"ბარსელონამ" კვლავ ისე მოიგო, რომ დიდი ხმაური არ გამოუწვევია - "სევილია" 2:1 დაამარცხა. "კამპ ნოუს" გმირი, ამჯერად, ყველაზე მოულოდნელი ფეხბურთელი გახდა - პაკო ალკასერი. ის შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, თუმცა შანსსაც იშვიათად აძლევენ. თუკი პაკოს ენდობი, ის იშვიათად გაგიცრუებს იმედს. ალკასერმა სასტარტოში ითამაშა და დუბლიც შეასრულა.
ლეო მესიმ მისთვის საიუბილეო მე-600 მატჩში კატალონიელთა შემადგენლობაში თავი ვერ გამოიჩინა. კვლავ ვერ გაიტანა ლუის სუარესმა. მოკლედ, გამარჯვების მიუხედავად, პრობლემები არც ლიდერს აკლია.
ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "პირველ ტაიმში აშკარად ვჯობდით მეტოქეს და გოლებიც უნდა გაგვეტანა. პირველ ოც წუთში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში მეტოქემ იყოჩაღა, ანგარიშიც გაათანაბრა. უკან არ ვიხედები, მაგრამ ცხრილის თავში ვართ და თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. მაგრამ ბევრი რამ დასახვეწი და მოსამატებელია გუნდში. პაკოს დუბლი კარგია მისთვისაც და გუნდისთვისაც. მან მნიშვნელოვანი მატჩი მოგვაგებინა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მას თვითრწმენას განუმტკიცებს. კარგია, რომ სუარესის გოლების გარეშეც ვიგებთ".
პაკო ალკასერი (ბარსელონა): "მწვრთნელი რა შანსსაც მოგცემს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. მიხარია, რომ ორი გოლი გავიტანე, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია, რომელიც ჩემს პირად მიღწევებზე მაღლა დგას. "ბარსა" კარგად თამაშობს, სეზონის დასაწყისიდანვე ერთ მუშტად ვართ შეკრულნი".
ფაქტები
- ვისამ ბენ იედერმა (სევილია) ამ სეზონში 8 აშკარა საგოლე შანსიდან მხოლოდ ორი გამოიყენა.
- 11 მატჩში 31 ქულა - "ბარსელონამ" საკუთარი საუკეთესო სტარტი (2012 და 2013) გაიმეორა.
- როცა პაკო ალკასერს (ბარსელონა) სასტარტოში აყენებენ ის შეუჩერებელია - 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
- ლიონელ მესი გახდა მესამე ფეხბურთელი, ვინც "ბარსელონას" რიგებში 600 მატჩი ითამაშა. წინ ჩავი ერნანდესი (767) და ანდრეს ინიესტაა (642).
- ბოლო 14 მატჩია, "სევილია" "კამპ ნოუზე" მოგებას ვერ ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" აუტსაიდერ "ლას პალმასს" იოლად მოუგო (3:0), "რეალის" გულშემატკივრები მაინც არ არიან ბოლომდე კმაყოფილები. უჭირს შეტევის ხაზს, რაც მართლაც საოცარია - კრიშტიანო რონალდოსა და ქარიმ ბენზემას ჩემპიონატში ერთად იმდენივე გოლი აქვთ გატანილი, რამდენიც გარეთ ბეილს (2), ვინც დიდი ხანია, ტრავმის გამო ვერ თამაშობს.
რონალდოს კიდევ რა უჭირს, ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს და გუშინაც საგოლე პასი მიითვალა. აი, ფრანგის თამაში კი კატასტროფაა, მას 100%-იანი შანსების განიავებაში ლა ლიგაში ბადალი არ ჰყავს.
ფაქტები
- მარკო ასენსიომ (რეალი) ლა ლიგის ფეხბურთელებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან - 4.
- კაზემირო "რეალის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში შეძლო ერთი გოლის გატანა მაინც თავით.
- ქარიმ ბენზემამ (რეალი) ამ სეზონში 7 აშკარა საგოლე შანსიდან ერთი გამოიყენა.
- მარსელომ მე-300 მატჩი ითამაშა "რეალის" მაისურით ლა ლიგაში. ის "რეალის" მეორე უცხოელია, ვინც ეს შეძლო რობერტო კარლოსის (370) შემდეგ.
- "ლას პალმასმა" ლა ლიგაში 34 მატჩი ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუზე" და ერთიც არ მოუგია.
ფორვარდთა კრიზისი კიდევ ერთ მადრიდულ კლუბს აწუხებს, ეს "ატლეტიკოა", ანტუან გრიზმანს ვერ გააქვს, სხვებიც ვერ ყოჩაღობენ, სიმეონეს გუნდს გამარჯვება "რიასორზე" ბოლო წამებზე თომასმა მოუტანა საჯარიმო დარტყმით.
წინა პლანზე წამოიწია "ვილიარეალმა", რომელსაც შეცვლაზე შესული ნიკოლა სანსონეს დუბლი დაეხმარა აუტსაიდერი "მალაგას" დამარცხებაში.
სხვა ფაქტები
- მას მერე, რაც "ბეტისში" 5 მატჩი ითამაშა, რიად ბუდებუზმა პირველი გოლი პირველივე დარტყმით გაიტანა კარში.
- ტონი სანაბრიამ (ბეტისი) ლა ლიგის ბოლო 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
- მარკელ ბერგარამ (ხეტაფე) ლა ლიგაში 5 გოლი გაიტანა და ხუთივე სტანდარტული მდგომარეობებიდან.
- ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი) პირველი ფეხბურთელია ამ სეზონში, ვინც შეცვლაზე შესვლის მერე დუბლი შეასრულა.
- ალვარო ოდრიოზოლას (რეალ სოსიედადი) გასულ და ახლანდელ სეზონებში 8 საგოლე პასი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ის მცველებში მესამეა მარსელოსა და ჟორდი ალბას შემდეგ.
- გასულ და ახლანდელ სეზონებში ყველაზე მეტი გოლი თავით ვილიან ჟოზემ (რეალ სოსიედადი) გაიტანა - 9.
- პირველ 26 წუთში სამი გოლი "ბილბაომ" 2005 წლის მერე პირველად გაუშვა.
- ბორხა გარსიამ "ჟირონას" ფეხბურთელთა შორის პირველმა გაიტანა ლა ლიგაში გოლი საჯარიმოს გარედან.
- "ლევანტე" და "ჟირონა" ტოპდივიზიონში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
- სანტოსმა (ალავესი) ამ სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - მან "ესპანიოლს" შეხვედრის 45-ე წამზე გაუტანა.
- "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" ამ სეზონში პირველ ტაიმებში მხოლოდ 2-2 გოლი აქვთ გაშვებული.
- დიეგო სიმეონეს (ატლეტიკო) არასოდეს წაუგია "დეპორტივოსთან" - 9 მატჩი.
- 7 მატჩი უგოლოდ, ანტუან გრიზმანისთვის ყველაზე გრძელი მშრალი სერიაა "ატლეტიკოში".
- ერთ სეზონში ზედიზედ 7 მატჩი "ვალენსიამ" ისტორიაში პირველად მოიგო.
- როდრიგო მორენომ (ვალენსია) 7 გოლი ამ სეზონში 7 სხვადასხვა გუნდს გაუტანა.
- "ჟირონამ" ისტორიაში პირველად შეძლო ლა ლიგაში ზედიზედ სამი მატჩის მოგება.
ბეტისი-ხეტაფე 2:2
გოლები: 0:1 ბერგარა (18), 0:2 პორტილიო (34), 1:2 სანაბრია (68), 2:2 ბუდებუზი (87)
ვალენსია-ლეგანესი 3:0
გოლები: 1:0 პარეხო (14), 2:0 როდრიგო (71), 3:0 მინა (82-პენ)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, მურილიო, გარაი, გაია - სოლერი (65. ა. პერეირა), პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო (86. ლატორე), ძაძა (78. მინა)
დეპორტივო-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 თომასი (91)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ლ. ერნანდესი - ა. ფერნანდესი (61. გამეირო), თომასი, გაბი, საულ ნიგესი - ა. კორეა (46. გაიტანი), გრიზმანი (80. ხ. ხიმენესი)
ალავესი-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 სანტოსი (1)
გაძევება: ერმოსო (38. ესპანიოლი)
ბარსელონა-სევილია 2:1
გოლები: 1:0 პ. ალკასერი (23), 1:1 პისარო (59), 2:1 პ. ალკასერი (65)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი (90. მასკერანო), ბუსკეტსი, ინიესტა (60. პაულინიო) - მესი, ლ. სუარესი, პ. ალკასერი (66. დეულოფეუ)
სევილია (4-3-3): სორია - კორშია, კიაერი (73. გაისი), ლონგლე, ესკუდერო - ბანეგა, ნ"ზონზი, პისარო - ხესუს ნავასი, მურიელი (76. ბენ იედერი), სარაბია (62. ნოლიტო)
ლევანტე-ჟირონა 1:2
გოლები: 0:1 ბ. გარსია (58), 0:2 სტუანი (83), 1:2 უნალი (92)
სელტა-ბილბაო 3:1
გოლები: 1:0 ს. გომესი (16), 2:0 ასპასი (22), 3:0 ასპასი (26), 3:1 რაულ გარსია (38)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა (73. ლეკუე), ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ვესგა (46. იტურასპე) - სუსაეტა, რაულ გარსია, კორდობა (46. ადურისი) - ვილიამსი
სოსიედადი-ეიბარი 3:1
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (12), 2:0 იანუზაი (28), 3:0 ოიარზაბალი (46), 3:1 ჟორდანი (72)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, ი. მარტინესი, როდრიგესი - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ოიარზაბალი (86. კანალესი), ვილიამ ჟოზე, იანუზაი (73. ველა)
ვილიარეალი-მალაგა 2:0
გოლები: 1:0 სანსონე (68), 2:0 სანსონე (76)
რეალი-ლას პალმასი 3:0
გოლები: 1:0 კაზემირო (41), 2:0 ასენსიო (56), 3:0 ისკო (74)
რეალი (4-3-1-2): კასილია - ნაჩო, ვალიეხო, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი (78. სებალიოსი), კაზემირო (68. მ. ლორენტე), ისკო - ასენსიო - რონალდო, ბენზემა (75. ლ. ვასკესი)
ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 7- როდრიგო მორენო (ვალენსია), ანტონიო სანაბრია (ბეტისი).
მომდევნო ტური
17 ნოემბერი: ჟირონა-რეალ სოსიედადი;
18 ნოემბერი: ხეტაფე-ალავესი, ლეგანესი-ბარსელონა, სევილია-სელტა, ატლეტიკო-რეალი;
19 ნოემბერი: მალაგა-დეპორტივო, ესპანიოლი-ვალენსია, ლას პალმასი-ლევანტე, ბილბაო-ვილიარეალი;
20 ნოემბერი: ეიბარი-ბეტისი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"