"აიაქსი", საქართველოს ნაკრები, ნადირობა - ინტერვიუ გიორგი ხარაიშვილთან

AutoSharing Option
შვედური "გეტებორგის" 22 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი ადგილობრივ გამოცემა aftonbladet.se-ს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა.

ინტერვიუ "აიაქსის" თემით იწყება. რამდენიმე თვის წინ იწერებოდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით ჰოლანდიური გრანდი ინტერესდებოდა.

- ამაზე ბევრის თქმა არ შემიძლია. ყველას სურს, რომ კარიერაში ნაბიჯი წინ სწორ დროს გადადგას.

- ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდი?
- არა, ყველამ იცის, რომ გუნდი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ არის. ერთი მოთამაშე შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ერთ ან ორ შეხვედრაში, მაგრამ სეზონი მთელმა გუნდმა ერთად უნდა ჩაატაროს.

ფორმაში ჩასადგომად დრო ყოველთვის მჭირდება, მაგრამ
ახლა 100 პროცენტით მზად ვარ, მთავარი ესაა. ამ შეხვედრებში თამაში ოფიციალურ მატჩებს არ ჰგავს. მთავარია, როგორ ვთამაშობ ჩემპიონატში.

- როგორ ფიქრობ, რა შანსები აქვს "გეტებორგს" ჩემპიონატში?
- ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს, პერსპექტიული მოთამაშეებით. მსურს "გეტებორგთან" ერთად ევროტურნირებზე ვიასპარეზო, თუმცა ამას წელს მოვახერხებთ თუ არა, არ ვიცი.

- პირადად რა მიზნები გაქვს?
- მინდა ბევრი გოლი გავიტანო და მეტი საგოლე გადაცემა გავაკეთო და ამით გუნდს დავეხმარო. ასევე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ადგილი ისევ მოვიპოვო და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშო.

გარდა ამისა, მინდა თავით თამაში გამოვასწორო, ეს ჩემი სუსტი მხარეა, ყველამ იცის...

- ვინ არის შენთვის ფეხბურთში მისაბაძი მაგალითი?
- ედენ აზარი ყოველთვის მომწონდა. 10 წლის ასაკიდან, "ჩელსი" ჩემი საყვარელი კლუბია. აზარი სწორედ ჩემს პოზიციაზე თამაშობს და ის ფანტასტიკური მოთამაშეა. როდესაც საშუალება მაქვს, "ჩელსის" მატჩებს ყოველთვის ვუყურებ, თავიდან კი ჩემი კერპი ფრენკ ლამპარდი იყო.

- თქვენმა მეუღლემ, ნინიკო სირაძემ შვედეთში ბინადრობის უფლება მიიღო...
- გეტებორგი მოგვწონს. მე და ჩემი მეუღლე დავდივართ ქალაქში, რესტორანში, ვთამაშობთ ბილიარდს, დავდივართ ტყეში, რომელიც სახლთან ახლოს გვაქვს.

- რის ნაკლებობას განიცდი, საქართველოდან შორს?
- ნადირობა ჩემი დიდი ჰობია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გაკეთება შვედეთში არ შემიძლია, უფლების მიღება აქ რთულია.

- რაზე გირჩევნია ნადირობა?
- ფრინველებზე ნადირობა მიყვარს. საქართველოში მწყერზე ვნადირობთ ხოლმე. იქ ორი თოფი მაქვს და ძაღლი - რანგო მყავს. დეკემბერში, როდესაც შვედეთში შესვენება იყო, საქართველოში 5-ჯერ თუ 6-ჯერ ვინადირე, თუმცა მწყერზე ნადირობა მხოლოდ ზაფხულში შეიძლება.

- კარგი მსროლელი ხარ?
- არა მიშავს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული