"როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით" - მერაბ გიგაური სტივ კინისადმი "ტორპედოს" ფანების პროტესტს ეხმაურება

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ტორპედოს" შინ გორის "დილასთან" 1:5 მარცხის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ სანამ კინი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი იქნება, ისინი გუნდის მატჩებს არ დაესწრებიან.

აღნიშნულ ვითარებას "ტორპედოს" კაპიტანი მერაბ გიგაური საკუთარი "ფეისბუქგვერდის" საშუალებით გამოეხმაურა და "ჯუნგლებს" მიმართა.

"ჯუნგლები - The Jungles, ტორპედოს გულშემატკივრებო, 2010 წლიდან დღემდე ამ კლუბის მაისურით არაერთი სეზონი ჩავატარე. წლების განმავლობაში არაერთ სირთულესთან გამკლავება მოგვიწია, ბევრად
მძიმე დღეები გვქონია, თუმცა ყველა ჯერზე ერთად დგომით დღევანდელ დღემდე მოვედით... ამ კლუბის მაისურით გამართული თითოეული მატჩი, თითოეული წამი ჩემთვის საამაყოა და თქვენ ეს კარგად იცით.

წელს უკვე მოვიპოვეთ ერთი ტიტული, თუმცა გვაქვს შანსი, სეზონი კიდევ ერთი, ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი ტიტულით დავასრულოთ. მენდეთ, თითოეული ფეხბურთელისთვის ის მხარდაჭერა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობთ როგორც საშინაო, ისე გასვლით მატჩებზე, უმნიშვნელოვანესია. ვაფასებთ იმას, რასაც ჩვენთვის აკეთებთ და მოედანზე სწორედ თქვენთვის გავდივართ.

როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით: ახლა, როცა სეზონის დასკვნით ნაწილში ვართ და როცა სასწორზე ბევრი რამაა, მათ შორის, ქვეყნის ჩემპიონობა, ერთმანეთის გარეშე ნუ დავრჩებით და ეს გზა ისევ ერთად გავაგრძელოთ.

ჩვენ, როგორც გუნდი, სრულად ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას. აუცილებლად გვექნება დრო ერთმანეთთან ყველაფერზე სასაუბროდ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მაგრად იცით - დაგვიდგეთ გვერდით. ერთად ისევ ბევრს შევძლებთ, ჩვენ ვართ ტორპედო!", - წერს გიგაური.

შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ გორის "დილას" 6 ქულით ჩამორჩება.

alt"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
მე კი გირჩევდით გუნდს სახელი გადაარქვათ, ამ გუნდს ქართული სახელი არ უნდა ერქვას, რადგან გუნდში ქართველი აღარავინ დარჩა. რა ტიტულებზეა ლაპარაკი კაპიტანო? ვის ჭირდება საქართველოს თასისა და ჩემპიონატის მოგება? თქვენ რა ეს დიდი წარმატება გგონიათ? დინამო თბილისს თქვენზე გაცილებით უარესი შედეგი აქვს, მაგრამ მაგენი ათეულშიაც რომ ვერ შევიდნონ, თქვენ ჩემპიონობას მაგათი მეთერთმეტე ადგილი ჯობია, რადგან მომავალ თაობას უზრდიან ქართულ ფეხბურთს, თქვენ კი ვის ზრდით? კარიერის წარმატებით დამთავრების საშუალებას აძლევთ აფრიკაში ჩამოწერილ ფეხბურთელებს. ამისთვის ახარჯინებთ ფულს ინვესტორს?
ჟორა გაბრიჭიძე
15:21 30-08-2024
30
"ჯუნგლები" ხშირ შემთხვევაში ჩქარობენ. მაღალი დონის გუნდი რამოდენიმე თვეში ვერ კეთდება!!!
tngh
19:52 30-08-2024
3

სიახლეები პოპულარული