ლა ლიგა. XII ტურის წინ: ლეო მესი თამაშში ბრუნდება, "რეალიც"...

AutoSharing Option
წლის ბოლო სანაკრებო პაუზის წინ ესპანეთის ჩემპიონატში მე-12 ტურის მატჩები გაიმართება. ჩემპიონატის ლიდერი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ბეტისს" დაუხვდება, ხოლო სანტიაგო სოლარის "რეალს" ვიგოში "სელტა" ელის.

მადრიდის "ატლეტიკო" შინ ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლებს, ხოლო მესამე და მეორე ადგილზე მყოფი "სევილია" და "ესპანიოლი" ერთმანეთს "სანჩეს პისხუანზე" დაუპირისპირდებიან...

"ბარსელონას" მთავარი სიახლე ლიონელ მესის უკავშირდება, ის მილანშიც კი გაჰყვა გუნდს, თუმცა "ინტერთან" განაცხადში არ ყოფილა. მესის თამაში კი შეუძლია, მაგრამ, არა გვგონია, ერნესტო ვალვერდემ გარისკოს. მით უფრო, რომ ამის შემდეგ სანაკრებო პაუზა იწყება, რომელიც ლეოს
არ ეხება.

მოკლედ, არგენტინელს "ატლეტიკოსთან" თამაშში უნდა ველოდოთ, მანამდე კი ერთხელაც "ბარსა" ფონს მის გარეშე უნდა გავიდეს. თუ მესი გამოჯანმრთელდა, გუნდის მეორე ლიდერი ფილიპე კოუტინიო დაიმტვრა, მან ტრავმა მილანში მიიღო და 2-3 კვირა მკურნალობა მოუწევს. ასე რომ, კოუტინიო არ იქნება "ბეტისთან". ამ ორის გარდა სევილიელებთან თამაშში გამორიცხულია სერხი სამპერის, სამუელ უმტიტისა და თომას ვერმალენის თამაშიც. "ბეტისს" შესაძლოა, გარსია, გერერო და ლორენი დააკლდნენ.

ვალვერდე 4-4-2 ტაქტიკაზე შეაჩერებს არჩევანს, შეტევაში კი ლუის სუარესს უსმან დემბელე შეუწყვილდება. სწორედ სუარესმა უნდა იკისროს გუნდში ლიდერობა, რაც ბოლო დროს მას კარგად გამოსდის. სხვათა შორის, "ბარსას" ვარჯიში დემბელემაც გამოტოვა, მომნელებელი სისტემის პრობლემის გამო, თუმცა ის, ალბათ, "ბეტისთან" კვირას თამაშს შეძლებს. იმ შემთხვევაში, თუ დემბელე ვერ ითამაშებს, მალკომი მოედანზე იწევს. მან "ინტერთან" გამოიჩინა თავი და ახლაც სურს დაამტკიცოს, რომ მეტი შეუძლია.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - ს. რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - ლ. სუარესი, დემბელე.

"რეალის" "ახალი ცოცხი", სანტი სოლარი კარგად გვის - მის ხელში გუნდს იოლი კალენდარი კი ჰქონდა, მაგრამ შედეგიც საუკეთესოა. ვიგოში სოლარის ახალი იარაღი - ვინისიუს ჟუნიორი - ჩაჰყავს, რომელიც თამაშში კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება. ვარჯიშზე გუნდს შეუერთდა დანი კარვახალი. მარჯვენა მცველი ვიგოელებთან მაინც არ იქნება, მარსელომ და რაფაელ ვარანმაც დაიწყეს ვარჯიში. მოკლედ, სოლარის მხოლოდ კარგი სიახელეები აქვს გუნდში. ვარჯიში განაახლა მარიანო დიასმაც, თუმცა ის ჯერ მზად არ უნდა იყოს, ვალიეხო კი ისევ ლაზარეთშია.

რეალი (სავარაუდო): კურტუა - ოდრიოზოლა, ნაჩო, სერხიო რამოსი, რეგილონი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ისკო.

ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური
შაბათი, 10 ნოემბერი
ვალიადოლიდი-ეიბარი 16:00
ხეტაფე-ვალენსია 19:15
ატლეტიკო-ბილბაო 21:30
ჟირონა-ლეგანესი 23:45

კვირა, 11 ნოემბერი
ალავესი-უესკა 15:00
ბარსელონა-ბეტისი 19:15
რაიო ვალეკანო-ვილიარეალი 21:30
სევილია-ესპანიოლი 21:30
სელტა-რეალი 23:45


ბომბარდირები: 9 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - იაგო ასპასი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ანდრე სილვა (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული