[აქტუალური თემა] რატომ ვერ ვხვდებით, რომ ბურთი ფეხბურთელზე სწრაფია?!

AutoSharing Option
ხალხი ქართული კლუბების ევროგამოსვლით აღშფოთებულია და ითხოვს, სახელმწიფო დაფინანსება შეწყდეს. ცხადია, ეს გამწარებული ხალხის ემოციებია და ასე საქმეს არ ეშველება. ახლა, როგორც არასდროს, ცივი გონებაა საჭირო, წლების განმავლობაში გაფუჭებულ საქმეს თავი რომ მოებას.

ევროთასებმა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა ბევრი პრობლემა გამოაჩინა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფიზიკური მომზადებაა. ჩვენს მოთამაშეებს 90-წუთიანი დატვირთვის ატანა, მოძრაობა და ტემპის შენარჩუნება უჭირთ და დიდწილად ამის გამო იჩაგრებიან. სამწუხაროა, რომ თანამედროვე ფეხბურთის პირობებშიც კი საქართველოში ეს პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია...

ავთანდილ ბერიძე ფიზმომზადების ცნობილი სპეციალისტია და ამ
სახის პრობლემებზე, მის მიზეზებსა და გამოსწორების გზებზე "ლელოსთან" საინტერესოდ საუბრობს...

- ამ თამაშებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფიზიკური მომზადების პრობლემები. მერე სწრაფი აზროვნებაც იჩენს თავს, უნდა დავანებოთ თავი ბურთის უსაშველო ტარებას, უნდა გადავაადგილდეთ ბურთის მიმართულებით და ვისწავლოთ უბურთოდ მოძრაობა. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები ცდილობენ, ასწავლონ ეს თავიანთ მოთამაშეებს, მაგრამ ბავშვობიდან არასწორად თამაშს რომ არიან შეჩვეულები, ახლა გადაჩვევა უჭირთ.

- ესე იგი, ეს უცოდინარობის პრობლემაა?
- რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება ცოდნის გარეშე შეუძლებელია - ეს პირველი. მეორე: შეცდომებია დაშვებული ბავშვთა სპორტში. ეტყობა, მწვრთნელებს ვიღაცამ უთხრა, რომ გარკვეულ ასაკამდე დატვირთვები არ შეიძლებაო და ისინიც არ აძლევენ ამ დატვირთვებს.

- აბა, როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვი?
- სინამდვილეში, ფიზიკური თვისებების განვითარება - ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, კოორდინაცია, ბალანსი - იწყება 10-11 წლიდან და ამ ასაკს თუ ასცდი, მერე პრობლემები ჩნდება. მოზარდმა თავისი ასაკის შესაბამისი დატვირთვა უნდა მიიღოს. მცოდნე მწვრთნელი ბავშვს სწორი მიმართულებით განავითარებს.

2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. და რა შედეგი მივიღეთ? ქართველები სპორტის ყველა სახეობაში ჩამოვრჩებოდით, იმიტომ, რომ მზადება გვიან დავიწყეთ. ადრე 16-წლამდელების ნაკრებები იყო, ახლა უკვე 13-წლიანების გუნდებია...

- რატომ შემცირდა ასაკი?
- იმიტომ, რომ სპორტი გაახალგაზრდავდა. მეორე შეცდომა მზადების მიმართულებაშია: მწვრთნელები ბავშვებს ძალიან ნელ ტემპში აძუნძულებენ, რაც სიხშირის დაგდებას იწვევს და მერე სწრაფი გადაადგილება ვერ ხერხდება.

- გამოსავალს რაში ხედავთ?
- სწორ მიდგომასა და ცოდნაში. თამაშის დროს, ის კი არ არის მთავარი, რამდენი კილომეტრი ირბინა ამა თუ იმ ფეხბურთელმა, არამედ ის, თუ როგორ სისწრაფეზე, როგორი ენერგიით, როგორი სიმძლავრით შესრულდა სამუშაო.

დავადგინეთ, რომ მთავარია ტემპი. ახლა ვიკითხოთ - როგორი ტემპი გვინდა? ეს უნდა ეფუძნებოდეს სწრაფ გამძლეობას. ვთქვათ, სპორტსმენი 30 მეტრს 3,8 წამში გარბის - სწრაფი გამძლეობა იქნება, როცა ის 4,0 წამში გაიქცევა. თამაშის დროს ეს ბევრჯერ თუ მოახერხა, მაშინ ერთხელ 3,8 წამიდანაც გამოვა. ანუ მთავარია სისწრაფე და სწრაფგამძლეობა.

უდიდესი ადგილი უჭირავს სპეციალურ გამძლეობას, რაც მოიცავს დაახლოებით 100-400 მეტრების რბენას, ასევე, რამოდენიმე სახედ იყოფა ძალა - სწრაფი ძალა, ფეთქებადი ძალა და ძალის გამძლეობა. იგივეა გამძლეობის შემთხვევაში - საერთო გამძლეობა, სპეციალური გამძლეობა... ახლა ფეხბურთელს და ნებისმიერ სათამაშო სპორტის წარმომადგენელს საერთო გამძლეობა არ სჭირდება, რადგან ეს ყველას აქვს.

- აბა რა გვჭირდება?
- ჩვენ გვჭირდება სპეციალური გამძლეობა! ერთი მარათონელი 42 კილომეტრსა და 95 მეტრს გარბის ძალიან მაღალ ტემპში, ისე, რომ სხვა სახეობის წარმომადგენელი ერთ კილომეტრზე ვერ გაიქცევა. მაგრამ ასეთი გამძლეობით ფეხბურთს ვერ ითამაშებს. მაგალითად, უსაინ ბოლტი მაგარია, მაგრამ ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ამიტომაა საჭირო, ფეხბურთელს ჰქონდეს სპეციალური გამძლეობა, რომელიც ადრეულ ასაკში უნდა დამუშავდეს და მერე დაიხვეწოს - ბალანსი, კოორდინაცია, მოქნილობა, ალღო, სწრაფი აზროვნება...

ამას გარდა, დატვირთვების დროს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ აღდგენას. ჩვენი ფეხბურთელები ძირითადად შემდეგ პულსებზე მოქმედებენ - ზედა ზღვარი 160-ია, ქვედა - 100. გაქცევის შემდეგ უკან სიარულით ჩამოდიან და გამოსდის ზეაღდგენა. არადა, დიდ სპორტში განვითარების პულსად ითვლება 170 ზედა ზღვარი და 140 - ქვედა. ეს არ გამორიცხავს პულსს 190-200 და 130-120, გააჩნია დავალებას - რაც მეტია რბენის ტემპი, მეტია დასვენება.

მწვრთნელები ამ ზონებში სპორტსმენებს არ ავარჯიშებენ. ამიტომ, კარგად მომზადებულ გუნდთან ბრძოლა ძალიან გვიჭირს. ადრე, გამძლეობისთვის "კუპერის ტესტი" იყო, სადაც მოთამაშებს უნდა ერბინათ მინიმუმ 3200 მეტრი.

დამეთანხმებით, ვერც მიშა მესხი და ვერც ბრაზილიელი რონალდო მაგას ვერ ირბენდა. მაგრამ შედეგები ვიცით - იყო ტესტი 7X50 მეტრზე, სადაც 60 წამში უნდა ჩატეულიყო. დღეს ეგეც არ არის მოთხოვნა და საზომად უფრო პატარა მანძილია აღებული, ოღონდ, მეტი გამეორებით - 12X25 მეტრი და 55-60 წამში უნდა დაიფაროს.

ერთსაც ვიტყვი - უნდა ვისწავლოთ უბურთოდ სირბილი, ერთი ან ორი შეხებით თამაში, დინამიკური სწრაფი ტექნიკა, თორემ ადგილზე 400-ს მეც ვკენწლავ.

- უბურთოდ სირბილი რატომ არის ქართველების პრობლემა?
- იმიტომ, რომ მეტი შრომა უნდა. მოთამაშე ბურთის მიმართულებით უნდა მოძრაობდეს. ეს არის შავი სამუშაო, რასაც თავის დროზე კარგად ასრულებდა თემურ ქეცბაია.

ჩვენები მოედნის ყველა პერიმეტრზე ცდილობენ კაცის მოტყუებას, ამიტომ იგვიანებს პასი და მოწინააღმდეგე დაცვაში ადვილად ჯდება. რაც მთავარია, ამ ზედმეტი მოძრაობებით ჩვენი ფეხბურთელები ენერგიას უაზროდ ხარჯავენ და ნაადრევად იღლებიან.

ბურთს ერთი თვისება აქვს - ნებისმიერ ფეხბურთელზე სწრაფად მოძრაობს. ამიტომ, დროული პასი შეტევის სწრაფად განვითარების წინაპირობა და ნახევარი საქმეა. ჩვენ სწორედ ამის შეცვლას უნდა ვეცადოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
შეწყდეს კლუბების დაფინანსება. ფული მოხმარდეს ინფრასტრუქტურას,მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.ფედერაციაში თავშეყრილი კობიაშვილი და მისი საძმო,ყოფილი ფეხბურთელები--ბავშვთა ჯგუფების მწვრთნელებად.
mamulo
15 ივლისი 2017 14:49
0
ერთი კახაძეს რომ მისცეს შანსი ვინმემ საინტერესო იქნება იქნებ მართალია ის კაცი და არ ვუსმენთ
gio
15 ივლისი 2017 14:47
0
ამ თემაზე თავის დახმარებას გვთავაზობდა გუჯა კახიძე, როგორც ის ამბობდა საკუთარი მეთოდის საშუალებით უმოკლეს დროში შეეძლო სისწრაფის და გამძლეობის მომატება, მაგრამ არ ვიცი არ გაამართლა მისმა მეთოდმა თუ პროფესორმა კუებმა ჯერ კიდევ მიაღწიეს კახაძემდე. და კიდევ ერთი-რატომ არ ჩანან სპორტისა და ფეხბურთის მამები, თუ არაფერი აქვთ სათქმელი მაშინ ამ მაჩანჩალებთან ერთად მაინც გადაიღონ სურათი...
მურთაზი
15 ივლისი 2017 14:37
0
ბავშვების ფეხბურთს როცა ვუყურებ მგონია,რომ დედ-მამა არიგებს "არ დაეცე და რამე არ იტკინო".უმთავრესად ბავშვები იმიტომ დაჰყავთ ფეხბურთზე,რომ თავისუფალი დრო არ ჰქონდეთ და "ცუდ" ბავშვებთან არ გაიზარდნონ.არადა ზუსტად "ძნელად ღსაზრდელებისგან"იქმნებიან კარგი ფეხბურთელები,ისინი ასფალზე სწავლობენ და იქვე იზრდებიან განსხვავებით ფულიანთა შვილებისგან. ზუსტად მაყუთიანების შვილები არიან მათი დამატორმუზებლები.მათი მშობლების უმრავლესობა თხოვს ათამაშოს მათი შვილი,როცა ის საერთოდ არ ვარგა და არცა აქვს მის ფეხბურთელად გაზრდას აზრი.ახალი თაობა თხოულობს კომფორტს და პატივისცემა,როდესაც ამას საერთოდ არ იმსახურებენ. სანამ ბავშვებს კაცურად არ მოვექცევით და მაყუთზე არ გავიგიჟებთ თავს,სანამ მათ არ მივაჩვევთ ცუდ სტადიონებზე თამაშს და კიდევ ბევრ რამეს,მანამდე არავითარი შანსი არ გვაქვს სადმე თავის მოწონების!ფეხბურთი დაღუპულია ჩვენთან და მას ახლიდან უნდა მიხედვა!
eeeeeeeeeeexxx
15 ივლისი 2017 14:18
0
აგაშენებს მერაბ ღმერთი,სად იყავი აქამდე.ყოველ კვირა უნდა სწერდე და ყვიროდე ამაზე შენც და ეს პატიოსანი კაციც უნდა აყვირო,სანამ ვიღაცეები მაღლა მდგომებიდან არ გაიგებენ და არჩაიდებენ თავში,რომ ამის გაკეთება აუცილებელია.რაც აქ ითქვა დარწმუნებული ვარ, ბევრმა დამწყებმა მწვრთნელმა სოფლებში არ იცის.ისინი თვითონ თამაშობდნენ ფეხბურთს და რაც თვითონ იციან,იმას გადასცემენ ბავშვებს.
ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება თუ გააკეთებთ სტატიების ციკლს,რომელშიც ბატონი ავთანდილი ჩამოაყალიბებს ამ მომზადების მეთოდიკას,ალბათ ცოტა გამარტივებული ენით,რათა სპეციალური განათლების არმქონე ენთუზიასტებმა კარგად გაიგონ მასალა და შესძლონ მისი პრაქტიკაში დანერგვა, ნაწილობრივ მაინც.არ ვიცი შეიძლება ეს საშიშიც არის,მაგრამ რაღაც მინიმალური დოზით ამის გაკეთება ალბათ მაინც აუცილებელია და თვითონ ბატონი ავთანდილი განსაზღვრავს,რისი დაწერა შეიძლება ასე საჯაროდ და რისი არა.ერთი უეჭველია,უნდა დაიწყოს დისკუსია ამ დარგის სპეციალისტებს შორის,შეიკრიბონ,იმსჯელონ,მივიდნენ რაღაც დასკვნამდე,შექმნან
სახელმძღვანელო და დაურიგონ ადგილობრივ სპეციალისტებს,იქნებ ამით ცოტა მაინც ეშველოს ჩაოხრებულ საქმეს.საერთაშორისო ტრენინგები კარგია,მაგრამ საყოველთაო ვერ იქნება,ეს კი წინ წამოსწევს ტრენინგ გაუვლელი მწვრთნელების კვალიფიკაციას.საქართველოში ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტები, როგორც ვიცი ძალიან ცოტა გვყავს და ისინი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
სოსო
15 ივლისი 2017 14:04
0
ერთ რამ ვერ გამიგია,ჩვენ თუ ვხედავთ ამას მაყურებლები და ჟურნალისტები.სათავეში რო არიან ისინი რატო ვერ ხედავენ ამას?სიმართლე ისაა რო ხედავენ ჩვენზე კარგად მარა თვალს ხუჩავენ.იმიტო რო ფინანსებზეა საუბარი,ფინანსები კი არ ააქვთ საკმარისი,ჯიბეშიც რო წავიდეს და ფეხბურთსაც რო ეყოს,ცჰემი აზრით ესაა მწარე სიმართლე.9 წლის ბიჭი მყავს და მეკითხება სულ მამა სულ ჩვენ რატო ვაგებდო?რა ვუპასუხო როგორ ავუხსნა?გვრცხვენოდეთ რა ამის?
butxa
15 ივლისი 2017 14:00
0
სამწუხარო ის არის, რომ რასაც ბატონი ავთანდილი ამბობს, ეს ყველაფერი რომ შესრულდეს (და უნდა შესრულდეს რა თქმა უნდა, თუ რამე გვინდა ფეხბურთში საერთოდ!), ამისთვის საჭიროა ეხლანდელი ბავშვთა მწვრთნელების 90%-ის დათხოვნა და მათი ჩანაცვლება კვალიფიციური სპეციალისტებით. თავად ამ კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას (საკმარისი რაოდენობით) მინიმუმ 2 წელი უნდა. ბავშვთა სწორი მომზადების დაწყება 10 წლის ასაკიდან უნდა იწყებოდეს. ანუ მომავალი წარმატებული ბავშვები ეხლა მაქსიმუმ 8-9 წლისანი არიან. გამოდის, რომ სერიოზული წარმატება უკეთეს შემთხვევაში სადღაც 10-12 წლის მერე მოვა, ისიც თუ დღესვე დაიწყო რადიკალური ნაბიჯები. ხოლო ამ ნაბიჯების გადადგმა თავადაც იცით რას ნიშნავს დღევანდელ საქართველოში, ამ ნაბიჯების გადამდგავ ხალხს უცბათ რამდენი მტერი გაუჩნდება ხომ წარმოგიდგენიათ! ეს ყველაფერი რაღაც შეკრული წრეა, რომლის გარღვევაც ურთულესი რამ არის. აუცილებელია საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა მსგავსი გაბედული ნაბიჯების ავტორებისათვის.
Gio
15 ივლისი 2017 13:55
0
აუცილებალდ უნდა შეწყდეს კლუბების პირდაპირი დაფინაასნება, ბიუჯეტის ფული რომელიც ვითომ ფეხბურთელების ხელფასებში და ადმინისტრაციის ჯიბეებში მიდის. ეს ფული უდნა დაიხარჯოს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობაში!
dato
15 ივლისი 2017 13:51
0
თურმე რა ელემენტარულია. ორი გზა გვაქვს. ან მივყვეთ ამ რჩევებს. ან კვლავ ძველებურად მაჩანჩალები და მსოფლიო ჩემპიონები ადგილზე მოტყუებით ვიყოთ.
ბებეტო
15 ივლისი 2017 13:48
0
შედეგი არ აინტერესებს კლუბების მართველების 95 % - ს მთავარია სახელმწიფო, ბიუჯეტიდან ფულს ხო ურიცხავს... !!! არ მაქვს საუბარი კერძო კლუბების მართველობაზე .... ეს არის დანაშაული სახელმწიფოსა და ფედერაციის მხრიდან , ადრე თუ გვიან მოგეკითხებათ!!! ...
ფანი
15 ივლისი 2017 13:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული