საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ნასიონალის" შემტევი გიორგი არაბიძე ახალ გუნდს ეძებს.
22 წლის ჩვენებურს "ნასიონალთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა მისი პორტუგალიურ გუნდში დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა.
გიორგი ამჟამად თბილისში იმყოფება და "ლოკომოტივთან" ერთად ვარჯიშობს.
Sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე გაესაუბრა.
- ერთი თვეა, რაც "ლოკომოტივში" ვვარჯიშობ და სანამ უცხოეთში წავალ, ასე იქნება. ჯერჯერობით თბილისში ვარ და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.
- "ნასიონალთან" კონტრაქტი კიდევ რამდენი ხნით გაკავშირებთ?
- კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი "ნასიონალთან" კონტრაქტის ამოწურვამდე.
- რას აპირებთ
სამომავლოდ... გაქვთ პორტუგალიურ გუნდში დარჩენის ვარიანტი?
- დარჩენის ვარიანტი როგორ არ მაქვს, მაგრამ მე სხვაგან წასვლა მინდა. ზუსტად ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება, მაგრამ სავარაუდოდ, განათხოვრებით ან სრული ტრანსფერით რომელიმე გუნდში გადავბარგდები.
- არის რაიმე კონკრეტული შემოთავაზება ამ ეტაპისთვის?
- რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს... არც იმას დავაკონკრეტებ, რომელი ქვეყნის გუნდებიდანაა ინტერესი.
- როგორც ცნობილია, გია ცეცაძესთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. ის რამდენიმე დღის წინ დაინიშნა "ლვოვის" მწვრთნელად და ხომ არ სურს თქვენი წაყვანა? რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი?
- ჯერჯერობით გიასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. თუ კარგი შემოთავაზება იქნება და პირობები, "ლვოვის" ვარიანტსაც განვიხილავ.