"ლა ლიგაში" თამაში, ესპანეთსა და საქართველოს შორის სხვაობა, თოკო შენგელია და ბასკეთი - ინტერვიუ გიორგი გაგუასთან

AutoSharing Option
ევროპის ტოპ-ჩემპიონატში ქართველის გამოჩენა ყოველთვის სასიხარულოა. 20 წლის ქართველი შემტევი გიორგი გაგუა ახალი სეზონისთვის "ალავესის" ძირითად გუნდთან ერთად ემზადება, sportall ფეხბურთელს ესპანეთში დაუკავშირდა და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა.

- როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა? პირველი გუნდი, ასაკობრივი ნაკრები…
- ჩემი საფეხბურთო კარიერა 4-5 წლის ასაკში დაიწყო, სათამაშოდ "ჩემპიონში" მივედი, სადაც მწვრთნელად ოთარ კორინთელი დამხვდა. აქედან ავიდგი ფეხი. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებს, პირველად იქ ასპინძელაშვილის თავკაცობის დროს 15-წლამდელთა გუნდში გამომიძახეს.

- რამდენი წლის იყავი, საქართველოდან რომ წახვედი და რა სირთულეები დაგხვდა ესპანეთში?
- საქართველოდან 15 წლის ასაკში წავედი. მაშინ ესპანეთში პირველად ჩამოვედი, სადაც 1-კვირიანი შერჩევები "ალავესში" გავიარე. სირთულეები, რა თქმა უნდა, უამრავი დამხვდა, პირველ რიგში, ენის ბარიერი, ასევე ის ფაქტი, რომ შევიცვალე გარემო, სადაც გავიზარდე, ბავშვობა გავატარე, საქართველოში კი ჩემი ოჯახი და მეგობრები დავტოვე.

Sportall.Ge

- საერთოდაც, რატომ გადაწყვიტე კარიერის ესპანეთში გაგრძელება?
- ვფიქრობ, ესპანეთი ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია, რათა განვვითარდე და პროფესიონალურ ფეხბურთამდე სწრაფად მივიდე, რასაც ვთვლი, რომ ძალიან სწრაფად მოხდა, ამით ბედნიერი ვარ.

- რა სხვაობაა ესპანურ და ქართულ ბავშვთა ფეხბურთში?
- უშუალოდ ბავშვთა ფეხბურთში არ ვიცი, რადგან მე იქ არ მომიწია ყოფნა, მაგრამ ჩემი აზრით, პირველ რიგში, მიდგომასა და ბავშვების დამოკიდებულებაში იქნება. ესპანეთში თვითონვე გეუბნებიან, რომ მთავარია, შენ იყო საუკეთესოდ, რათა შემდეგ ჩვენც კარგად ვიყოთო. როდესაც შენი გაწვრთნილი ბავშვი წარმატებას აღწევს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ვფიქრობ, აქ ისეთი მენტალიტეტი აქვთ, რომ არ სჭირდებათ რაღაცის გამო მეორე რაღაცის გაკეთება, თვითონვე ბავშვობიდან აქვთ მიზანი, რასაც ბოლომდე მიჰყვებიან; ხოლო მეორე ნაწილს, ვისაც სურვილი აღარ ექნება, შუა გზაში ტოვებს და სწავლას აგრძელებს. საქართველოში ყველაზე დიდ როლს მენტალიტეტი თამაშობს, რადგან ხშირია, რომ  ნებდებიან, არ დებენ თავს, არ იცავენ წესებს, აქ კი ყველაფერი გაცნობიერებული აქვთ, როდესაც ამბობენ, რომ უნდათ ფეხბურთელობა, იციან, თუ რა დათმობაზე მოუწევთ წასვლა და რამდენი შრომა იქნება საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული გახდნენ. ვფიქრობ, სწორედ ამით არიან ესპანელები წინ, ცდილობენ მეტი და მეტი გააკეთონ და ელემენტარულზე არ დაკმაყოფილდნენ. შეიძლება იფიქროთ, რომ აკადემიების ბრალიაო, მაგრამ არა, თბილისშიც გვაქვს მშვენიერი აკადემიები, მაგალითად, "დინამო", "საბურთალო" და "ლოკომოტივი". გარკვეულ ასაკში წარმატებას რომ მიაღწევენ, შემდეგ ბევრი თავს ანებებს ან წყვეტს პროგრესირებას, რაც ჩემთვის ამოუხსნელია.

- კარიერის ესპანეთში გაგრძელების შემდეგ რა აღმოაჩინე ფეხბურთში ისეთი, რაზეც იქამდე არც კი გიფიქრია?
- ესპანეთში ყოფნის დროს აღმოვაჩინე, რომ აქ ყველა პატარა დეტალს დიდ ყურადღებას ანიჭებენ. რა თქმა უნდა, შრომას არავინ გიკარგავს და აბსოლუტურად ყველაფერი გიფასდება. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი განსხვავებაა იმისა, რამაც შეიძლება ქართული ფეხბურთი ისე ვერ განავითაროს, როგორც ესპანური.

Sportall.Ge

- შეაფასე გასული სეზონი და გვითხარი, სხვა გუნდებიდან ხომ არ ყოფილა შემოთავაზება?
- გასულ სეზონს ბოლომდე დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან გუნდი დაქვეითდა. რაც შეეხება პერსონალურად ჩემს სეზონს, სიმართლე გითხრათ, მოლოდინს გადააჭარბა, რადგან დასაწყისში თავიდან მე-3 გუნდში უნდა მეთამაშა, პრე-სეზონის დროს კი მეორე გუნდთან ერთად ვივარჯიშე. სწორედ მანდ მოვეწონე მწვრთნელებს და მეორე გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცეს. მიხარია, რომ გუნდის ბომბარდირი გავხდი და თამაშების მოგებაში ჩემი წვლილი შევიტანე.

- რომელია შენთვის საუკეთესო პოზიცია მინდორზე და რატომ?
- მინდორზე საუკეთესო პოზიცია, რა თქმა უნდა, თავდამსხმელია, რადგან მოედანზე გოლის გატანა ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარს.

- მოგვიყევი ალავესის შესახებ - ქალაქ ვიტორიაზე, კლუბზე, აკადემიაზე, ფანებზე…
- თვითონ ალავესი ძალიან ტრადიციული კლუბია, ეს გუნდი ქალაქში ყველას ძალიან უყვარს. თამაშის დღეს ჩვეულებრივი ფიესტა გახლავთ, ასე ეძახიან აქ ზეიმს და ამ ყველაფერში მთელი ქალაქია ჩართული. რაც შეეხება აკადემიას, ვფიქრობ, ძალიან კარგია, გამოცდილი და ყურადღებიანი მწვრთნელებიც, რომლებიც ბავშვების მაქსიმალური განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

- თორნიკე შენგელიამ ვიტორია ჩემპიონის ტიტულით დატოვა. მანდ ყოფნის მანძილზე ხომ არ შეხვედრიხარ თოკოს და როგორი დამოკიდულება აქვთ მის მიმართ ფანებს?
- თოკოს ქალაქში რამდენჯერმე შევხვდი. აქ მას აღმერთებენ. თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ შენგელია აქ გაკერპებული ჰყავთ, ძალიან უყვართ; მეტიც, ჩემი აზრით, ვიტორიაში ყველა ქართველი უყვართ, რაც დიდწილად სწორედ თოკოს დამსახურებაა.

- ისე კი, ბასკური ენა ხომ არ გისწავლია?
- ელემენტარულებს თუ არ ჩავთვლით, როგორიცაა გამარჯობა, მადლობა და მსგავსი სიტყვები, ბასკური ენა ჯერ არ მისწავლია... როგორც ვიცი, საკმაოდ რთული ენაა, თუმცა შესაძლოა ესეც მასწავლონ.

- მთავარ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანე. მატჩის შემდეგ მწვრთნელთან ხომ არ გისაუბრია და თუ კი, რა გითხრა?
- დიახ, სადებიუტო გოლი გავიტანე, რამაც ძალიან გამახარა, რადგან, ვფიქრობ, რომ ეს გოლი ჩემს კარიერაში გარდამტეხი იქნება. რაც შეეხება მწვრთნელს, თამაშის შემდეგ ის მოვიდა და გოლის გატანა მომილოცა, ასევე, კარგად თამაში დამიფასა და შემაქო, რამაც ერთიორად აღმაფრთოვანა.

Sportall.Ge

- რას გეუბნებიან კლუბში შენი მომავლის შესახებ? გექნება თუ არა ლა ლიგაში თამაშის შანსი? კონტრაქტი რომელ წლამდე გაკავშირებს?
- კლუბში თამაშთან დაკავშირებით არაფერს მეუბნებიან, თუმცა იმედი მაქვს, რომ ლა ლიგაში თამაშის შანსი მომეცემა, რათა თავი იქაც გამოვიჩინო. გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე მაკავშირებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მენდობიან და მე ჩემი მხრიდან იმედების გასამართლებლად ყველაფერს ვიზამ.

- ვინ არიან ძირითად გუნდში შენი მთავარი კონკურენტები?
- ძირითად გუნდში ჩემი მთავარი კონკურენტები იონ გუიდეტი, ხოსელუ, ტაიჩი და ლუკას პერესი არიან, მაგრამ დიდი ალბათობით, ხოსელუ და პერესი გუნდს დატოვებენ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ თავის გამოჩენის შანსი მომეცემა, ამისთვის კი მე ყველაფერს გავაკეთებ.

- და რომელი მწვრთნელის გაწვრთნილ გუნდში ითამაშებდი?
- დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდში, რადგან "ბარსელონა" იმ პერიოდში ძალიან მომწონდა და ვთვლი, რომ პეპი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.

- აღგვიწერე შენი რუტინა: როგორი არის გიორგი გაგუას ერთი დღე?
- გიორგი გაგუას ერთი დღე მარტივია, დილით ვიღვიძებ, თავს ვიწესრიგებ, ვსაუზმობ. თუ ორჯერადი ვარჯიში გვაქვს, მაშინ ვარჯიშზე მივდივარ. უკან დაბრუნებულს სადილი გვაქვს. გარკვეული პერიოდის შემდეგ დასვენება იწყება. მეორე ვარჯიში თუ გვაქვს, მივდივართ იქ, უკან ვბრუნდები, ვვახშმობ. შემდეგ უკვე ძილის დროც მოდის. რაც შეეხება დასვენების დღეს, ხშირად მეგობრებთან ან გუნდელებთან ერთად ქალაქში გავდივარ და ვსეირნობთ. თავისუფალ დროს კი მეგობრებთან, ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან საუბარში ვატარებ. ასევე მიზიდავს playstation-ის თამაში და წიგნების კითხვა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ვასწრებ.

- სანაკრებო თემატიკაზე რომ ისაუბრო, ბოლო პერიოდში ასაკობრივი ნაკრებიდან არავინ შეგხმიანებია? U19 ან U21...
- ბოლო პერიოდში 21-წლამდელებში ორჯერ გამომიძახეს. უბრალოდ, პირველ გამოძახებაზე გუნდმა ოფიციალურად ნაკრების ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ დავრჩენილიყავი, რადგან წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვქონდა, ნაკრებში კი ამხანაგური შეხვედრა იყო. მაშინ რამაზ სვანაძემ (ნაკრების მწვრთნელმა) უფლება მომცა, დავრჩენილიყავი და გუნდთან ერთად მეთამაშა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მეორე გამოძახებაზე ისრაელში უნდა წავსულიყავით, რათა ამხანაგური შეხვედრები ჩაგვეტარებინა, თუმცა მაშინ ისრაელში არსებული რთული პერიოდი დაემთხვა და ვეღარ წავედით.

- 17-წლამდელთა გუნდში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გამოდიოდი. რა საერთო და განსხვავება აქვს 17 წლისა და 20 წლის ხვიჩას?
- ხვიჩას 9-10 წლიდან ვიცნობ და ყოველთვის ჰქონდა ის სურვილი, რომ პროფესიონალური ფეხბურთი ეთამაშა და საუკეთესო ყოფილიყო. ვთვლი, რომ კვარამ ეს ყველაფერი შეასრულა და ასრულებს კიდევაც. განსხვავება - გარეგნულად შეიცვალა, დანარჩენი ყველაფერი იგივეა, მაგალითად, თამაშის სტილი, ადამიანობა...

- რა არის შენი ჰობი? როგორია გიორგი გაგუას ცხოვრება ფეხბურთს მიღმა? სწავლის გაგრძელებას ხომ არ აპირებ?
- ჰობი playstation-ის თამაში, მეგობრებთან ერთად ყოფნა, წიგნის კითხვა გახლავთ. სწავლით ჯერ ესპანურს ვსწავლობ, კი ვიცი უკვე, თუმცა საჭიროა კონკრეტული დონის დახურვა, რასაც სექტემბერში გამოცდის მეშვეობით გავაკეთებ. ასევე მინდა განვაგრძო სწავლაც...

- რა მუსიკას უსმენ? საყვარელი მუსიკოსი?
- მიყვარს 90-იანების მუსიკა, რაც დიდწილად ჩემი მშობლებიდან გამომდინარეობს, რადგან მთელი ბავშვობა მათ ვუსმენდი. საყვარელი მუსიკოსი ამერიკელი რეპერი "2 pac" გახლავთ. რაც შეეხება ჟანრს, მხიბლავს ჯაზიც, ჰაუსიც. მოკლედ რომ გითხრათ, ყველაფერს ვუსმენ, რაც მომწონს.

- საყვარელი წიგნი, ფილმი, სერიალი...
- ჩემთვის საყვარელი წიგნი შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალია. ფილმს ვერ გამოვარჩევ, თუმცა უპირატესობას "ფორსაჟს" მივანიჭებ. სერიალებს დიდად არ ვუყურებ.

- ვინ შეგაყვარა ფეხბურთი?
- ფეხბურთი არავის შეუყვარებია, ბავშვობიდან მე თვითონ ძალიან მიყვარდა, თუმცა მამაჩემი ყველაფერში გვერდში დამიდგა და ჩემს ამ წარმატებაში ლომის წილი დაიდო... რაც შეეხება ბავშვობის საყვარელ ფეხბურთელს - რონალდინიო გახლავთ.

- დასრულებულ ევროზე რას ფიქრობ?
- ევრო 2020 ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, თავი ისეთმა გუნდებმა გამოიჩინეს, რომლებიც, ბევრს არ ეგონა, რომ წარმატებას მიაღწევდნენ. თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა თამაში დაძაბული იყო. რაც შეეხება გამარჯვებულს, უძლიერესმა გაიმარჯვა, იტალიამ ევრო 2020-ის თასი თავისი უძლიერესი დაცვითა და კრეატიული შეტევით დაიმსახურა. მინდა 2 ფეხბურთელი გამოვყო - მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა და ტურნირის აღმოჩენა კიეზა (მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსში" გამოანათებდა ხოლმე, ასეთ დონეზე ჯერ არ უთამაშია).

მკითხველის კომენტარები / 10 /
გაგუას რო იმის ნახევარი რეკლამა ქონოდა, როგორც ზოგს, ან მისი 6 გოლი ესპანეთში რუსულ 4 შედარებულიყო უფრო სამართლიანი იქნებოდა.
რეზო
10:19 20-07-2021
3
ლევ მასწს- პირველრიგში წარმატებები ამ ბიჭს წინსვლა და დიდი კარიერა ვუსურვოთ , ბედნიერები ვიქნებით ყველა . ნაკრებსაც ნამდვილად ჭირდება და ქვეყანასაც. მაგრამ საიდან ამდენი ბოღმა, რას აპირისპირებთ? ხვიჩამ ესეიგი რამე დაუმსახურებლად მიიღო? სირცხვილია ეგეთი დამოკიდებულება
დათო
09:22 20-07-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული