რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

AutoSharing Option
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს.

ის ასევე სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიცაა. საინტერესოა, რას ფიქრობს ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რა უნდა შეიცვალოს და ვინ არის დამნაშავე ქართულ ფეხბურთში.

Sportall.ge ძოძუაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?
- რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც მენეჯერ-სელექციონერმა. ასევე ვარ სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიც. ჩემი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ფეხბურთი და დღესაც ასეა. მთლიანად ფეხბურთში ვარ ჩაფლული.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით?..
- ფეხბურთი ისეთი სპორტია,
რაც უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის უკეთესი გინდა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე აწეული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მწვერვალები არ დავიპყროთ. იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა გვქონდა, ეს გამოვლილი გვაქვს და არაერთი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოში", რომელიც ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წინ წასვლის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ხელშეწყობილნი ვართ ღმერთისგან და ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და ეს ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავწიოთ.

- თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და როგორც კლუბები, ისე ნაკრები, წარმატებას ვერ აღწევენ?
- ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესი და სიმდიდრეა. ამ საუკუნეში, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ლამის მილიარდებს გამოიმუშავებენ. ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ეს მილიონერები გაზარდონ, ამიტომ გამოგვიცხადეს სპორტული დიპლომატიური ომი. მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება.

- რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს?
- საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო.

აი, მაგალითად, დღეს შესანიშნავი შედეგები აჩვენა რაგბიმ. ერთ დროს რა სიძლიერეც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, გადავიდა რაგბიში. პირობები უნდა შეიქმნას. ახლა წარმოიდგინეთ - კაცი გადიხარ საომრად, შენ სუფთა ხელები გაქვს და ის ხანჯლით მოდის. აი, ასეა დღეს, სუფთა ხელებით ვართ ჩვენ და ვინც ფარით და ხანჯლით გვეომება, ვის უნდა მოვუგოთ?!

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე რას იტყოდით?..
- ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ.
მკითხველის კომენტარები / 70 /
დღეს რაც ჭირს ქართულ ფეხბურთს ასე იოლად არ მორჩება,რატომ?იკითხავს მავანი,იმიტომ,რომ დღეს ფეხბურთი და განსაკუთრებით ქართული ფეხბურთი მდარე ,დაბალი დონის ფეხბურთელებით არის სავსე,ტალანტებს არავინ ეძებს,დაბალი დონის ფეხბურთელებს ნაკრებში ერეკებიან,რომ მერე სადღაც გაყიდონ და ფული გააკეთონ,ყიდიან კიდეც:ჭ,ყ,ხ,კლასის გუნდებში და იქაც კი არ ათამაშებენ,ფაქტიურად უთამაშებელი ფეხბურთელებით არის ნაკრები სავსე,თუ არ ჩავთვლით ერთ,ორს,თუმცა ასეთებიც კი აღარ მახსენდებიან,ამას დაუმატეთ ჩვენი ეროვნული,უსუსური ჩემპიონატი,ჩაწყობილი მატჩები,ჩამწყობები იმის მაგივრად,რომ მოეკვეთა ფეხბურთდიდან,არც კი დაუსჯიათ,დღეს რომ მიხეილ მესხი ყოფილიყი დამწყები ფეხბურთელი მას არავინ აიყვანდა გუნდში,ათას მიზეზს გამოუძებნიდნენ,იმიტომ რომ მერე მავანთა შვილებს ვიღა გაყიდიდა უსუსურ ევრო კლუბებში?ეს და კიდევ უამრავი ქვე დინებებია,რომელსაც ჩვენი თვალსაწიერი ვერ წვდება.
ჭაობში ვართ ბატონებო,ჭაობში,თუ ქართულ ფეხბურთში კარგი გაგებით რევოლუცია არ მოხდა ისე ქართული ფეხბურთი იმ ტკიპებს ვერ მოიშორებს,რომელებიც სისხლს ასე დაუზოგავად წოვენ.
ზასტაველი
13:16 28-02-2018
0
ნომერი პირველი პრობლემა არის წესიერება! კონფორმიზმი,ნეპოტიზმი და მლიქვნელობა ღუპავს ყველაფერს. სტადიონს და მოედნის საფარს ეშველება, მაგრამ "დებილ მენტალიტეტს" ვერაფერი გამოასწორებს.
1234
11:29 16-02-2018
0

სიახლეები პოპულარული