რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ქართველების "როტორი" გასვლაზე "სოჭისთან" 1:2 დამარცხდა.
"სოჭი", რომელიც ფაქტიურად ჩემპიონ "ზენიტის" ფარმ-კლუბია, ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის, ხოლო "როტორი" პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად და რა გასაკვირია, რომ მატჩი დაძაბული გამოვიდა.
მწვრთნელმა იური ბატურენკომ საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკოლაი ყიფიანი სასტარტოში დააყენა, ხოლო გიორგი არაბიძე განაცხადში არ იყო.
უკვე დებიუტში შეეძლო კვირკველიას ანგარიშის გახსნა, როდესაც კუთხურისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ კი საბა და მეკარე ჩონდრიჩი ერთმანეთს შეეჯახენ და რუდენკომ "სოჭი" დააწინაურა. 30-ე წუთზე შეტკინმა ყიფიანის პასით ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, დავითაშვილს ორი მომენტი ჰქონდა, ჯერ ბურთი კარს ააცილა, ხოლო შემდეგ ხარიხას გაარტყა. ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, 93-ე წუთზე გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
"როტორი" 21 ქულით ჯერჯერობით მე-14 ადგილზეა და 16 მაისს, უკანასკნელ ტურში ყაზანში "რუბინს" დაუპირისპირდება.