გიორგი წიტაიშვილს კარგა ხანი არ უმართლებდა, ტრავმებმა ძალიან დახია უკან, მაგრამ მონდომებულია და როგორც ჩანს, ფორმაში ჩადგა. გიო "ჩერნომორეცის" მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა მისთვის უჩვეულო, მარცხენა მცველის პოზიციაზე დააყენა და აქტიურობით გამოირჩევა.
ოდესური გუნდი თურქულ შეკრებაზე Winter Cup 2022-ის ტურნირზე იღებს მონაწილეობას. პირველ ტურში "მეტალისტს" დაუზავდა (3:3), პენალტების სერიაში კი 5:6 დამარცხდა. ჩვენებურმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.
მეორე ტურში "ჩერნომორეცი" "პოლესეს" შეხვდა და წიტაიშვილი კვლავ გამორჩეული იყო. აი, რას წერს მის შესახებ ua-football-ი მატჩის მიმოხილვაში:
"პირველ ტაიმში მარჯვენა ფეხით (არამუშათი) ბურთი ძელს გაარტყა. ეს სოლო-რეიდის შემდეგ გააკეთა. რომ გაეტანა, ლამაზი იქნებოდა.
მეტოქეს შესვენებამდე ყველაზე რეალური შანსი გიოს შეცდომის შემდეგ მიეცა (ვინგერად დაბადებულს, დაავიწყდა რა, რომ ამიერიდან უკვე განაპირა მცველია, მოწინააღმდეგის ნახევარზე გაიწია და უთანასწორო ბრძოლაში ბურთი დაკარგა), მაგრამ მეკარემ გადაარჩინა.
55-ე წუთზე პოჟეგმა ბურთი მარცხენა ფრთიდან წაიღო, საჯარიმოში გიო მონახა, მან კი ცხრიანში ჩააჭედა. ლამაზი გოლი გამოვიდა".
88-ე წუთზე "პოლესემ" ანგარიში გაათანაბრა, ხოლო პენალტების სერიაში 5:4 იმარჯვა. ქართველმა თერთმეტმეტრიანი ისევ უზადოდ შეასრულა.
ნამატჩევს წიტაიშვილის გოლზე კომენტარი გრიგორჩუკმა გააკეთა: "შესანიშნავად იყო შესრულებული. ეს ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედო მეტოქის საჯარიმოში".