საქართველოს ნაკრების 27 წლის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე სერბეთის ნოვი სადის "ვოივოდინას" ფეხბურთელი გახდა.
კლუბის საიტი იტყობინება, რომ გიორბელიძეს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მან კომენტარიც გააკეთა: "გამიხარდა, როდესაც "ვოივოდინამ" მიმიწვია, რადგან ვიცი, ეს სერბეთის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. როდესაც შეთავაზება მივიღე, არც დავფიქრებულვარ. ახლა მოუთმენლად ველი ახალი გამოცდილების მიღებას. ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებ ჩემი კლუბისა და გულშემატკივრებისთვის, რომელთა შესახებ ბევრი კარგი რამ გამიგია. აქამდე სერბეთში არასოდეს არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი სერბი მეგობარი მყავს და თქვენს ქვეყანაზე მხოლოდ კარგი მსმენია. კარიერაში ახალი ეტაპის დაწყებას
მოუთმენლად ველი".
გიორბელიძე გასულ სეზონში "ზაგლემბედან" ბათუმის "დინამოში" იჯარის წესით გადავიდა, "ვოივოდინამ" კი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა.
"ვოივოდინა" ჩემპიონატის სტარტზე "ცრვენა ზვეზდასთან" 0:5, ხოლო "პარტიზანთან" 0:2 დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი "აპოელთან" ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 1:2 წააგო.