ბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

AutoSharing Option
"საბურთალოს" გააზრებული თამაშით, შეტევების ორგანიზებითა და გამარჯვებით კმაყოფილები ვართ, თუმცა იმ კოშმარს ვერავინ და ვერაფერი გადაფარავს, რაც პოზნანში ვიხილეთ - საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" იმაზე უარესად ითამაშა, ვიდრე ცოტა ხნის წინ მისმა მეტოქე "ლეხმა" აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან"; საპასუხო მატჩს ინტრიგა დაუკარგა და ისევ მწარედ ჩაგვაფიქრა...

დემორალიზება...

გასაგები იყო, რომ "სლოვანთან" იმ კოშმარული მარცხის დავიწყება ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან გაუჭირდებოდათ, მაგრამ ამისთვის მათ დაახლოებით ერთი კვირა ჰქონდათ. პოლონური შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ გია გეგუჩაძემ გუნდის სათანადოდ განწყობა ვერ შეძლო. სანამ წაგების სხვა მიზეზებს
ჩავწვდებოდეთ, ეს უპირველესად უნდა ითქვას.

ერთი გამარჯვება ჰაერში აგვაფრენს ხოლმე, პირველივე იმედგაცრუება კი კალაპოტიდან სრულიად გვაგდებს. ეს ჩვენს ნაკრებსა თუ გუნდებს აქამდეც ხშირად მოსვლიათ, ევროტურნირებიდან ნაადრევი გამოვარდნაც არ გვიკვირს, მაგრამ ბათუმელთა ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეული იყო. შეიძლება იმიტომაც, თამასა ყველამ ავწიეთ - ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა... არა! ჩვენი საკლუბო ფეხბურთი საერთაშორისო დონეზე ისევ კატასტროფულად გამოიყურება.

უფრო ღრმა მიზეზები

პოზიტიური ელემენტების აღნიშვნა და გამხნევება ბათუმელებისთვის არასდროს დაგვიმადლებია, პირიქით, ბევრი მშვენიერი ეპითეტიც მიგვიძღვნია. თუმცა ყოველთვის მივუთითებდით იმ კომპონენტებზე, რომლებიც გამოსასწორებელი იყო და ეს სწორედ იმიტომ, გულშემატკივრებს რაღაც ზედმეტად ფერადად რომ არ დავუხატოთ და ასეთი ჩავარდნის მერე არ მოგვიბრუნდნენ, ყველაფერი კარგად თუ იყო, რაღა მოხდაო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ტრანსფერი განხორციელდა, საბოლოოდ მაინც ვერ მივიღეთ ის კონტინგენტი, რომელიც ევროტურნირების ჯგუფში მოსახვედრად თამამად იბრძოლებდა. ამაში მხოლოდ ერთ კლუბს ვერ დავადანაშაულებთ, ჩვენ ისევ ფეხბურთელების მიმწოდებლად ვრჩებით, სტაბილურად გუნდების შენარჩუნება არ ხდება. გარდა ამისა, ძლიერი ლეგიონერებისა თუ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება შეუძლებელი თუნდაც იმ დროით ხდება, შემოდგომამდე რომ მიგვიყვანოს. ვარსკვლავებს არ ვითხოვთ, სომეხი ბარსეგიანის დონის მოთამაშეებზეა საუბარი...

დაცვის ხაზში კონკურენციის არარსებობაზე იმდენჯერ მივუთითეთ, გამეორებაც კი უხერხულია. ბათუმელებს საქართველოს ნაკრების თითქმის ყვლა ცენტრალური მცველი დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოოდ, ასე არ მოხდა.

ნებისმიერ რგოლში უფრო დიდი კონკურენციაა საჭირო, რათა წარმატებას მიაღწიო. ბათუმელებს ქართული კლუბებიდან ეს ყველაზე ნაკლებად აწუხებდათ, მაგრამ ძლიერ მეტოქესთან კარგად გამოჩნდა, უფრო დიდ ფიგურებს რა ფასი აქვს. სხვა ტიპის სირთულეებიცაა. მაგალითად, ფლამარიონი ახლა ცუდ ფორმაშია და გუნდი მისი ლიდერობის გარეშე თამაშს შეჩვეული არაა. სამწუხაროდ, ჯოვინოს რეგრესი ევროტურნირების დაწყებას დაემთხვა. მას უკვე ქართული პასპორტი აქვს, მაგრამ ამ ფორმით ვილი სანიოლს ყურადღებას რამდენად დაიმსახურებს, რთული სათქმელია...

გეგუჩაძის შეცდომები

მთავარი პრობლემა, შოკიდან ვერგამოსვლა, უკვე ვახსენეთ. გარდა ამისა, ბათუმის "დინამოს" თავკაცის მიერ შერჩეული შემადგენლობა და თამაშის სტილი მეტოქეთათვის თითქოს იოლად გასაშიფრი გახდა. ამას ისევ საკადრო რესურსამდე მივყავართ. გუნდურობისა და მრავალფეროვნების მაგალითები ჩვენი ჩემპიონიდან ნამდვილად ვერ ვნახეთ...

მატჩის შემდეგ გეგუჩაძე პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. მისთვის და ბათუმელი გულშემატკივრებისთვის (რომლებიც განმეორებით მატჩს მაინც იმედიანად ელიან) ეს ძალიან მტკივნეულად აღსაქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდში გარკვეული ეტაპი სრულდება და სიახლეებია საჭირო. სავარაუდოდ, რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ წავა და ესეც საკმაოდ დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.

Sportall.Ge

როგორ ვაგრძელებთ?

კარგია, როცა "საბურთალომ" სიხარულის საშუალება და უფლება მოგვცა, მაგრამ საკლუბო ფეხბურთში სულ შემთხვევითობის იმედად ვერ ვიქნებით. ახლა ეროვნულ ლიგას ისევ ყველა "გადაუვლის", არადა, მის მიმართ ინტერესი გაზრდილი იყო, ბევრი კარგი მატჩი და გოლი ვნახეთ, თუმცა არ იცვლება მთავარი - საერთაშორისო დონეზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ.

სანაკრებო წარმატებები, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი - ახლა ბევრი სასიამოვნო ხდება და გულშემატკივრები მასზე გადართვას თავისუფლად შეძლებენ, თუმცა ის, რომ იმ ქვეყნის კლუბები აღწევენ ჩვენზე მეტ წარმატებას, რომელთა ნაკრებებსაც ბევრად აღვემატებით და უფრო ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყავს, ტკივილს იწვევს. ლიეტუვის საუკეთესო კლუბმა შევედეთის ჩემპიონი დაამარცხა, სომხურმა "პიუნიკმა" რუმინული "კლუჟი" კონფერენს ლიგაზე გაისტუმრა - ეს უახლესი ამბებია. ამის გაგრძელება უფრო შორსაც შეიძლება, ჩვენ კი მუდმივი ოპტიმიზმის "ტყვეობაში" ვართ.

altკოშმარი პოზნანში - ბათუმის "დინამო" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

altგეგუჩაძე: ბოდიში - ჩვენმა გუნდმა ვერაფერი ვერ აჩვენა

მკითხველის კომენტარები / 41 /
რა იქნება ხვალ და იგივე. პირველი იყო თუ ჯკანასკნელი? მოვა შემდეგი წელი და ისევ ავაგებთ ახალ ოცნების კოშკებს. თქვენ გული არ გაიტეხოთ...
ზურა
22 ივლისი 2022 13:34
1
ფაქტია. რომ შედარებით ძლიერი ლეგიონერების გარეშე საკლუბო დონეზე წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნორმალური მენეჯერებია, რომლებიც მოახერხებენ აფრიკული თუ სამხრეთამერიკული ბაზრებიდან პერსპექტიული ფეხბურთელების მოზიდვას. არ ჩამოვლენ საქართველოშიო ნუ იტყვით. აგერ ესტონური პაიდეს აფრიკელი ლეგიონერები ერთი ტავით ჯობდნენ "დინამოსას". იგივე სომხური კლუბები ვნახოთ, ან აზერბაიჯანული. არ ჩამოუვარდება ბათუმი შესაძლებლობებით აზერბაიჯანულ კლუბებს ისე, როგორც ჩვენი ლეგიონერებიუ მათსას.
ირაკლი
22 ივლისი 2022 13:08
1
1000% გეთანხმები
beqa
22 ივლისი 2022 13:18
1
ყველა ქვეყანამ დაიწყო სამხრეთ ამერიკული დ აფრიკული ბაზრების აქტიურად ათვისება, გუნდში მინიმუმ 3 სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ყავთ და ჩვენ რატომ გვეპაზორება? არის საქართველოში ისეთი ხალხი, რომელსაც შეუძლია აღნიშნულ ბაზარზე კონტაქტების დამყარება, გამოვიყენოთ ეს ხალხი. ევროპაში დაწუნებული ფეხბურთელებით რომ ვძლიერდებით, ეს ხალხი კარგი რომ ყოფილიყო და ევროპული დონე რომ გაექაჩათ აქ არავინ არ გამოუშვებდა.
მეორე პრობლემა ის არის, რომ ბათუმი ვერ განვითარდება ისე თუ კონკურენტი არ ეყოლება რამოდენიმე კლუბი ჩემპიონატში, დონე უნდა აიწიოს კონკურენციით.
დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო, გორის დილა, ამ კლუბებმა ისეთი ფეხბურთელები უნდა მოიყვანონ რომ მინიმუმ ბათუმის დონეზე მივიდნენ, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ლეგიონერების ხარჯზე და არა ერთმანეთის ფეხბურთელებით.
anti
22 ივლისი 2022 12:23
1
ჩვენი ქართველების დიდი პრობლემა არის რომ წინასწარ ვაგებთ ოცნების კოშკებს, სადღაც იქ მომავალში ვცხოვრობთ არადა რეალობა აქ არის და სხვაა. ევრო ტურნირებამდე რომ გეკითხათ მინიმუმ კონფერენსის ჯგუფს ითამაშებდა ბათუმი ყველას ასე გვეგონა და დღეს რა ხდება ?!!. ასე რომ არჩილ მაინც მგონია რომ სწორი გზით მიდიხარ და მომდევნო წლებში დადებ შედეგს, იმედია ფიფიასავით 10წელი და დაგჭირდება იმიტო რომ მისგან განსხვავებით გიყვარს ფეხბურთი და ახლოს ხარ გულშემატკივართან.
რაბუ
22 ივლისი 2022 12:07
0
ნეტა მართლა კოშკების აგება და ნგრევა იყოს ჩვენი ფეხბურთის პრობლემა.
ტტტ
22 ივლისი 2022 12:14
1
ბოლოს ყველაზე კარგია - ოპტიმიზმის ტყვეობაში
ვერის ბაღელი
22 ივლისი 2022 11:40
0
დავითაშვილი არ გყავთ,როგორ დაგორავდა გუშინ გენრიელი მძიმე წონოსანია,ან ორთვალით ჩამოსული მამუჩაშვილი მართლა ფეხბურთელი გონია მამუჩაშვილს თავი? დააჯდეს ისევ იმ ორთვალას რუთაც საბურთალომდე მოიყვანეს გაერთის იქ,კობახიძე კი გამორჩეულად გაურკვევლობაშია…
Qutaiseli
22 ივლისი 2022 14:31
4
ვითომ რატომ არ იმსახურებდა ბათუმი "ამას"?!.. წინა მარცხზე ვთქვი, "საშუალოზე დაბალი გუნდები იყვნენ მინდორზე". ახლა გეტყვით რომ ბათუმის "დინამო", უფრო კარგი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, როცა საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში გამოდიოდა. ზოგიერთ შემთხვევაში სსრკ-ს მეორე ლიგაშიც ჰყავდა უკეთესი ფეხბურთელები, ვიდრე ახლა ჰყავთ...
ილუზია ნუ გვექნება და გული ნუ გვწყდება რომ ჩვენი გუნდები ასეთ დღეშია. როგორ არის, მოკლემეტრაჟიან მხ.ფილმ "ფეოლაში": "დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას", ჰოდა ეროვნულ ნაკრებს მივხედოთ ქართველებო, ეროვნულ ნაკრებს!..
ავაზა
22 ივლისი 2022 14:10
4
ფეხბურთს განსაზღვრავს საკლუბო ფეხბურთი. ვის რაში აინტერესებს სანაკრებო საქართველოს გარდა სადმე? გაიგეთ ყოველკვირეული საკლუბო ფეხბურთი უნდა იყოს თუ რამე გვინდა. რომც გავიდეს ეს ნაკრები სადმე, მერე რა? 3 თამაშს ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე? ან გვეყოლება რაღაც დონის კლუბები, ან მკვდარია ქართული ფეხბურთი და შევეგუოთ ამ აზრს
დათო
22 ივლისი 2022 21:06
0
ლეგიონერებით თუარ გაძლიერდა ჩემპიონატი არგამოვა რაფელი +ინფრასტრუკტურაა საჭირო.ავიტვისოთ აფრიკის ამერიკის ბაზარი ბევრი ძლიერი ფეხბურთელის პოვნაა შესაძლებელი ფიზ დონეც ასაწევია სულ რო კოტრიალობენ ყველა შეხებაზე
giorgi 12
22 ივლისი 2022 12:55
0
რა იქნება ხვალ და იგივე. პირველი იყო თუ ჯკანასკნელი? მოვა შემდეგი წელი და ისევ ავაგებთ ახალ ოცნების კოშკებს. თქვენ გული არ გაიტეხოთ...
ზურა
22 ივლისი 2022 12:29
0
სანიოლის ტიპის მწვრთნელები გვჭირდება კლუბებში
პატრიკ ვიეირა
22 ივლისი 2022 11:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული