"არსენალი" - "ბაიერნი"
ჩრდილოლონდონელებს ანრის შემდეგ ასეთი სეზონი არ ჰქონიათ...
ჩემპიონთა ლიგა ისაა, სადაც ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს, მათ შორის იმასაც, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" აქ "არსენალს" ბოლო სამ მატჩში 15 გოლი გაუტანა და ზოგადად, ჩაგრავს, მაგრამ თუკი ნავსი უნდა გატყდეს, ახლა თუ არა, როდის, როცა "რეკორდმაისტერი" საშინელ ფორმაშია, არტეტას ბიჭებმა კი შინ ლიგაზე წელს ყველა თამაში მოიგეს.
ჰარი კეინი დღეს ძალიან საშიში იქნება, რადგან მას "არსენალის" კარში 14 გოლი აქვს გატანილი. ბოლო დროს ბევრი გააქვს "მეთოფეების" აკადემიის აღზრდილ სერჟ გნაბრისაც. ჩრდილოლონდონელები იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ მიუნხენელები, ფაქტობრივად, ყველა მატჩში გოლს უშვებენ. არტეტას ფეხბურთელები წელს სტანდარტულ მდგომარეობებს განსაკუთრებით სახიფათოდ იყენებენ და ეს მათი შანსია.
ლონდონელთა შორის დეკლან რაისი და კაი ჰავერცი დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან. ტრავმის შემდეგ გაბრიელ მარტინელი ცოტას თამაშობს და მას ახლა სასტარტოში ველით. ამავე სიტუაციაშია ტაკეჰირო ტომიასუც. "ბაიერნში" "ნაპოლის" ყოფილი მცველი კიმ მინ ჯე სათადარიგო სკამზე უნდა იყოს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"არსენალი": რაია, უაითი, სალიბა, გაბრიელი, ტომიასუ - ოდეგორი, ჟორჟინიო, რაისი - საკა, ჰავერცი, მარტინელი;
"ბაიერნი": ნოეირი - კიმიხი, დე ლიხტი, დაიერი, დევისი - გორეცკა, ლაიმერი, სანე, მუსიალა, გნაბრი - კეინი;
მსაჯი: ნიბერგი (შვედეთი).
"რეალი" - "სიტი"
იანვარში "კოპა დელ რეიზე" "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ "სამეფო კლუბი" წაუგებელია. ჩემპიონთა ლიგის 14-გზის მფლობელ მადრიდელებს ერთ დროს პლეი-ოფებში პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ახლა ეს აღარავის ახსოვს. "თეთრებმა" მეოთხედფინალური ეტაპი უკვე ზედიზედ 11-ჯერ გაიარეს. ბოლოს, ვინც "რეალი" აქ შეაჩერა, 20 წლის წინ, "მონაკო" იყო.
დე ბრუინის თამაში გადამწყვეტი შეიძლება იყოს...
ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებული მანჩესტერელები შანსებს ორივე ტურნირზე ინარჩუნებენ. ბოლო ტურში კევინ დე ბრუინის მასტერკლასი ვნახეთ და მისი თამაში ახლაც გადამწყვეტი შეიძლება იყოს.
მძიმე ტრავმის შემდეგ "რეალს" ედერ მილიტაო დაუბრუნდა, მაგრამ მას ჯერ სასტარტოში ვერ მოვიაზრებთ. ბოლო მატჩების განმავლობაში გვარდიოლა "სიტის" დაცვას მნიშვნელოვნად ცვლიდა. საბოლოოდ, აკანჯიმ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია, მას მარცხენა მცველად ენდო. უოლკერის თამაში გამორიცხულია და ეს სერიოზული დანაკლისია.
სავარაუდო შემადგენლობები:
"რეალი": ლუნინი - კარვახალი, რუდიგერი, ნაჩო, მენდი - ვალვერდე, ჩუამენი, კროოსი - ბელინგემი - ვინისიუსი, როდრიგო;
"სიტი": ედერსონი - ლევისი, სტოუნსი, დიაში, აკანჯი - სილვა, როდრი, დე ბრუინი - დოკუ, ჰოლანი, ფოდენი;
მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი).
10 აპრილის წყვილები:
პსჟ - "ბარსელონა";
"ატლეტიკო" - "დორტმუნდი".
"წყვილში ფავორიტად ყველა "მანჩესტერ სიტის" მიიჩნევს, მაგრამ..." - რა თქვა ანჩელოტიმ წილისყრაზე