რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „დინამოსთან“ 2:3 დამარცხდა.
დედაქალაქელები მეორე ადგილზე იმყოფებიან, ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ამ მატჩში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. sports.ru აღნიშნავდა, რომ „რუბინმა“ მოულოდნელად სოჭში გამარჯვება მოახერხა და თუ სლუცკის ბანდა ქულას აიღებდა, ეს მათთვის დადებითი შედეგი იქნებოდა.
მატჩში მოვლენები კი ასე განვითარდა: სტუმრები 30-ე წუთზე „რუბინის“ ყოფილმა შემტევმა მაკაროვმა დააწინაურა. 30-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ვარელას გასცდა, ბაკაევს პასი გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის დასასრულს ხვიჩას შორიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა შუნინის კარის ცხრიანს.
შესვენების შემდეგ მასპინძლები პენალტით დრეიერმა წინ გაიყვანა. 62-ე წუთზე მაკაროვმა ხვიჩა მოცელა. 65-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში ყაზანელთა მცველ ზოტოვს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი მორომ ვერ გამოიყენა. თუმცა, მალე ბალბუენამ ანგარიში მაინც გაათანაბრა. როგორც ჩანს, ხვიჩას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რადგან კოჭ-წვივზე ხელი მოიკიდა და შეცვლა მოითხოვა. მის ნაცვლად 73-ე წუთზე მოედანზე მუსაევი შევიდა. 85-ე წუთზე მოსკოველთა პოლონელმა ლეგიონერმა შიმანსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„რუბინი“ 22 ქულით მე-9 ადგილზეა და 5 დეკემბერს გასვლაზე „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდება.