ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...

AutoSharing Option
"მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
თანაზრდილი – თანაშეზრდილი, თანატოლი.

ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!
ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად
ზრახვა – განზრახვა, ფიქრი.

სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:
“ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვო შენი საშვენი!"


ეს ნაწყვეტია ნიკოლოზ ბარათაშვილის "ხმა იდუმალისადან". დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ფეხბურთი თითქოს თავის დანიშნულებას მართლაც ვერ პოულობდა და ეს ყველას გვაწუხებდა. თითქოს ვეძიეთ და საშველიც გამოჩნდა. საშველია ის, რომ ელიტაში ვითამაშეთ. საშველია ის, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევაში სერიოზული კონკურენცია გვაქვს.
ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, ეს ამბავი განგრძობით პოზიტივად როგორ ვაქციოთ. მიღწეულით ტკბობას თავისი დრო აქვს და შემდეგ ყოველდღიურად მის გაჯანსაღებას უნდა ეცადო...

Sportall.Ge

ჩვენ კი ვამაყობთ 1981 წლის ტრიუმფით, მაგრამ თანამედროვე სამყაროში საფეხბურთო წარმატებასთან ნაკლებად ვასოცირდებოდით, სპორტის ეს სახეობა კი ყველაზე პოპულარულია. ამ საქმეს საფუძველი ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა "შემოჭრამ" ჩაუყარა. ვისაც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წერილი წაუკითხავს, ამას ზუსტად შეიგრძნობს. ახლა საქართველოს ნაკრებმა შეძლო და მილიონობით გულშემატკივარს თავი სწორად გააცნო. რას მივაწეროთ ეს? მათ ხომ არც ჩემპიონობა უზეიმიათ და არც ყველაზე ლამაზი ფეხბურთი უთამაშიათ. ალბათ ჟინს, მათ გაცისკროვნებულ თვალებს, მოწადინებას, როცა გინდა, სამშობლო ასახელო!..

ძალიან სასიამოვნოა, როცა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში დადიხარ, შენს ენას, მაისურის ფერს, ბეიჯზე დაწერილ გვარს ან მაისურზე ამობეჭდილ კვარაცხელიას იცნობენ და გაბადრული სახით გესაუბრებიან. ასე გჩუქნის ბერძენი, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, წყალს; ასე გეკითხებოდა ჟურნალ-გაზეთების გამყიდველი, ქართველი ხომ არ ხარ და შემდეგ საკუთარ თავსაც გაცნობს, მეზობელი სომხეთიდან ვარო... აი, რა შეგვიძლია და რა შეუძლია ფეხბურთს.

სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. საქართველოს ნაკრებს ახლა თავისი ხელწერა აქვს, მისი ფეხბურთელების ძლიერ მხარეებზე აწყობილი, თუმცა ელიტაში რაც უფრო მეტნი ვითამაშებთ, ჩვენი ტაქტიკაც გამრავალფეროვანდება. მაინც ბავშვთა ფეხბურთი უნდა ვახსენოთ. სპორტის ამ სახეობის პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზრდება, არჩევანი უფრო დიდი იქნება. ნიჭიერ ბავშვებს უნდა გავუფრთხილდეთ!.. ეს, ყველაფერთან ერთად, პრაგმატული გათვლაცაა, ხვალ ეს ამბავი მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. არ შეიძლება ფინანსური პრობლემების გამო პერსპექტივას ხელი ვკრათ. არ შეიძლება უფრო მეტი არ ვიმუშაოთ დაფარული ნიჭის აღმოსაჩენად. არ შეიძლება პატარა ასაკში ბავშვს რაღაც დავაკლოთ, რაც ასახვას მომავალში ჰპოვებს...

Sportall.Ge

ევროპის ახლახან დასრულებულ ჩემპიონატს რომ დავუბრუნდეთ, ტენდენციების შესაფასებლად დრო საკმაოდ გვაქვს. ახლა უნდა გავიხაროთ იმით, რომ გიორგი მიქაუტაძე თანაბომბარდირი გახდა. ცხოვრება ამიტომაცაა საინტერესო - ქართველი ფორვარდი ჯერ "ლიონში" სათანადოდ არ დააფასეს, ცოტა ხნის წინ "აიაქსში" რაღაც გაურკვევლობაში მოახვედრეს, მაგრამ მიქაუტაძემ  თავისი სიტყვა თქვა. მან ეს ნაკრებშიც მოახერხა, არადა, რთულად იწყებდა, ტაქტიკაზე მორგება გაუჭირდა, იყო ენობრივი ბარიერებიც და გვსმენია, პირველ ეტაპზე, გუნდში კომუნიკაციას ყურსასმენებში მუსიკის მოსმენა რომ ერჩივნა. ეს ყველაფერი ასე იდეალურად რომ მოგვარდა, მისი, გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. ცხოვრება მართლაც საინტერესოა, როცა სანაკრებო დებიუტი 33 წლის ასაკში გექნება (გიორგი გველესიანი) და უცებ ყველა მედიასაშუალების სასურველი სტუმარი ხდები, სიამოვნებთ შენი ანალიზის მოსმენა...

ასეთი მაგალითები ბევრია. დღეს ვინმეს განსაკუთრებით გამოყოფა ჩვენი მიზანი სულაც არაა. ამ გუნდის ერთიანობა მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჩანს. ახლა მთავარია, ყველას გვახსოვდეს, მიღწეული კიდევ უფრო მეტ სურვილს აჩენს და ამ ზღვა ემოციას შესაბამისი გაგრძელება სჭირდება!..

ისე კი, კარგია, როცა საუკეთესო გუნდი იმარჯვებს. ესპანეთის ნაკრებმა ყველაზე რთული მეტოქეები დაამარცხა და სრულყოფილ ფეხბურთს თამაშობდა - ცენტრიდან, ფლანგებიდან, შეტევაში თუ დაცვაში. ლამინე იამალმა ნიკო უილიამსთან ერთად ლამაზი ისტორია დაწერა და ისინი მხოლოდ ახლა იწყებენ. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში, გაცილებით მარტივ ბადეში ვხვდებოდით, ახლა კი თამამად ვამბობთ, რომ მერვედფინალში, რაც შეგვეძლო, გავუძალიანდით ასე მონსტრად ქცეულ ესპანეთის ნაკრებს. სასურველი არაა, როცა პატარა რაღაცებით ამაყობენ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ს უფრო მეტი შესძინა, ვიდრე მომავალ ჩემპიონთან მარცხია.

Sportall.Ge

იამალის ამბავმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 16-17 წლის ასაკში უკვე შესაძლებელია, ფიზიკურ-მენტალურად სრულად ჩამოყალიბებული იყო. რა თქმა უნდა, პელეს ისტორია გვაქვს, თუმცა თანამედროვე, ახალი გამოწვევებით სავსე სამყაროში კიდევ უფრო დასაფასებელია ასეთი სპორტული რეჟიმის ადრეულ ასაკშივე დაცვა. აი, რაც გვაქვს სასწავლი, ეს უნდა ვისწავლოთ. სანაკრები მწვრთნელს რამდენიმე დღეში ყველა საკითხის მოგვარება არ შეუძლია, ესეც უნდა ვიცოდეთ.

ევრო 2024 ის იყო, რაც ასე გვჭირდებოდა. ცუდი მაგალითები არ განიხილება, ამან მხოლოდ უკეთესი მომავალი უნდა მოგვცეს!..

altესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]

altჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - როგორ მოვექცეთ ჟურნალისტებს?!

altსაქართველოს ნაკრები ახალი მიზნებით! ევროს შემდეგ პირველად - ჩეხეთთან "მიხეილ მესხზე"...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ოთხივე თამაშში გუნდი მეორე ნომრად თამაშობდა, ფეხბურთელებს არ შეუძლიათ ბურთის ხანგრძლივი კონტროლი და შეტევის მომზადება ძლიერ გუნდებთან, რაც ჩვენი ფეხბურთელების დაბალ ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებაზე მიუთითებს. მარტო დაცვაში ჩაჯდომა და მეკარის და კონტრშეტევების იმედად ყოფნას დიდი შედეგები არ მოაქვს. შეიძლება ერთ თამაშში გაისროლო, მაგრამ ასე შორს ვერ წახვალ. დანიამ 1992 წელს და საბერძნეთმა 2004-ში მართალია სწორედ დაცვითი ფეხბურთის წყალობით მოიპოვეს ევროჩემპიონობა, მაგრამ დანიას გაცილებით მაღალი კლასის შემსრულებლები ყავდა იმასთან შედარებით, რაც ჩვენ დღეს გვყავს, საბერძნეთი კი დიდი ფიზიკო-ტაქტიკური განსწავლულობით გამოირჩეოდა. მესმის, გულშემატკივრის ეიფორიის, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მაქსიმუმი აჩვენა ამ რესურსით, დანარჩენზე კი სპეციალისტები იმსჯელებენ.
სტალინი
11:35 16-07-2024
0
იყო დრო, ევროპის ჩემპიონატებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც იყვნენ მოწინავე პოზიციებზე: სსრკ, ჩეხოსლოვააკია ევროპის ჩემპიონებიც იყვნენ და იუგოსლავიასთან ერთად ფინალშიც არაერთხელ გასულან. ბოლოს ევრო ფინალში ჩეხეთი იყო 1996 წელს, 2004 და 2008 წლებში კი იმავე ჩეხეთის და რუსეთის ნახევარფინალში გასვლა უფრო ინერცია იყო. საბერძნეთის და თურქეთის წარმატებები პირობითად შეიძლება მივაწეროთ აღმოსავლეთ ევროპას. ისინი ყოველთვის კაპიტალისტურ საფეხბურთო მეურნეობას მიეკუთვნებოდნენ და თავიდან მათი მაჩანჩალებიც იყვნენ. ყველაფერი მომდინარეობს ბოსმანის (არაფრით გამორჩეული ფეხბურთელის) ავადნახსენები შემთხვევიდან, რომელმაც საქმე მოიგო 90-იან წლებში და ეს პირდაპირ კავშირში იყო ევროკავშირის შექმნასთან. ამ სასამართლო პროცესის შემდეგ ფეხბურთელებმა მიიღეს უფლება თავისუფლად გადასულიყვნენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში და ამას მოჰყვა ძლიერი ფეხბურთელების გადინება აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთის უმდიდრეს კლუბებში. ამ საქმემ დასავლეთ ევროპის პატარა ქვეყნებიც და ზოგადად სამხრეთ ამერიკის ფეხბურთიც კი დააზიანა. ევროკავშირის შექმნის შემდეგ ამსტერდამის აიაქსი და ბრიუსელის ანდერლეხტი აღარ არიან სუპერკლუბები. ბოლო დროს ცოტას თუ ახსოვს ტყავის ბურთის ოსტატების გამარჯვებები ბრაზილიიდან და არგენტინიდან ევროპულ გიგანტებზე(განსაკუთრებით კლუბების). ეს უფრო მეტად ეხება ყოფილი სოციალისტური ბანაკის კლუბებს, ფეხბურთი პრაქტიკულად მხოლოდ 5 ძირითად ევროპულ ქვეყანაშია მაღალ დონეზე: ესპანეთი, იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ისინი ევროკავშირის შექმნის შემდეგ მონოპოლისტებად იქცნენ და დანარჩენები მათ წარმატებებს ხელს უწყობენ. ამიტომ, აღმოსავლელებისთვის შეუძლებელია იმ წარმატებების მიღწევა, რაც იყო წარსულში.
სტალინი
11:34 16-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული