გიორგი გველესიანის ირანული ცხოვრება: კლუბი, ქომაგები, ფინანსები, აკრძალვები და ა.შ

AutoSharing Option
გიორგი გველესიანი საინტერესო რესპონდენტია. ის უკვე მეორე წელს ატარებს ირანში და ერთ-ერთი გამორჩეული მცველია. ქართველი ფეხბურთელი ბლოგების შექმნითაც არის დაკავებული და მისგან ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ, თუ ამ ბმულს ესტუმრებით.

ჩვენ ქართველ ფეხბურთელს დავუკავშირდით და ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.

- საქართველოში ირანის ჩემპიონატს კარგად არ იცნობენ. მოგვიყევი შენი ამჟამინდელი კლუბის შესახებ, როგორი სიტუაციაა, სად თამაშობთ, როგორი ფანები გყავთ და ა.შ.
- მოგესალმებით, მადლობა ყურადღებისთვის. ირანის ჩემპიონატზე თითქმის ყველა ჩემს ინტერვიუში ვსაუბრობ, ჩემს ბლოგში კი დეტალურად აღვწერე ადგილობრივი სიტუაცია. ყველა
პირობაა, რაც ფეხბურთელს სჭირდება, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს. პრინციპში, სხვა ყველაფერი აკრძალულია (იცინის).

რაც შეეხება ამჟამინდელ კლუბს, უმაღლესში წელს აღზევდა. დასწრების მხრივ, 30 ათასი აქტიური ქომაგი ყველა მატჩს ესწრება. ვარჯიშები თეირანში გვაქვს, საშინაო თამაშებს კი ჩრდილოეთ ირანის ქალაქ მაზანდარანში ვატარებთ.

- რა არის კლუბის გეგმები? მთლად სტაბილურად ჩემპიონატში ვერ ასპარეზობთ...
- ამ სეზონზე კლუბი სერიოზული ამბიციებით ვერ დაიკვეხნის ობიექტური მიზეზების გამო. ახალი გადმოსულია უმაღლესში და ახალი ფეხბურთელებით წელს მოხდა ამ კლუბის დაკომპლექტება. ჩემპიონატში კი სუსტ ოპონენტს ვერ შეხვდები. დონე საკმაოდ კარგია და სანახაობრივიც.

- სად უფრო ჯობდა, “ზობ აჰანში” თუ "ნასაჯში"?
- "ზობ აჰანი" შედარებით ძლიერი კლუბია, შარშან მეორეზე დავასრულეთ და აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც თავი კარგად წარმოვაჩინეთ, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, გადავსულიყავი შედარებით სუსტ კლუბში. ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გამო მივიღე.

"ზობ აჰანი" ფინანსურად მაწვალებდა, ტყუილებს საზღვარი არ ჰქონდა. მათამაშებდნენ საყრდენად, მე კი ჩემს პოზიციაზე მინდოდა დაბრუნება. თან ვიცოდი, ახალ გუნდში ერთპიროვნული ლიდერი ვიქნებოდი და ასეც მოხდა. იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე სუსტ გუნდში ვარ, უკვე ყველა გუნდს გაუჩნდა ჩემი გადაბირების ინტერესი.

- როგორც ვიცი, ზაფხულში თბილისის "დინამოში" გთავაზობდნენ დარჩენას. რა მოხდა და დაახლოებით მაინც რამდენჯერ აღემატება ირანული ხელფასი ჩვენებურს?
- კახა კაჭარავამ და ბატონმა რომან ფიფიამ მთხოვეს ზაფხულში ევროპა ლიგის შესარჩევზე დახმარება. მეც ძალიან დიდი სურვილი მქონდა. ყველა უცხოურ გუნდს, რომლებსაც ჩემდამი ინტერესი ჰქონდათ, ვთავაზობდი, 6 თვით იჯარით გავეშვი "დინამოში", ანუ 18-თვიანი ხელშეკრულება 6+12 თვის პრინციპით, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა.

რაც შეეხება ხელფასს, კარგია, რომ კონკრეტული ციფრები არ მკითხეთ, ყოველთვის მეუხერხულება ამაზე საუბარი. ასე გიპასუხებთ: მახსოვს ჩემი ხელფასი ბოლოს "დინამოში", ალბათ, იმ დროს ერთ ერთი ყველაზე მაღალი იყო ჩემპიონატში, მაგრამ ახლა 8-ჯერ მეტს ვიღებ. პროპორცია და გამოთვლა თქვენთვის მომინდვია.

- რამდენად კარგი პირობებია გუნდში" ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას...
- ინფრასრუქტურულად ყველა კლუბი მეტ-ნაკლებად გამართულია ირანში. არ ვიტყვი, რომ ჩემს ამჟამინდელ კლუბს "დინამოს" დონის ბაზა აქვს-მეთქი, მაგრამ რაც საჭირო და აუცილებელია, ყველაფერი გვაქვს.

- რამდენხნიანი კონტრაქტი გაქვს და ბოლომდე ირანში თამაშზე ფიქრობ?
- კონტრაქტი მაისამდე მაქვს, მაგრამ ვიცი, მივიღებ სხვადასხვა წინადადებას. საკმაოდ არაპროგნოზირებადი პიროვნება ვარ და თავადაც ვერ გეტყვით, სად ვიქნები ხვალ და რა გადაწყვეტილებას მივიღებ.

- აკრძალვებზე მინდა გკითხო. სხვა ქალაქში ხარ ამჟამად, უფრო მკაცრი სიტუაციაა მანდ თუ შედარებით უკეთესი?
- ახლა თეირანში ვცხოვრობ. აქ შედარებით ნაკლები აკრძალვებია და საცხოვრებლადაც გაცილებით კომფორტულია. თეირანი მეგაპოლისია, სხვა ქალაქები კი მკაცრად რელიგიურ ფონს ინარჩუნებენ.

- რას აკეთებ თავისუფალ დროს? რითი ერთობი თეირანში?
- თავისუფალი დრო ცოტა მაქვს, მაგრამ როცა მცალია: ონლაინში საბავშვო ბაღში შვილებს ვუყურებ, წიგნებს ვკითხულობ, სხვადასხვა თემაზე ინტერნეტში ლექციებს ვისმენ. სხვა რა გითხრათ გართობაზე, ვსვამ და ვქეიფობ-მეთქი, რომ ვთქვა, დაიჯერებთ?

- როგორი ხალხია ირანელები, ვისთანაც ურთიერთობ, ხომ არა გაქვს პრობლემა თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით?
- როცა თბილისში ჩამოვდივარ, იმდენ ირანელს ვხედავ, თავი ისევ თეირანში მგონია. ასე რომ, აჯობებს, კითხვა შეგიბრუნოთ, თქვენ უკეთ გაიცნობდით. მაგრამ ერთ მეგობრულ რჩევას მაინც მოგცემთ: საქმეში ბოლომდე მაინც ნუ მიენდობით... რელიგიური თვალსაზრისით, პრობლემებს და დისკომფორტს, მგონი, აქეთ ვუქმნი, ხშირად ვატარებ ქრისტიანულ თეოლოგიურ ლექციებს.

- შენს ბლოგში დუშან უჰრინზე საუბრობდი, მას უფანტაზიო მწვრთნელი უწოდე. რატომ არ გიყვარდა “დინამოს” მწვრთნელი და რა უცნაურობები სჩვეოდა მას?
- რას ამბობთ, დუშანი ძალიანაც მიყვარს. თქვენ უბრალოდ ჩემი ფრაზა მოწყვიტეთ კონტექსტს. ბლოგში დუშანს უფანტაზიოს იმიტომ ვუწოდებ, რომ დილა-საღამოს უბურთოდ გვარბენინებდა. უცნაური რა ჰქონდა? ალბათ, “პრიჩოსკა” .


altგიორგი გველესიანი: ფეხბურთი ირანში უფრო უყვართ, ვიდრე საქართველოში

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენი ჟურნალისტების მორიგი "შედევრი" უაღრესად "საინტერესო" რესპოდენტთან.

ვაი გელა!
ჰაჯი დიუფი
13:09 07-01-2019
1
მდა
domenti
19:51 05-11-2018
1

სიახლეები პოპულარული