წუთზე გდინიელთა თავდამსხმელმა გჟეგორჟ პიესომ ანგარიში ზარანდიას გადაცემით გახსნა. 61-ე წუთზე ქართველი საჯარიმოსთან ორ მცველს გასცდა და ბურთი ძელს მოარტყა.
ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი, 110-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით, ზარანდიამ თამაშის ბედი გადაწყვიტა - დაახლოებით 30 მეტრიდან ოდნავ წინგამოსული მეკარე
- ლეგიონი: ვაწაძის დუბლი, სხირტლაძისა და ზარანდიას გოლები და პასები [VIDEO]
პოლონელი კომენტატორის სიტყვების თარგმნა საჭირო არ იყო - "ფანტასტიკული გოლი"!
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს ზარანდიამ პოლონეთის თასის ფინალში პოზნანის "ლეხთანაც" გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც "არკა" პოლონეთის თასისა და ევროპალიგის საგზურის მფლობელი გახდა.
- ლეგიონი: ლუკა ზარანდიას შესანიშნავი გოლი თასის ფინალში და პირველი პოლონური ტიტული [VIDEO]
...მაგრამ 27 მაისს, ხოჟუვის "რუხთან" ექსტრაკლასას შეხვედრაში, ლუკამ მძიმე ტრავმა მიიღო - კუნთი გაუწყდა და 2 თვე დაისვენა.
საერთოდ, ტრავმებმა ეს ნიჭიერი თავდამსხმელი ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან გააწვალა და დიდი დრო დააკარგვინა. ზარანდიამ იმკურნალა და ევროპალიგაზე, დანიურ "მიტდიულანდთან" 27 ივლისის მატჩში, კვლავ კუნთი დაიზიანა, რასაც ერთთვიანი დასვენება მოჰყვა... და აი, ის კვლავ მოედანზეა და იმედია, ჯანმრთელობა აღარ უმუხთლებს.
"არკას" მთავარმა მწვრთნელმა ლეშეკ ოიჟინსკიმ კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში თქვა:
"საწყენია, რომ ზარანდია ტრავმებმა გააწვალა. ჩვენ მის გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ველოდით, რადგან შეიძლება ქართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს".
"პოდბესკიძიესთან" სათასო მატჩის შემდეგ ოიჟინსკიმ ზარანდია კიდევ ერთხელ შეაქო:
"ლუკამ დამატებულ დროში ულამაზესი გოლი გაიტანა, ისევე, როგორც პოლონეთის თასის ფინალში. ის შემდგომ ეტაპზე გასვლაში დაგვეხმარა".
პოლონური ინტერნეტგამოცემა sportowefakty.wp.pl წერს:
"არკა" წინ მიიწევს, ზარანდია ისევ გმირია. თანაც, ქართველი გდინიელებს ისევ სათასო შეხვედრაში დაეხმარა".
კიდევ ერთი ადგილობრივი პოლონური საიტი radiogransk.pl ქართველის თამაშს ასე აფასებს:
"მან ფენომენალური გოლით თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ის სტუმართა შორის ყველაზე აქტიური იყო - ერთხელ ბურთი ძელს მოარტყა, დამატებულ დროში კი ძალიან შორიდან, მაგრამ ზუსტად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა".
საერთოდ, ზარანდია მნიშვნელოვანი ფიგურა არა მხოლოდ კლუბისთვის შეიძლება გახდეს, არამედ საქართველოს ნაკრებისთვისაც. როცა უახლოეს რეზერვზეა ლაპარაკი, ზარანდია ერთ-ერთ გამორჩეულ კანდიდატად უნდა მივიჩნიოთ. მთავარია, ჯანმრთელად იყოს და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ნიჭი და პოტენციალი კი უკვე აქვს. ორიოდე თამაშიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ პოლონელებს ეღიარებინათ: მაისში "არკას" თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო მისი საფინალო გოლი -"სეზონის შედევრად".
"ახლა ლუკა კარგად არის. იმედია, ტრავმებისგან დაცული იქნება. ასეთ შემთხვევაში, მთელი სეზონი რომ ჩაატაროს, იმხელა პოტენციალი აქვს, პოლონეთის ექსტრაკლასაში მაღალ დონეზე შეძლებს თავის გამოჩენას", - ამბობს მენეჯერი მალხაზ მუსერიძე.
ზარანდია თამაშობს ქვეყანაში, რომლის ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში მე-6 ადგილზეა, ბოლო წლებში კი პოლონურ ლიგაში ბევრი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი გაიზარდა. მართალია, ლუკა ჯერ საქართველოს ნაკრებში არ მიუწვევიათ, მაგრამ ფორმაში შესული - ნაკრებისთვის სასურველი თავდამსხმელი იქნება და წესით, შანსიც უნდა მიეცეს. ის ნამდვილად არ არის ნაკლებად ნიჭიერი იმათზე, რომელთაც ეროვნული გუნდის უახლოეს მომავლად მოვიაზრებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"