"დინამო" ფიფიას გარეშე” - რა მოთხოვნები და ხედვები აქვს გამპროტესტებელ ჯგუფს

AutoSharing Option
სოციალურ ქსელებში თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" (1:2) შეხვედრის დროს გულშემატკივართა მხრიდან თბილისური კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ პროტესტსა და მოწოდებას - "ფიფია დინამოს გარეშე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქციის ორგანიზატორი "მიმინო 1925" იყო.

SPORTALL.GE გულშემატკივართა გაერთიანების ერთ-ერთ წევრს ესაუბრა, რომელმაც თავიანთი დამოკიდებულებები და პროტესტის მიზეზები გაგვაცნო.

თავდაპირველად დავინტერესდით, რა ფორმით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და ადგილი რა ინციდენტს ჰქონდა:

"ცალკეული ინდივიდები და ჯგუფები წლებია, კლუბის მენეჯმენტის არასწორ პოლიტიკას ვაპროტესტებთ. გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღება და შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ მათი უმეტესობა არასწორია.

რაც შეეხება ბანერს
- "დინამო ფიფიას გარეშე" - ჩვენ ის "დინამოს" ბათუმურ შეხვედრაშიც გადმოვფინეთ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატმა ამის უფლება მოგვცა, რადგან აკრძალული ვერაფერი დაინახეს. სტუმარი გუნდის, თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებმა კი მისი ჩამოხსნა მოგვთხოვეს.

კლუბის ხელმძღვანელობა ლოგიკურად ელოდა, რომ ეს ბანერი "ნეფტჩისთან" მატჩის დროსაც გამოჩნდებოდა და ამიტომ, გარკვეული პრევენციული ზომები მიიღეს. კრიმინალური პოლიცია ფიზიკურ დაპირისპირებაში შემოვიდა ჩვენთან, რათა ეს წარწერა სტადიონზე აღარ ყოფილიყო და წაგვართვეს კიდეც.

კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელმა პირად საუბრებში გვითხრა, რომ ეს ყველაფერი ადმინისტრაციის თხოვნა იყო. რადგან ბანერი არ გადმოგვაფენინეს, გავყვიროდით ამ ფრაზას და კლუბის ხელმძღვანელობის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. მარცხის შემდეგ დავინახეთ ფიფია და დოლიძე და სტადიონიდან გადავძახეთ. ხაზი უნდა გაესვას, ჩვენი რეპლიკები შეურაცხყოფას არ შეიცავდა. ამ ყველაფერზე მათი რეაქცია კი შოკისმომგვრელი და არაადეკვატური იყო.

ჩვენი მხრიდან იქ ვიდეოს გადასაღებად მომზადებული არავინ ყოფილა. უცნაურია, რომ სტადიონზე ბევრი კამერის მიუხედავად, ფაქტის დამადასტურებელი კადრები არ გავრცელებულა და ჩვენზე არასწორ ინფორმაციას აცხადებენ, თითქოს ვბილწსიტყვაობდით."

"მიმინო 1925"-ის წევრისგან დავინტერესდით, თუ როდის მერე მიიღო პროტესტმა ასეთი რადიკალური ფორმები:

"ეს ერთ დღეში დაწყებული პროტესტი არ არის, დაახლოებით 10 წელია გუნდი ანტირეკორდებს ამყარებს, არაერთო სამარცხვინო წაგება ვნახეთ. ბევრი დანაპირები იყო, მაგალითად, გუნდის გაძლიერებისა და სტაბილური შემადგენლობის არსებობის შესახებ, რაც არ შესრულდა. მათი ასეთი ქმედებების შედეგად ამ მდგომარეობამდე მივედით.

ბოლო წვეთი ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ჩისკოს გაშვება და გუნდში კახა ჩხეტიანის დანიშვნა იყო, მასთან ერთად კი ქუთაისის "ტორპედოს" რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი. ჩვენს გვერდზე პირველი საპროტესტო განცხადება სწორედ მაშინ გავრცელდა. ამას მოჰყვა "ტირანასთან" მარცხი, შემდეგ ფარერებზე განცდილი დიდი სირცხვილი... ჩისკოს გაშვებაზე რა მიზეზიც დასახელდა (პრო-ლიცენზიის არქონა), ამის მოგვარება მარტივად შეიძლებოდა. რამდენიმე თვეში მექანიზმი გამოიძებნა, ესპანელი სპეციალისტი დააბრუნეს და ისევ ჩემპიონები გავხდით."

ჩვენს რესპონდენტს ვკითხეთ, კონკრეტულად რაში ხედავენ ისინი პრობლემას, რაც უარყოფით შედეგებს იწვევს და გამოსავალი როგორ წარმოუდგენიათ.

"რომან ფიფიას მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით, უკანასკნელი 6-7 წლის განმავლობაში, კატასტროფული შედეგებია. წარმოუდგენელია, გუნდს ამაზე უარესი მმართველი ჰყავდეს.

საუბარია ფუჭ დაპირებებსა და მენეჯმენტის მიმართულებით არასწორი ნაბიჯების გადადგმაში. "დინამომ" თავისი ფუნქცია უნდა დაიბრუნოს და ისევ ფლაგმანი გახდეს! უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, კლუბი ერთპიროვნულად არ იმართებოდეს, არსებობდეს გადაწყვეტილებების მიღების ალტერნატიული მექანიზმები.

ის არგუმენტი, რომ ფეხბურთში ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, ზედაპირული გვგონია - ჩვენზე მდიდარ კლუბსაც მოვუგეთ და უფრო მწირი შესაძლებლობების მქონესთან დავმარცხებულვართ.

ასე რომ, საჭიროა ცოდნა, კომპეტენცია, ვალდებულებების გადანაწილება, რაც მთავარია, საჯაროობა. არ გადადგმულა ნაბიჯები იმისკენ, "დინამო" თვითკმარი, ფინანსურად გამართული და ჯანსაღად ამბიციური კლუბი იყოს."

დავინტერესდით, რა შემთხვევაში შეიძლება პროტესტმა ფორმა შეიცვალოს ან სრულად შეწყდეს. "მიმინო 1925"-ის წევრის თქმით, ისინი გამორიცხავენ, რამდენიმე თვეში რომან ფიფიას განსაკუთრებული უნარები აღმოაჩნდეს და თუნდაც, უახლოეს ევროტურნირზე წარმატებას მიაღწიოს, ასე რომ, ისინი "დინამოს" ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურობას განაგრძობენ.

alt"მაგ ვიდეოს ტრ**ში გაგთხრი" - რა მოხდა "დინამო" - "ნეფთჩის" მატჩის შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
თამასა გაასწორეთ, თამასა )))
ვაი თქვენს პატრონს
17:23 30-12-2021
0
მარტო ფიფია !!! რამდენიც გინდა იმდენია მოსაძრობი,რომელიც არ ასრულებს ჯეროვნად თავის მოვალეობს,ყველას პასუხი აქვს მოსათხოვი ფედერაციიდან დაწყებული,ხომ ჩანს ნათლად ,რომ არათუ დინამო საერთოდ საქართველოში არ ვითარდება ფეხბურთი
სვანსკი
12:51 14-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული