მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ რუსულ გამოცემა "სპორტ ექსპრესთან" საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია გაიხსენა და ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.
- თქვენ აკადემია გაიხსენეთ. ახლა ხომ აღარაა ისეთი სიტუაცია, რომ მაგალითად, კოკორინის მსგავსი ახალგაზრდა მოთამაშე "მოგტაცონ"?
- როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამ შეუძლებელია? ცოტა ხნის წინ კვარაცხელია წაიყვანეს. დღემდე განვიცდი მის დაკარგვას. ბრწყინვალე ფეხბურთელია, ნამდვილი მებრძოლი. მძიმე გაკვეთილი იყო, თუმცა უკვე ჭკუა ვისწავლე.
- რისი გაკვეთილი, რას გულისხმობთ?
- იმისა, თუ როგორ უნდა ვიმუშაო აგენტებთან.
- ეს როგორ?
- ყველაფერი წამიერად უნდა დააფიქსირო. მოილაპარაკე? მაშინვე ყველაფერი ქაღალდზე
უნდა გააფორმო. მსოფლიოში სატელევიზიო უფლებების სფეროში ხელის ჩამორთმევით მიღწეულ შეთანხმებას ვერ დაარღვევ - წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, ბიზნესიდან მოგისვრიან.
ზოგჯერ შეუძლებელია გარიგების სწრაფად გაფორმება, სხვადასხვა პირობაზე შეთანხმება გვიწევს. ფეხბურთში კი ყველაფერი სხვანაირად არის.
- შეიძლება ითქვას, რომ აგენტმა მოგატყუათ?
- დიახ. ჩვენ წინასწარი შეთანხმება გვქონდა, რომელიც უცებ, ხვიჩას მოქმედი იჯარის დასრულებამდე 5 დღით ადრე შეიცვალა.
- ერთხელ აგენტი კიევის "დინამოს" ჯანო ანანიძის ტრანსფერზე შეუთანხმდა, თუმცა ის მოსკოვის "სპარტაკში" წამოიყვანა. ახლა იმ აგენტს "დინამოს" სიახლოვეს კი არა, კიევშიც არ უშვებენ...
- კვარაცხელიას აგენტთან დაკავშირებით ზუსტად იგივეა. "ლოკომოტივს" ვეღარ გაეკარება. ეს ჩვენთვის ზედმეტად ძვირფასი შეცდომა იყო - თუმცა მომავალში კიდევ უფრო სერიოზულ შეცდომებს ავარიდებთ თავს.
2019 წლის თებერვალში 17 წლის ხვიჩა კვარაცხელია "რუსთავიდან" "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავიდა. მარტში კი პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა და 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რუსეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა.
ივლისში კი ქართველი ფეხბურთელი ყაზანის "რუბინში" აღმოჩნდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ ტურში, "ურალთან" ულამაზესი გოლი გაიტანა და არანაკლები საგოლე გადაცემა გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესებს კი აგენტი მამუკა ჯუღელი იცავს.