რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის სუპერთასი "რეალისაა". ზინედინ ზიდანის გუნდმა მინიმალური სხვაობით, თუმცა დამაჯერებლად დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი" და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო სუპერთასი. ეს 1989/90 წლებში იტალიურმა "მილანმა" გააკეთა.

სამეფო კლუბის მუზეუმს უკვე ოთხი სუპერთასი დაამშვენებს. ამ ჯილდოების რაოდენობით "რეალი" ერთით ჩამორჩება "მილანსა" და "ბარსელონას", ხოლო ამ წარმატებით ესპანელთა დომინირება კიდევ უფრო განმტკიცდა: ესპანურ კლუბებს ახლა უკვე 14 (ბარსელონა - 5, რეალი - 4, ვალენსია - 2, ატლეტიკო - 2, სევილია - 1) სუპერთასი აქვთ, მაშინ, როცა მდევარ
იტალიელებს - 9.

ზიდანის უპირატესობით
შესაძლოა, ცოტა ზედმეტიც დავწერეთ "რეალის" გამარჯვების ისტორიულობაზე... ამ მოგებით კი ზინედინ ზიდანმა თავისი მწვრთნელობის საწყის ეტაპზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიდი აღიარებისკენ.

მხოლოდ სტატისტიკა არაფრისმეტყველია - "ზიზუმ" თამაში ისე წარმართა, მასზე გამოცდილ ჟოზე მოურინიოს შანსი არ დაუტოვა, რამაც პორტუგალიელი სპეციალისტი ძალიან გააბრაზა.

შესაძლოა, ამ მიზეზით მან სუპერთასის ფინალისტისთვის განკუთვნილი მედალი ტრიბუნებზე ერთ-ერთ გულშემატკივარს აჩუქა.

ზიდანს კრიშტიანო რონალდო სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა და თამაში, ფაქტობრივად, ისე მოიგო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არც დასჭირვებია - როცა ის მოედანზე გავიდა, მადრიდელები უკვე 2:1-ს იგებდნენ...

მოურინიოს მითითებით, მანჩესტერელები თავიდანვე აგრესიულად ცდილობდნენ "რეალის" ფეხბურთელების მათსავე მოედანზე შევიწროებას.

რიგ ეპიზოდებში ეს კარგადაც გამოსდიოდათ, მაგრამ ზიდანის შეგირდებმა მშვენივრად მოახერხეს ბურთის დაჭერის ხარჯზე თამაშის დაწყნარება-დალაგება.

გრძელი, ზუსტი პასებით რამდენჯერმე მეტად სახიფათო ეპიზოდიც შეიქმნა ინგლისელთა კართან და გოლიც სწორედ ასეთ შორეულ ჩაწოდებას მოჰყვა - კარვახალის პასს კაზემირო გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

გამეორებაზე ჩანდა, თითქოს, კაზემირო ოფსაიდში იყო, მაგრამ მატჩის შემდეგ თამაშგარეზე უმეტესად "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები ლაპარაკობდნენ, "რეალისთვის" კი გოლის სამართლიანობაში ეჭვი არც კონკრეტულ მომენტში გაჩენილა და არც მას მერე...

იმედია, "სამეფო კლუბის" ქომაგებს არ ეწყინებათ, თუ დავწერთ, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში მადრიდელებმა გოლი "ბარსას" სტილში გაიტანეს - ბურთი საჯარიმოს წინ სწრაფი პასებით გაათამაშეს და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ისკომ თანამემამულე დე ხეას შანსი არ დაუტოვა - 2:0.

ასეთი უპირატესობა, შესაძლოა, გამარჯვებას არ ნიშნავდა, მაგრამ იმ მატჩში, რომელშიც "რეალის" დაცვა მეტოქის შეტევაზე უკეთ გამოიყურებოდა, ხოლო ნახევარმცველები მანჩესტერელებს მოედნის ცენტრს არ უთმობდნენ, 2:0 უკვე დიდი ფორა იყო.

ცხადია, მოურინიოს შეგირდები ბევრს ცდილობდნენ, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ, რომელუ ლუკაკუს გოლიც ლოგიკურად გავიდა, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშიც სამართლიანი იყო - 2:1.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
- ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...
- ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება
- ანდერ ერერა: "რეალი" მსოფლიოში საუკეთესოა
- უეფას სუპერთასის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ისკო გახდა

ფაქტები
* "რეალმა" ბოლო 4 წელიწადში სამჯერ მოიგო უეფას სუპერთასი.
* ზინედინ ზიდანმა უეფას სუპერთასი მოიგო 1996 წელს (როგორც "იუვენტუსის" ფეხბურთელმა), 2002 წელს (როგორც "რეალის" ფეხბურთელმა), 2016 და 2017 წლებში (როგორც "რეალის" მწვრთნელმა).
* "რეალს" ზედიზედ 66 ოფიციალურ მატჩში აქვს გოლი გატანილი. ევროპის 5 ტოპ-ლიგის არც ერთ კლუბს არ ჰქონია ასეთი გრძელი სერია.
* ზინედინ ზიდანი მხოლოდ მეორე მწვრთნელია, ვინც შეძლო უეფას სუპერთასის შენარჩუნება. პირველი იყო "მილანის" მწვრთნელი არიგო საკი.
* ტონი კროოსმა ("რეალი") 76-დან 73 ზუსტი პასი გააკეთა, რაც "მანჩესტერის" ფეხბურთელებში საუკეთესო მონაცემს 30 პასით სჯობს.
* კაზემირომ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიტანა და უეფას სუპერთასზეც.

08.08. სკოპიე (მაკედონია).
"ფილიპ II არენა"
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1

გოლები: 1:0 კაზემირო (24), 2:0 ისკო (52), 2:1 ლუკაკუ (62)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი (74. ასენსიო), ისკო (74. ლუკასი), ბენზემა (83. რონალდო).
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, ლინდელოფი, სმოლინგი, დარმიანი - ერერა (56. ფელაინი), მატიჩი, პოგბა - მხითარიანი, ლინგარდი (46. რაშფორდი), ლუკაკუ.
მაყურებელი: 30 000
არბიტრი: ჯ. როკი (იტალია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული