ქოჩორაშვილი: მინდა ესპანეთში თავი დავიმკვიდრო და ნაკრების მაისურა მოვირგო

AutoSharing Option
გუშინ ესპანეთში საამაყო ფაქტი შედგა - "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი გამართა. ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ქართველმა ნახევარმცველმა რამდენიმე წუთით ითამაშა.

"საბურთალოს" პრეს-სამსახური გიორგის ესპანეთში დაუკავშირდა და პირველ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.

- დიდი ხანი ველოდი ამ დღეს. მოხარული ვარ, რომ გარკვეული ლოდინის შემდეგ ჩემი დებიუტი „ლევანტეში“ შედგა. შემიძლია გითხრათ, რომ ოცნების ერთ-ერთი ნაწილი ახდა. თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და პროგრესის გაგრძელებას ვეცდები. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი ოჯახი და გულშემატკივარი გახარებულია. თამაშის შემდეგ ბევრმა მომილოცა და წარმატებები
მისურვა. ეს ფაქტი კიდევ უფრო მახარებს და ძალას მმატებს.

- უკვე კარგა ხანია, რაც "ლევანტეს" განაცხადში იმყოფებით. გქონდათ ბილბაოს "ატლეტიკის" წინ მწვრთნელთან საუბარი?
- მთავარი მწვრთნელი მოვიდა და რამდენიმე წუთით მესაუბრა. მითხრა, ვარჯიშებიდან და მიდგომიდან გამომდინარე, იმსახურებ თამაშსო. როდესაც მწვრთნელი გენდობა და მხარში გიდგას, ძალიან ბევრს ნიშნავს. პანდემიის შემდეგ "ლევანტემ" ცხრა ოფიციალური მატჩი გამართა. აქედან რვა შემთხვევაში გუნდის განაცხადში ვიყავი.

ბევრ ფეხბურთელს არა აქვს ლა ლიგაში თამაშის შესაძლებლობა. მე ეს საშუალება მომეცა და უნდა გამოვიყენო. ვარჯიშებზე ძალიან ბევრს ვშრომობ. მჯერა, დამიფასდება და მომავალში კიდევ მომეცემა თამაშის შესაძლებლობა.

- რა დავალებები მიიღეთ მთავარი მწვრთნელისგან?
- 1:2 ვმარცხდებოდით. აქედან გამომდინარე, მწვრთნელმა თამაშის გადარჩენა სცადა. სამ მცველზე გადავეწყვეთ და შეტევა გავაძლიერეთ. მითხრა, რომ აქტიური ვყოფილიყავი და თამაში უნდა გამემწვავებინა. მართალია, სათამაშოდ დიდი დრო არ მქონდა, მაგრამ…

- თქვენს დებიუტს ესპანეთში რა გამოხმაურება მოჰყვა?
- სახლში რომ მოვედი, თამაშს ვუყურე. კომენტატორები დადებითად შეხვდნენ ჩემს დებიუტს. ჟურნალისტებმა ისაუბრეს ჩემს განვლილ გზაზე, რომ "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ვარ, ამ კლუბში დიდი დრო მაქვს გატარებული. შემდეგ ისაუბრეს, თუ როგორ აღმოვჩნდი ჯერ "ჟირონაში", შემდეგ კი "ლევანტეში".

ესპანეთში საკმაო ინფორმაცია აქვთ "საბურთალოზე". ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მერე ორი შეხვედრა „საბურთალოს“ ძირითად გუნდში მაქვს ჩატარებული და ამასაც გაუსვეს ხაზი. შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივები ყველანაირ ინფორმაციას ფლობენ.

- სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობენ თქვენი ყოფილი გუნდელები და გულშემატკივრები…
- საბურთალოელებთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. ბავშვობაში გატარებული დრო განსაკუთრებულია. მიხარია, რომ ისინი ჩემი მეგობრები და დიდი გულშემატკივრები არიან. ასევე, ძალიან ვგრძნობ გულშემატკივრების გვერდში დგომას. მათი მხარდაჭერა მეტ ძალასა და ენერგიას მაძლევს.

- შეიძლება ითქვას, "საბურთალოს" აკადემიიდან აღმოჩნდით ესპანეთში, რადგან ძირითად გუნდში 2 თამაში ჩაატარეთ და საერთო ჯამში 44 წუთი ითამაშეთ…
- "საბურთალოს" ხელმძღვანელების დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ესპანეთში ვიმყოფები და "ლევანტეში" ვთამაშობ. იციან, თუ სად და რა ეტაპზე უნდა გაუშვან ფეხბურთელი ევროპაში. ჩემ აღზრდასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით "საბურთალოს" მწვრთნელებს. მათი ფეხბურთისადმი სწორი მიდგომა რომ არა, პროგრესს ვერ შევძლებდი.

- ცხოვრების გარკვეული გზა გაიარეთ და შესაბამისად, გამოცდილებაც მიიღეთ, თუმცა წინ კიდევ დიდი გზა გაქვთ გასავლელი. რას ეტყვით იმ ნორჩ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს სპორტში?
- შრომის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. ამავდროულად, რასაც გეუბნებიან მწვრთნელები, უნდა მოისმინო და გააკეთო. რაც ყველაზე მთავარია – უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ.

- საუბრის დასაწყისში თქვით, რომ ოცნების ერთ-ერთი ნაწილი ახდა. რა იქნება მორიგი ოცნება?
– ვიდრე დიდ ოცნებას განახორციელებ, მანამდე პატარა ნაბიჯები უნდა გადადგა. ძალიან მინდა ესპანეთში თავი დავიმკვიდრო ან რომელიმე ტოპ-ლიგის ჩემპიონატში. რაც ყველაზე მთავარია - მსურს მოვირგო ეროვნული ნაკრების მაისურა და გავახარო ქართველი ქომაგი.

წყარო: fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
უკვე ბევრს ნიშნავს ლა ლიგაში დებიუტი. ყველაზე მთავარი ნიჭი, შრომისმოყვარეობაა. როგორც ჩანს, საქმისადმი სწორი მიდგომა აქვს. ასე გააგრძელოს და დაუფასდება. წარმატებები გიორგის!
მერაბი
09:34 14-07-2020
0
ჩემი გადმოსახედიდან არაფერი განსაკუთრებული ფეხბურთელი არარის , მაგრამ მე რომელი ფეხბურთის სპეციალისტი ვარ , ლალიგაში რო გაიჩითები ალბათ გაქ რაღაც რასაც ხედავენ , ნეტა მომავალ სეზონში გაიბრწყინოს . წარმატებები გგულშემატკივრობ ბოლო ამოსუნთქვამდე
ემირ
01:41 14-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული