საზაფხულო შოპინგის მოლოდინში - "რეალში" 5 პოზიციის გამაგრება სურთ

AutoSharing Option
ფოტო: marca.com

"ვინ შეიძლება გააძლიეროს "რეალი" - ამ სათაურით მასალას მადრიდული "მარკა" აქვეყნებს.
გამოცემის მტკიცებით, სამ ძირითად ტურნირზე განცდილი ფიასკოს შემდეგ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ მომავალზე ფიქრი დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, უკვე ცნობილია პოზიციები, რომელთა გაძლიერებასაც ზინედინ ზიდანი ითხოვს. ეს არის ცენტრალური მცველი (ედერ მილიტაოს ყიდვის მიუხედავად), მარცხენა მცველი, ორი ცენტრალური ნახევარმცველი და თავდამსხმელი.

"დადგა დრო, როდესაც "ბერნაბეუზე" უნდა დაფიქრდნენ - ვინ შეიძლება გააძლიეროს "რეალი"?

ცენტრალური მცველი
მილიტაოს გაფორმების შემდეგ "რეალი" კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს ეძებს. ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიო "აიაქსის" 19 წლის კაპიტანზე,
მატიას დე ლიხტზე საუბრობს, თუმცა მის მიმართ ინტერესს "ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკოც" იჩენენ. სხვა ვარიანტებს შორის არიან მილანის "ინტერის" მცველი მილან შკრინიარი, "შტუტგარტის" 18 წლის თურქი ფეხბურთელი ოზან კაბაკი და "ნაპოლის" დაცვის ბურჯი კალიდუ კულიბალი.

მარცხენა მცველი
ამ პოზიციაზე ფავორიტად არც ერთი კანდიდატი არ მიიჩნევა, ვინაიდან კლუბმა შესაძლოა ფსონი კვლავ მარსელოსა და რეგილონზე გააკეთოს. მედიაში ხშირად იწერება მარკოს ალონსოს შესახებ, თუმცა მას სანაკრებო დონეზე თამაშის გამოცდილება აკლია. ხოსე გაია ("ვალენსია") და ალექს გრიმალდო ("ბენფიკა") ესპანელები არიან და მათი თამაშის სტილი "რეალისას" ემთხვევა. საერთაშორისო ბაზარზე არსებობს დავიდ ალაბას ("ბაიერნი"), ალექს ტელესის ("პორტო") და ალექს სანდროს ("იუვენტუსი") კანდიდატურები.

ორი ცენტრალური ნახევარმცველი
ამ შემთხვევაში საუბარია ერთ ჩამშლელ და ერთ შემტევ ნახევარმცველზე. არაერთხელ თქმულა და დაწერილა "რეალის" ინტერესზე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ("ლაციო") და ტიაგო ალკანტარას ("ბაიერნი) მიმართ, თუმცა არსებობს სხვა ვარიანტებიც - მირალემ პიანიჩი "იუვენტუსში" კიდევ უფრო გაძლიერდა, პოლ პოგბა კი "გალაქტიკოსის" დონის ტრანსფერი იქნებოდა. უცნობია "ჩელსიში" განათხოვრებული მატეო კოვაჩიჩის მომავალიც.

შემტევ ნახევარმცველებს შორის "რეალს" კრისტიან ერიქსენს ("ტოტენჰემი") და ედენ აზარს ("ჩელსი") უკავშირებენ. უცნობია, დარჩება თუ არა მიუნხენში ხამეს როდრიგესიც. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის დაკვირვება ნიკოლო ზანიოლოსა ("რომა") და კაი ჰავერცზე ("ლევერკუზენი") მიმდინარეობს, ესპანურ ვარიანტებს შორის პაბლო სარაბია ("სევილია") და სუსო ("მილანი") მოიაზრებიან. არაა გამორიცხული ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერიც, რომელმაც "ბერნაბეუზე" "რეალი" დაადუმა.

თავდამსხმელი
ეს კი ის პოზიციაა, რომლისთვის ზაფხულში "რეალს" სერიოზული თანხის გაღება მოუწევს. ჰარი კეინი ("ტოტენჰემი") , კილიან მბაპე ("პსჟ"), ნეიმარი ("პსჟ") - პირველი დონის კანდიდატები არიან. მეორე ნაკადში განიხილებიან მაურო იკარდი ("ინტერი") და პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("არსენალი"). ხანგრძლივ პერსპექტივაში ფსონი შეიძლება ლუკა იოვიჩზეც ("აინტრახტი") გაკეთდეს. დიდი მნიშვნელობა იმასაც ექნება, თუ ვინ დატოვებს კლუბს ზაფხულში, თუმცა "ცხრიანის" პოზიციაზე რომ "რეალი" გაძლიერებას საჭიროებს, ამაში ყველა თანხმდება", - წერს ესპანური გამოცემა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ჩამოთვლილ პოზიციაზე "მარკა" მკითხველებს გამოკითხვას სთავაზობს. ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, ცენტრალური მცველის პოზიციაზე მკითხველები უპირატესობას დე ლიხტს (68%) ანიჭებენ, მარცხენა მცველის პოზიციაზე - მარკოს ალონსოს (38%), ჩამშლელად - პოლ პოგბას (37%), შემტევ ნახევარმცველად - ედენ აზარს (71%), ცენტრფორვარდად კი - კილიან მბაპეს (81%).

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე გაკოტრდებოდნენ ერთი, რომ 20-25 წელი ვერ გაიმართონ წელში, ხამები.
ფუჰ
03:37 20-03-2019
6
მბაპე აზარი ძალიან მინდა მაგრამ წელს მბაპე არ გადავა არც ნეიმარი აზარი მგონია უკვე რეალშია...
აკაკი
16:11 19-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული