"ბარსელონამ“ გულშემატკივრების გარეშეც გაიმარჯვა

AutoSharing Option
კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ყოველმხრივ შეუშალა ხელი ესპანეთის პოლიციამ, დარბეულ იქნა საარჩევნო უბნები, ბარსელონაში შეტაკებებში 300 ადამიანზე მეტი დაშავდა.

ესპანეთისგან გამოყოფას ხმა მისცეს "ბარსას“ ამჟამინდელმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა ჟერარ პიკემ, ხავიმ, კარლეს პუიოლმა და სხვებმა, აგრეთვე "მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლა. მათ დაგმეს სამართალდამცველთა ძალადობის ფაქტები და სამარცხვინო უწოდეს.

ასულგრანამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას "ლას პალმასთან“ ლა ლიგაზე მე-7 ტურის მატჩის გადატანა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. თამაშის ჩაშლის შემთხვევაში ბლაუგრანას ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება შეხვედრა ჩაეტარებინათ, ოღონდ პროტესტის ნიშნად
უმაყურებლოდ გამართეს. თანაც, უსაფრთხოებაც არ იყო გარანტირებული.

პიკე თამაშის ჩატარების წინააღმდეგი გახლდათ. იგივე პოზიცია დააფიქსირა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა კარლეს ვილარუბიმ, რომელიც პროტესტის ნიშნად გადადგა. კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ მისი გადადგომა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მატჩი მაყურებლების გარეშე იმიტომ ჩაატარეს, რათა მთელს მსოფლიოს ენახა რა ხდება მათთან.

გულშემატკივრები "ნოუ კამპზე“ შესვლას და თამაშის ჩაშლას, შემდეგ კი საარჩევნო უბნების დასაცავად წასვლას აპირებდნენ, მაგრამ სტადიონზე არ შეუშვეს.

უეფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია გააფრთხილა, რომ თუ კატალონიურ გუნდებს ჩემპიონატში ასპარეზობას აუკრძალავს, მათ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებას არ მისცემს.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, სტუმრებმა ესპანეთის ერთიანობის მხარდასაჭერად ქვეყნის გერბიანი მაისურებით ითამაშეს და პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, ნაანტრაქტევს კი "ბარსამ“ იძალა და 3:0 გაიმარჯვა. დუბლი ლეო მესიმ მიითვალა, ერთი გოლი კი სერხიო ბუსკეტსმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან ბოლოს მეტოქის კარი 34 თვის წინ დალაშქრა - მაშინ მისი გოლით ასულგრანამ პრიმერაზე "ვალენსია" 1:0 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული