ცოტა დრო და მოუთმენლობა მატჩამდე - კვარაცხელია და "ნაპოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ!..

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი იქნებ ისეთივე ემოციებს აღარ აღძრავს, როგორც წლების წინ, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე მეორე წელია, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო განსაკუთრებულია. "ნაპოლის" მთავარი მიზანი შარშანაც და წელსაც ისაა, მაქსიმალურად შორს გავიდეს; პლეი-ოფში ახლა რთული მეტოქეა - "ბარსელონა". ორივე ეს გუნდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, ახლა კი იდეალური პერიოდი არ უდგათ. პირველი დაპირისპირება "დიეგო მარადონაზეა" - დღეს საღამოს, 21 თებერვალს, 23:59 საათზე.

1984 წლის პირველ ივლისს ლეგენდარული დიეგო მარადონა კატალონიიდან ნეაპოლში იმ დროისთვის სარეკორდო თანხად, 12 მილიონ ევროდ (transfermarkt
-ის მიხედვით) გადავიდა - ამ გუნდებს შორის მთავარი დამაკავშირებელი ეს ფაქტია.

Sportall.Ge

"ნაპოლიში" არსებულ ვითარებას კარგად ვიცნობთ. ბოლო მატჩებში აქ, ხვიჩა კვარაცხელიას ინიციატივების გარდა, ვერაფერს ვხედავდით, მხოლოდ ეს კი საკმარისი ვერ იქნება. ახლა ვიქტორ ოსიმენიც ბრუნდება. ზედ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ახალი მწვრთნელი ჩვეულებრივი ამბავი არაა, მაგრამ ცოტა ხნის წინ აფრიკის თასზე მომავალ გამარჯვებულ კოტ დ'ივუარს თავკაცი ნაკლებად წარმატებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ შეუცვალეს...

ფრანჩესკო კალცონა ფეხბურთელების 80 პროცენტს იცნობსო, მათ შორის კი "კვარა" არაა. ვალტერ მაცარიმ, რუდი გარსიასგან განსხვავებით, ქართველთან იდეალური ურთიერთობის ჩამოყალიბება შეძლო და 77-ე ნომერს მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევდა. ვნახოთ, რას იზამს 55 წლის იტალიელი სპეციალისტი, რომელიც სლოვაკეთის ნაკრებს 4-3-3 სისტემით ათამაშებს, რაც პრეზიდენტ დე ლაურენტისს ასე მოსწონს.

ნეაპოლელები ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალს" ჩამორჩნენ, ახლა კი მისი მარადიული მოწინააღმდეგის, "ბარსელონას" შეჩერებას შეეცდებიან, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვარგობს. ხავიც სეზონის ბოლომდე იმუშავებს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოპოვება მისთვის საყვარელ კლუბთან საუკეთესო გამოთხოვება იქნება.

Sportall.Ge

კარგია, რომ ბოლო პერიოდში კვარაცხელია მადრიდის "რეალზე", როგორც ოცნების კლუბზე, ღიად აღარ საუბრობს. ცხოვრებაში ყველაფრის გეგმის მიხედვით წარმართვა რთულია, უკვე კი სანდო წყაროები წერენ, რომ ბარსელონელები ქართველისთვის დიდი თანხის გაღებას აპირებენ. ნეაპოლიდან ეს მშვენიერი ტრამპლინი რომ იქნება, ყველამ იცის. ისიც კარგად მოგვეხსენება, "კვარა" ამ გუნდიდან მაქსიმალურად სწრაფად რომ უნდა წავიდეს... პლეი-ოფში ქართული გოლი მონატრებული გვაქვს და იმედია, ამას "ბარსელონას" კარში ვნახავთ.

"ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე თამაში გამოასწორა და გასულ კვირას აქ ზედიზედ მეხუთედ არ დამარცხდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მადრიდის "რეალთან" წაგება ბოლო 16 ნეაპოლურ მატჩში ერთადერთი იყო.

ეს გუნდები ბოლოს 2022 წელს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში შეხვდნენ, "ბარსამ" კი ორი მატჩის ჯამში 5:3 მოიგო; 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი იყო და ისევ ესპანელთა გამარჯვება, საერთო ანგარიშით 4:2. ამ გუნდებს შორის ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების უმეტესობაში "ბარსელონამ" გაიმარჯვა. საბოლოო სტატისტიკა ასეთია - ესპანელთა 5 მოგება 2 ფრითა და 1 მარცხით.

ხავის გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს, რისი გამოყენებაც კვარაცხელიასა და ოსიმენს ნამდვილად შეუძლიათ. "ბარსამ" ამ სეზონში 24 ქულა ბოლო 15 წუთში მოიპოვა, გუნდი მებრძოლია. რობერტ ლევანდოვსკიმ 79 მატჩში 50 გოლი გაიტანა. 16 წლის ლამინე იამალის 3 შედეგიანი დარტყმა და ამდენივე საგოლე პასი აქვს. ის ძალიან სახიფათო შემტევია და ეცდება, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ამ ტურნირზე გაიტანს. შეგახსენებთ, მისი სადებიუტო სანაკრებო გოლი თბილისში ვიხილეთ.

Sportall.Ge

"ბარსამ" ბოლო 20 მატჩიდან მეტოქის კარი ყველაში აიღო, მაგრამ საკუთარი "მშრალად" მხოლოდ სამში შეინახა - ეს ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის მფლობელების მთავარი გამოწვევაა, ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის - რათა მათ ივნისში "უემბლიზე" თამაში შეძლონ.

კალცონას პიოტრ ზელინსკი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში არ "დახვდა". ხავის გუნდს ტრავმის გამო ბალდე, გავი, ალონსო და ტორესი აკლია, ფელიქსის თამაში კი საეჭვოა.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ნაპოლი": მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, რუი - ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია;

"ბარსელონა": ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელუ - დე იონგი, გიუნდოგანი, პედრი - იამალი, ლევანდოსკი, როკე;

მსაჯი - ცვაიერი (გერმანია).

altუკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

altBarcaTimes: "ბარსელონა" კვარაცხელიას 90-100 მილიონ ევროდ შეძენას იმედოვნებს

მკითხველის კომენტარები / 30 /
კვარას დაუფასებლობა ბევრს ადგილის დატოვების ფასად დაუჯდა,უნდათ შედეგი? ითამაშონ კვარაზე და არა პირიქით
სვანსკი
16:23 21-02-2024
4
კალცონა კვარას თუ არ იცნობს,მაშინ ძალიან დიდი ანგარიშით წააგებენ ბარსელონასთან,ფრეც სანატრელი ექნებათ მაგას და აურელიოს,იცნობს თუ არა ეს მატჩის ბოლოს გამოჩნდება.კვარა მთავარ როლს თამაშობს,ოსიმენი ეპიზოდებში გაიბრწყინებს ,,(და)ნარჩენით,,უფროსობა კმაყოფილდება
სვანსკი
14:12 21-02-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული