
პოლონური cksport-ი ვატო არველაძესთან მცირე ინტერვიუს აქვეყნებს.
შესავალში გამოცემა წერს, რომ ვატო არველაძის კარგი თამაშის გამო ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ ქართველი თავდამსხმელი ზაფხულში კლუბს დატოვებს. თუმცა თავად ფეხბურთელი სხვა რამეს ამბობს:
"მე "კორონაში" დარჩენა მსურს. ამ კლუბმა ძალიან ბევრი რამ მომცა. სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ძალიან მეხმარებოდნენ და მე მადლობელი ვარ შანსისთვის".
არველაძე პლოცკის "ვისლასთან" მოახლოებულ მატჩზეც საუბრობს:
"ძალიან მოტივირებული და კონცენტრირებული ვარ მომავალი მატჩის წინ. რთული კვირა გვქონდა, თუმცა იმედი მაქვს, ამ თამაშს მოვიგებთ. ის მებრძოლი და კარგი
გუნდია. ჩვენც ვეცდებით, რომ არაფერი დავუთმოთ", - ამბობს 21 წლის თავდამსხმელი.
ქართველი თავდამსხმელი საუბარს "კორონას" მთავარ მწვრთნელზე გაკეთებული კომენტარით ასრულებს:
"მწვრთნელი მითითებებს გვაძლევს, თუმცა არ გვზღუდავს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვენს ნებაზე უნდა გავაკეთოთ. პირიქით, თამაშის დროს კარგად გვახსოვს მისი დარიგებები", - აღნიშნავს არველაძე.
"კორონას" შემდეგი თამაში ხვალ, 25 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გიორგი მერებაშვილის "ვისლას" წინააღმდეგ აქვს.