"მინო რაიოლა დიდ კლუბში გადასვლაში დამეხმარება, თუ..." - ინტერვიუ ვატო არველაძესთან

AutoSharing Option
პოლონურმა გამოცემა weszlo.com-მა "კორონას" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ვატო არველაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

"მას რჩევებს ხშირად აძლევს შოთა არველაძე - ბიძა, რომელიც ქართული ფეხბურთის ლეგენდაა. მის მამას და ორ ბიძას ეროვნული გუნდის რიგებში ჯამში 103 შეხვედრა აქვთ გამართული. მის კარიერას მინო რაიოლა აკონტროლებს და თუ მაღალ დონეს მიაღწია, ტრანსფერში დაეხმარება, დაბადების დღის მილოცვა კი დეკოსგან, არშავინისგან და ესიენისგან მიიღო.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ვატო არველაძე ძალიან ნიჭიერი და კარიერაზე ორიენტირებული ფეხბურთელია, რომლისთვისაც "კორონა" ტრამპლინი უნდა გამოდგეს. იქნება თუ არა ასე? ის
ტალანტია, კარგი უნარები აქვს" - ასეთი შესავლით იწყებს გამოცემა 21 წლის ქართველთან ინტერვიუს.

- როგორია დაბადების დღის მილოცვის მიღება დეკოსგან, ანდრეი არშავინისგან და მაიკლ ესიენისგან?
- ასეთი ფეხბურთელების მილოცვის მიღება სასიამოვნოა. ეს უფრო მამაჩემის საჩუქარია, რომელიც ბაქოში ამხანაგურ მატჩზე მიიწვიეს და ამ მოთამაშეებთან ერთად ითამაშა. შეხვედრის შემდეგ სადილზე შეკრებილ მეგობრებს მამამ სთხოვა, ვიდეო ჩაეწერათ. შესანიშნავი იყო.

- ოჯახისგან წნეხს გრძნობ? შოთა არველაძის შედეგების გამეორება რთული იქნება...
- დიახ, ვგრძნობ, რადგან ჩვენი ოჯახიდან ფეხბურთს მხოლოდ მე ვთამაშობ. შოთას ჰყავს შვილი, რომელსაც პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ სხვა საქმეს აკეთებს. ჩემმა ძმებმაც სხვა პროფესია აირჩიეს. ამიტომ მთელი ოჯახი მე მგულშემატკივრობს. კარგია, როდესაც გვერდით ასეთი პიროვნებები გყავს, მაგრამ მეორე მხრივ, რთულია, რადგან ყველა ელის, რომ მათზე უკეთ ითამაშო.

თუ მათზე დაბალ ან თანაბარ დონეზე იქნები, მოლოდინებს ვერ გაამართლებ.

გულშემატკივრების მოლოდინზე ვსაუბრობ, რადგან საქართველოში მამას და შოთას ყველა იცნობს, ის "აიაქსსა" და "რეინჯერსში" ბომბარდირი იყო. ოჯახი ბედნიერია, რომ ტრადიციას ვაგრძელებ. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ შოთაზე უკეთესი ვიყო, მაგრამ ჩემზე ზეწოლას არ ახდენენ. ის ყოველთვის მეუბნება, რა არის კარგი და რა ცუდი, მაძლევს მოტივაციას. თუმცა მისი შედეგის გამეორებამდე წინ გრძელი გზაა. ჩემთვის ეს მისიას ჰგავს.

მამა მესის ფანია და როდესაც "ბარსელონა" აგებს, ძალიან ბრაზდება. როდესაც ვხედავ, რა ემართება ამ დროს, წარმოვიდგენ, რა მდგომარეობაშია, როდესაც მე ვთამაშობ. იმედი მაქვს, საუკეთესო კლუბებში ვითამაშებ და გავაბედნიერებ.

- მეორე მხრივ, მათი სახელი დაგეხმარა, ადრეული წლებიდანვე საუკეთესო პირობები გქონდა...
- საქართველოში ფეხბურთი არ არის იმ დონეზე, როგორც პოლონეთში. ჩვენ უამრავი ტალანტი გვყავს, თუმცა 17 წლის ასაკის შემდეგ - როდესაც უფრო პროფესიონალი უნდა გახდე და მაღალ საფეხურზე ახვიდე, დაიწყო თამაში უფროსებთან ერთად, გადახვიდე მაღალ ლიგაში ან წახვიდე უცხოეთში - პრობლემები იწყება. ჩვენ არ გვაქვს ისეთი პირობები, როგორც პოლონეთს, სადაც ბევრი კარგი მოედანი, სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი ან უბრალოდ ფულია... აქ ყველაფერი მაღალ დონეზეა. თუ 17 წლის ასაკში სწორად არ ივარჯიშებ, მოგვიანებით ტრავმები შეგაწუხებს, უცხო ქვეყანაში წასვლის შემთხვევაში კი შესაძლოა მენტალური პრობლემები გქონდეს. პოლონეთში თუ ნიჭიერი ხარ, მარტივად აღწევ პროფესიონალურ დონეზე.

- ანუ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს ქვეყნიდან?
- ასე ვფიქრობ. მეორე მხრივ, ჩვენი პრობლემა პასპორტია.

17 წლის ასაკში "ქასიმფაშაში" ვიყავი, მაგრამ ამ პრობლემის გამო ვერ ვთამაშობდი.

საქართველოში დავბრუნდი, სრულწლოვანი გავხდი და დავბრუნდი, თუმცა ტრავმებმა შემაწუხა. მთელი წელი დავკარგე. გამოვჯანმრთელდი და ისევ იგივე... 19 წლის ასაკში კარგი სეზონი მქონდა და "კორონაში" წამოვედი.

ვფიქრობ, ჯობია საქართველოში ითამაშო, იგრძნო წნეხი და გაიზარდო, ვიდრე "ბარსელონაში" უბრალოდ ივარჯიშო.

Sportall.Ge
ვატო არველაძე ლაშა დვალის წინააღმდეგ

- არასდროს გქონია შანსი, ვთქვათ, "აიაქსის" აკადემიაში წასულიყავი?
- ბიძაჩემს კონტაქტები, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი თავისთვის სხვისი დახმარების გარეშე მიმეხედა - მეშრომა ბევრი და გოლები გამეტანა. თუ შესაბამის დონეზე ავალ, დამეხმარება. ამ დროს შოთა "ქასიმფაშაში" მუშაობდა და იქ იმიტომ წავედი. თუ "აიაქსში" 13 წლის ასაკში წახვალ, ვიღაც სულ შენთან ერთად უნდა იყოს, რაც რთულია. ამიტომ ეს არ გავაკეთეთ.

- პოლონეთის ჩემპიონატზე რას ფიქრობენ საქართველოში და აპირებ თუ არა, ის ტრამპლინად გამოიყენო?
- მხოლოდ კარგს. "ექსტრაკლასა" შესანიშნავია - შესანიშნავი სტადიონებით, კარგი ფეხბურთელებით. დონე ბევრად მაღალია, ვიდრე საქართველოში. ახალგაზრდა მოთამაშისთვის იდეალური ჩემპიონატია.

რაც შეეხება ტრამპლინს, როდესაც ახალგაზრდა ხარ, ყოველთვის გსურს, საუკეთესო ჩემპიონატებში ითამაშო. ეს სურვილი მეც მაქვს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ვიცი, რომ ყველაზე მთავარი აქ კარგად თამაშია.

- სეზონის შემდეგ კლუბის დატოვებას აპირებ? შენით "ტრაბზონსპორია" დაინტერესებული...
- აქ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი დამრჩა და ბედნიერი ვარ. ამიტომ თამაში მსურს. ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება. ჩემი გუნდით ვამაყობ, კარგად თამაში დავიწყე.

- "ტრაბზონსპორი" კარგი ადგილი იქნება?
- ბიძაჩემი იქ ლეგენდაა. ეს კლუბი არველაძეების გვარზე შეყვარებულია. შესანიშნავი ფანები, შესანიშნავი პირობები, ჩემპიონატი... ისინი რეგულარულად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე.

- გრძნობ, რომ სხვა კლუბების ინტერესს აჩენ?
- ხანდახან ასეთი ინფორმაცია მესმის, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი ჩემს ფეხებზეა დამოკიდებული. თუ ცუდად ვითამაშებ, ჩემზე დაკვირვებას შეწყვეტენ და შანსიც გაქრება. თუ მთელ სეზონს კარგად ჩავატარებ, ახლოს ვიქნები უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად. ახლა ვერაფერს ვიტყვი.

- რა როლი ექნება შენს მომავალ ტრანსფერში მინო რაიოლას?
- ოფიციალურად, ის არ არის ჩემი აგენტი, ის უბრალოდ ბიძაჩემის კარგი მეგობარია. ყველამ ვიცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კონტაქტებს. მქონდა შესაძლებლობა, ის გამეცნო. თუ ძალიან კარგ ფორმაში ვიქნები და რეგულარულად გავიტან, დიდ კლუბში გადასვლაში დამეხმარება. იტალიაში ის ნამდვილი ბოსია.

- ანუ აგენტი არ გყავს?
- არა, ჩემს ინტერესებს მამაჩემი წარმოადგენს.

- ჩანს, რომ შენს კარიერაში ყველაფერი აწყობილია, ოჯახი გვერდით გიდგას და მთლიანად ფეხბურთზე ხარ კონცენტრირებული...
- ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა, სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთის გარდა, NBA-ს და ჩოგბურთს ვუყურებ, სხვა სახეობებშიც ვვარჯიშობ ხოლმე. სულ 10-15 წელი მაქვს. ამიტომ ოცნებების ასახდენად ეს დროს უნდა გამოვიყენო. კარიერის დასრულების შემდეგ ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ყველაფერი ღმერთის ხელშია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ის ფეხბურთელი რა ფეხბურთელია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში რომ არ უნდა.
sdfffff
17:06 07-05-2019
8
სისულელეებს ლაპარაკობ, არველაძეების კლანური ინტერესებიდან გამომდინარე და დროზე თავისი აზრის ჩამოყალიბება უნდა ისწავლოს.
sdfffff
17:01 07-05-2019
17

სიახლეები პოპულარული