კვარაცხელიასთან მაინც ინანებ - შეფასების კრიტერიუმები, მწვრთნელის როლი და მომავალი პენალტისტის ამბავი...

AutoSharing Option
"მარჯვნივ წახვალ - ინანებ, მარცხნივ წახვალ - მაინც ინანებ“ - "ნაპოლის“ მატჩების წინ, დაახლოებით, ასეთია მათი მოწინააღმდეგეების მთავარი მწვრთნელების დილემა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა. "აინტრახტის" თავკაცმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ქართველი გარემარბი თამაშიდან გამოეთიშა, რისთვისაც საგანგებოდ ბევრს იმუშავებდა, თუმცა ამის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია!..

Sportall.Ge

"კვარას" არ გაუმართლა, თორემ შეხვედრაში გატანა (პენალტის გარდა) ორჯერ შეეძლო. ამავდროულად კი, ვნახეთ ის, რაც ხვიჩას ყოფილ კლუბში ნაკლებად შეგვინიშნავს - თანაგუნდელებმა ამ გარემოებით შექმნილი სივრცეებით მშვენივრად ისარგებლეს.

ბედნიერებაა, როცა "ლივერპულისა" და "რეალის" ზღაპრული მატჩის ინტერესი
საქართველოში შენელებული იყო, რადგან "ნაპოლისა" და ჩვენებურის შეხვედრას ერთი წამითაც ვერ მოვწყდებით. დეტალური განხილვაც ძალიან გვაინტერესებს. გასაგებია იტალიური გამოხმაურებები, გვსიამოვნებს ცნობილი ფეხბურთელების შეფასებები, თუმცა "ჩვენი" მაქსიმალურად ბევრი უნდა ვთქვათ, უკეთესი სამსჯელო რა გვაქვს?!

Sportall.Ge

რას ამბობს ქულები?!

Sofascore-ის შეფასებას თუ ჩავხედავთ, ერთი შეხედვით უცნაური ისაა, რომ როგორც ნეაპოლელთა მარცხენაფლანგელებს (ოლივერა/კვარაცხელია), ასევე მათ საპირისპირო მხარეს მოთამაშე გერმანელებს დაბალი ქულები აქვთ. საინტერესოა, რატომ? ვითარება უფრო ცხადად ავხსნათ. ფრანკფურტელები 3 ცენტრალური მცველით თამაშობდნენ. ასეთ დროს რომელიმე ფეხბურთელს მთელი ფლანგის კონტროლი, ანუ დაცვასა და შეტევაში თამაში ევალება. "აინტრახტის" პორტუგალიელი ფლანგელი ბუტა, რომელიც ბუნდესლიგაში გამამწვავებელ კომპონენტში საკმაოდ ეფექტურია (გოლებიც გააქვს), მთლიანად კვარაცხელიას ნეიტრალიზებით და ამ საქმეში ბრაზილიელი ტუტას დახმარებით იყო დაკავებული. მიუხედავად ოლივერას საკმაოდ არადამაჯერებელი თამაშისა, ხვიჩას გამოისობით, გერმანელები მარჯვენა ფლანგიდან შეტევის განვითარებას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, შეხვედრის მასპინძლებმა აქ ხეირი ვერ ნახეს. ის, რომ მაღალი შეფასება არც კვარაცხელიას აქვს, ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. შესაძლოა, ჩვენებურს არ უმართლებდა და ერთიანი ასპექტებით ამ პოპულარულ ვებგვერდზე 6.6 აქვს, თუმცა სხვა ფაქტორებთან ერთად, გენიალური საგოლე პასით მატჩის შედეგი საბოლოოდ გადაწყვიტა.

იქიდან გამომდინარე, რომ ფრანკფურტელთა მობილიზება კვარაცხელია-ოსიმენის ირგვლივ იყო გადანაწილებული, ეს თავისუფალ ზონებს მარჯვენა ფლანგსა და ირვინ ლოსანოს აძლევდა, რადგან მარცხენაფლანგელ მაქსს მის წინააღმდეგ დამზღვევი, ფაქტობრივად, არ ჰყავდა. კოლო მუანის გაძევების შემდეგ ეს პრობლემა უფრო წარმოიშვა. მექსიკელმა ბოლო დროს მოუმატა და პოლიტანოსთან კონკურენციაც დაძლია. მის გარჯას არავინ აკნინებს და ლოსანო მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, თუმცა "მთელი" ფრანკფურტი რომ მეტოქის მარცხენა ფლანგზე ფიქრობდა, ვერც ამას გავექცევით.

Sportall.Ge

სპალეტის გარდატეხა

მატჩის მიმდინარეობისას თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია. გამოუყენებელი პენალტის შემდეგ, როგორც მისი შემსრულებლის (ამ შემთხვევაში, კვარაცხელია), ასევე გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნეგატიური ხდება. ის, რაც ამ ეპიზოდის შემდეგ ვნახეთ (ოსიმენმა კვარაცხელიას თავი მაღლა ააწევინა) და შემდეგ, გუნდმა თამაში ისე განაგრძო, თითქოს ეს ერთგვარი დარტყმა (თანაც, 0:0-ზე) არ მიუღიათ. ამაში მთავარი მწვრთველის როლი დიდია.

უკანასკნელ მატჩებში სპალეტის გუნდი მეორე ტაიმს უკეთ ატარებს, ვიდრე პირველს. ერთია მწვრთნელის ჩარევა პროცესში და სიტუაციის მისთვის სასარგებლოდ შეცვლა, მეორე კი ის ფაქტორი, რომ ნეაპოლელებს მეტოქეები მჭიდროთ ეთამაშებიან და ასეთ დროს არაერთი ვარიაციაა საჭირო. პირველ გოლზე აქცენტი მნიშვნელოვანი ხდება, რადგან შემდეგ მოწინააღმდეგეები იძულებული არიან, ზემოთ ამოიწიონ და ამით მეტ შანსს იღებ.

სპალეტის გუნდმა წელს უკვე საკმაოდ ბევრი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ლუჩანოსთვის ნდობა მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ზელინსკიმ, ასევე ოსიმენმა და პოლიტანომ გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანების შემდეგ ეს ადგილი სხვას დაუთმეს. საინტერესოა, კვარაცხელიას შემთხვევაში რა იქნება?! გამოცდილი მთავარი მწვრთნელი "კვარადონასთან" პირველივე დღიდან ძალიან სწორად მუშაობს, ქებაც ძალიან აწონილი აქვს და კრიტიკაც. ამ შეხვედრაშიც ვნახეთ, რომ ქართველ გარემარბს მაქსიმალური დრო მისცა, რათა მაინც ერთგვარი შებოჭილობისგან ბოლომდე გახსნილიყო, მით უმეტეს, გენიალური პასის შემდეგ.

Sportall.Ge

ანგისას ფაქტორი

ობიექტურობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად ვაქებთ სტანისლავ ლობოტკას, რომელიც ტრადიციულად, დამაჯერებელი იყო, თუმცა აღვნიშნავდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ, ზამბო ანგისა საკუთარ თავს არ ჰგავდა. დაახლოებით სამთვიანი არასტაბილურობის შემდეგ კამერუნელმა ისე ითამაშა, როგორც მისგან ველით.

ზამბო ფიზიკურად ძლიერია და დაუღლელად, ბევრი მოძრაობა შეუძლია. დი ლორენცოს გოლამდე ანგისას კვარაცხელიასთან ძალიან კარგი ურთიერთქმედება ჰქონდა. 99-ე ნომერს ჩემპიონთა ლიგაზე 3 საგოლე პასი აქვს. თუკი იტალიის ჩემპიონატში ნახევარმცველებიდან ამ კომპონენტში უფრო პიოტრ ზელინსკი გამოირჩევა, აქ ანგისა ლიდერობს. მთლიან სიას ზემოდან ვინ გადმოჰყურებს? - მესი, კვარაცხელია, ჟოტა და კანსელუ...

Sportall.Ge

ხვიჩას ესთეტიკა

ადრეც აღგვინიშნავს, ზოგჯერ საგოლე პასი გოლზე მეტად ფასობს. კვარაცხელიას მიერ დი ლორენცოსთვის "მირთმეული“ ბურთი მთელი სიამოვნება და ესთეტიკა იყო. ამის გამოცაა, "კვარა" ძალიან რომ ფასობს. ამ ეპიზოდის შემდეგ ხვიჩამ უფრო გაილაღა. ქართველი საკუთარ თავსა და ძალებში ბოლომდე დარწმუნებულია, ემოციების მართვაც ეხერხება, თუმცა, ადამიანურად, თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა მაინც განიცადა. მან იმისგან განსხვავებულად დაარტყა, ვიდრე აქამდე გვინახავს და არ გამოუვიდა. ეს მართლაც ჩვეულებრივი ამბავია და ამის გამო ნერვიულობა არც ღირს.

Sportall.Ge

ზოგჯერ წარმოუდგენელია, რომ ისეთი ინდივიდუალისტური თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელი, როგორიც კვარაცხელიაა, პასებზე ასე მომართულია. სპალეტის ამაში თავისი წვლილი აქვს, თუმცა ჩვენებურის გენეტიკაში რაც დევს, იმის დასწავლა არ ხდება. საერთო გუნდურ ვითარებას ბევრს ვაქებთ, მაგრამ ამ შეხვედრაშიც იყო ეპიზოდი, როცა ლოსანოს კვარაცხელიაზე პასის გაკეთება მოეთხოვებოდა. ვიქტორ ოსიმენი ასეთ დროს ემოციურია, 77-ე ნომერს კი ამის გამო ვერც წყენას შეამჩნევ და არც ისე ხდება, ამ მიზეზით საკუთარ ფასეულობებს გადახედოს.

Sportall.Ge

ასე იწერება ისტორია

ამასობაში, "ნაპოლი" ისტორიაში პირველადაა ახლოს, მეოთხედფინალში გავიდეს. წარმოიდგინეთ, ამას მარადონას დიდების წლებშიც ვერ მიაღწიეს. მერვედფინალურ ეტაპზე პირველ გასვლით გამარჯვებასაც ათწლეულების შემდეგაც გაიხსენებენ. სკუდეტოსთან მიახლოება ყოველ კვირაში იზრდება, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი შემდეგი ეტაპიდან დასაკარგი რა უნდა იყოს. ეს ნეაპოლური კლუბია, მისი ერთი-ერთი მთავარი ძალა კი ქართველი ფეხბურთელია!..

altკვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი და დიდებული საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

alt"თუ ხვიჩას ფანი აღარ ჰყავს, მაშინ მე ცოცხალი აღარ ვარ" - "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი "ტვიტერზე" წერილს აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 19 /
Sofascore-ს რაღაც არ მოსწონს ხვიჩა, რასაც ვაკვირდები სულ დაბალ შეფასებებს უწერს. Whoscored უფრო სამართლიანად აფასებს.
0
ადრე კი გავაკრიტიკე ღვთისავარი, რომ ძველი მაგარი წყვილები არ ახსენა, მაგრამ ეტყობა ახალგაზრდაა და ძველი ფეხბურთელების თამაშები არ უნახავს, მაგრამ ამჯერად ძალიან მომეწონა სტატია, ჩანს, რომ ესმის ფეხბურთი და სწორ ანალიზსაც აკეთებს, ხვიჩამ პენალტი გააფუჭა, მაგრამ დაუკვირდით, როგორ ეხმარება თანაგუნდელებს, არც პასებს აგვიანებს და თან როგორ პასებს აკეთებს, როგორ უთავისუფლებს ზონებს ... ასე. რომ ეს ბოლო თამაშიც აქტივში ჩაეწერება- ღვთისავარ, გეთანხმები ანალიზში
პატრიოტი
21:36 23-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული