ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას გუნდები კონფერენს ლიგისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას ქართველი ლეგიონერების რამდენიმე კლუბი მიიღებს, ყაზანის "რუბინი" და ბერძნული "პაოკი" კი მეტოქეებს დაელოდებიან, რადგან ისინი საქმეში მესამე ეტაპიდან ჩაერთვებიან.

"რუბინის" სავარაუდო მეტოქე გარკვეულია. ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი ლიეტუვის "სუდუვასა" და პოლონურ "რაკოვს" შორის საუკეთესოს შეხვდება. ყაზანელები პირველ შეხვედრას 5 აგვისტოს, სტუმრად გამართავენ.

გიორგი ჩაკვეტაძის ბელგიური "გენტი" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიულ "ვოლერენგას" დაუპირისპირდება, წარმატების შემთხვევაში კი ლატვიურ რფს-სა და უნგრულ "პუშკაშ აკადემიას" შორის გამარჯვებულთან ითამაშებს. სხვათა შორის, რიგაში გასამართ პირველ შეხვედრას ქართველი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი განსჯის.

ბერძნულ "პაოკში", ნიკა ნინუას გარდა, ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთი ფეხბურთელია - ქართული წარმომავლობის მქონე, 19 წლის ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი. "პაოკის" მეტოქე ლუქსემბურგის "დუდელანჟსა" და ირლანდიურ "ბოჰემიასნის" წყვილში უკეთესი იქნება. პირველი მატჩი საბერძნეთში გაიმართება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი ბერიძის უნგრული "უიპეშტი" ლიხტენშტაინის "ვადუცს" შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებულს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ელის - შვეიცარიის "ბაზელი" ან ალბანური "პარტიზანი".

ქართველების დაპირისპირება მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ შეხვედრაშია მოსალოდნელი - ელგუჯა ლობჟანიძის ყაზახური "ტობოლი" უეფას რანგით მესამე ტურნირის მეორე ეტაპზე ხორვატიის "ჰაიდუკს" შეხვდება, ამ ბარიერის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი ან გიორგი პაპუნაშვილისა და რევაზ ინჯგიას "აპოლონს" შეხვდება, ანაც გორის "დილას" დამმარცხებელ სლოვაკურ "ჟილინას".

altგულშემატკივართა სურვილი ახდა - "ანორთოსისის" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

alt"დინამო" შესაძლოა, ისევ ფარერულ კლუბს დაუპირისპირდეს - კონფერენს ლიგის კენჭისყრა

alt"დილას" მწვრთნელი: მსაჯმა მეტოქეს პენალტი აჩუქა და თამაში გააფუჭა







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული