კონტემ თავისი გეგმის განხორციელება ახალი ფლანგელებით დაიწყო, რომელთაც მის ტაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვთ. გვესმის სპინაცოლას მიმართ მწვრთნელის დამოკიდებულება და სენტიმენტები, მაგრამ
რაც შეეხება მარჯვნივ მაცოკის, ის ამ პოზიციაზე მშვენიერია და უნდა მოუმატოს კიდეც... მეორე გაშვებული გოლისას ყველაზე კარგად გამოჩნდა, დი ლორენცოს ცენტრალური მცველობა ჯერჯერობით უფრო ექსპერიმენტის დონეზე რომაა, აი, ბონჯორნოს ადაპტირება ასე რატომ გაიწელა, სასტარტოში ისევ ჟესუსი რომ ვიხილეთ, რთული სათქმელია...
როცა თამაში არ მისდიოდა, "ნაპოლი" მაშინაც იყო გუნდი, რომელიც ცდილობდა, ფლანგები დაეტვირთა, რასაც საკმაოდ ბევრი კუთხური მოჰყვებოდა. მართალია, შემდეგ მას პროდუქტიულად ნაკლებად იყენებდნენ, თუმცა ცდა იყო. ახალი ტაქტიკის პირობებში ეს უპირატესობა, თითქოს, სადღაც გაქრა, თეორულად წინ და უკან მორბენალი ფლანგელები მას ვერ ქმნიდნენ, შუაში შესვლით კი პოლიტანოს ის თვისებები დაიკარგა, გვერდით ხაზთან ახლოს მჭიდროდ შეკავშირებული მოწინააღმდეგეების გაშლას, თავისუფალი ადგილების პოვნასა და საჯარიმოში ჩაწოდებებით ხიფათის შექმნას რომ ახერხებდა. ამ პოზიციაზე ახალწვეული ნერეშის გამოჩენას უნდა ველოდოთ... ამავდროულად,
ოსიმენის ფაქტორის დაკარგვა, რომელსაც საჯარიმოში ნებისმიერი ბურთისთვის ბრძოლა შეეძლო, ნეაპოლელების სიზუსტე-დახვეწილობაზე ნაკლებად გათვლილ პასებს ძალასა და მნიშვნელობას უკარგავს. ლუკაკუს ტრანსფერმა ამ კუთხით მეტი პოზიტივი უნდა მოგვცეს, რამდენად იქნება საკმარისი, ვნახავთ...
ის პრობლემა, რაზეც გასულ სეზონში აქტიურად ვწერდით, არსად გამქრალა. მაშინ, როცა მეტოქე საკუთარ ნახევარზე დიდი ძალით დგას, "ნაპოლის" ფეხბურთელებს ბურთის უფრო სწრაფად მოპოვება, დამუშავება, სახიფათო ზონაში გადატანა და მეტი შემოქმედება სჭირდებათ. სამწუხაროდ, შუა ხაზში ამას ვერ ვხედავთ, განსაკუთრებით, ზელინსკის წასვლის შემდეგ. კვლავ დიდია განსხვავება ლობოტკას საუკეთესო და დანარჩენ სეზონებს შორის, პერიოდული აფეთქებების მიუხედავად კი ანგისა ბურთის მეურვეებისთვის ძველებურად ართმევასა და შეტევისთვის იდეალური გაგრძელების მიცემას ვერ ახერხებს...
ხანდახან ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკა მოგვისმენია, რომ ის აღარაა რაც თავიდან იყო, გაშიფრეს... ამაზე არაერთხელ დაგვიწერია, ახლა კი უბრალოდ გადავხედოთ განვლილი მატჩის პირველ და მეორე(როცა "კვარა" ტრავმის გამო აღარ იყო) ტაიმებს, მერე ზოგადი სიტუაცია შევაფასოთ და გავიაზროთ, კვარაცხელიამ გასულ სეზონში როგორ გუნდში მოახერხა 11 გოლი გაეტანა, ექვსჯერ პარტნიორებსაც გაატინანა და ამისთვის კიდევ უფრო მეტი შანსი შეუქმნა; 77-ე ნომერს თამაშის საშუალებას უხეშობის მეშვეობით კვლავ არ აძლევენ, ყველანაირად ცდილობენ, მას ხასიათი გაუფუჭონ. ხვიჩა ძალიან დიდ განსხვებას ქმნის როგორც გუნდში, ასევე მთლიანად მატჩში.
კვარაცხელიასაც მუდმივად სჭირდება სიახლე, საკუთარ თავსა და მოლოდინებზე მუშაობა, ახალი ელემენტები და დამოკიდებულებები. მითუმეტეს, ახლა ტაქტიკა შეიცვალა და მას სრულყოფა ამ მიმართულებითაც აუცილებელია (ნაკრებში კარგი გამოცდილება აქვს). კონტესგან განსხვავებულის სწავლა ნამდვილად შესაძლებელია...
აგვისტოში მარცხს ის უპირატესობა აქვს, რეაგირებისა, სწავლისა და შესაბამისი ტრანსფერებისთვის დრო ჯერ კიდევ არის, ვინმე თუ წასვლას ძალიან მოინდომებს, მაგისთვისაც!..
ხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]