14 აპრილს, პორტუგალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ქართველების "ნასიონალი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ბოავიშტასთან".
მწვრთნელმა კოშტინიამ ორთვიანი პაუზის შემდეგ წინა ტურში "ავეშთან" გიორგი არაბიძე ათამაშა, მაგრამ მისი ასპარეზობით უკმაყოფილო დარჩა, 44-ე წუთზე შეცვალა და "ბოავიშტასთან" შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანა.
რაც შეეხება ავთო ებრალიძეს, ტრავმა მოირჩინა, გუნდის თავკაცმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 69-ე წუთზე შეცვალა. ებრალიძემ თავის ახალ გუნდში პირველად იასპარეზა.
"ნასიონალი" 27 ქულით მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდა და 19 აპრილს "სპორტინგს" უმასპინძლებს.